Facebook Twitter

ბს-12-11(კს-10) 5 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.09წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 27.03.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. გ-იას მიმართ, რომლითაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 17328,96 ლარის, ზიანის სახით 4188,81 ლარის და პირგასამტეხლოს 17328,96 ლარის 0,2%-ის ყოველდღიურად გადახდის დაკისრება მოითხოვა 2006 წლის 25 აგვისტოდან ზემოაღნიშნული თანხის გადახდამდე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ლ. გ-იამ 01.07.05წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.09.06წ. ¹2054 ბრძანებით მოპასუხე ლ. გ-ია 14.08.06წ. დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.06.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. გ-იას დაეკისრა 17328 ლარისა და 96 თეთრის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს 0,2%-ის გადახდა ყოველდღიურად 2006 წლის 25 აგვისტოდან თანხის საბოლოო გადახდამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზიანის სახით ლ. გ-იასათვის 4188,81 ლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.06.09წ. გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების სახით 4188,81 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თავდაცვის მინისტრის 08.09.06წ. ¹2054 ბრძანებით ლ. გ-ია დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. თავდაცვის მინისტრის 20.03.09წ. ¹1169 ბრძანებით ლ. გ-ია კვლავ დაინიშნა შეიარაღებული ძალების რიგებში ახალი კონტრაქტის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების XVI თავის (06.04.09წ. ცვლილებებითა და დამატებებით) მე-2 პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში. ამავე თავის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა მისივე ინიციატივით მხარეთა შეთანხმებით ან/და კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის, პირგასამტეხლოს და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის, სამხედრო მოსამსახურეზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლაზე დახარჯული თანხის საკომპენსაციო თანხის გადახდის ვალდებულება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან ლ. გ-ია დაბრუნდა და მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო რიგებში სააპელაციო პალატის მოსაზრებით იგი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დავის საგნის არარსებობის გამო საქმეზე ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის ¹609 – ბრძანებულების მე-16 თავს. ამ ბრძანებულების მიხედვით, მოპასუხის მიმართ საქმის წარმოება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში აღნიშნული ბრძანებულება არ ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდირე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორი შეფასება მისცა მე-16 თავს, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ. გ-იამ 01.07.05წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.09.06წ. ¹2054 ბრძანებით მოპასუხე ლ. გ-ია იმავე წილის 14 აგვისტოდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. 27.03.09წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ლ. გ-იასათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს თანხებთან ერთად ზიანის სახით მის მომზადებაზე დახარჯული თანხის 4188,81 ლარის დაკისრება მოითხოვა. აღნიშნული თანხის მოთხოვნის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.09წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვები იყო მხოლოდ ჯარიმის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის და არა ზიანის ანაზღაურების ნაწილში. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში” საქართველოს პრეზიდენტის 06.04.09წ. ბრძანებულებით შეტანილი დამატების _ XVI თავის მე-2 პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში. საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20.03.09წ. ¹1169 ბრძანებით დასტურდება, რომ ლ. გ-ია კვლავ დაინიშნა შეიარაღებული ძალების რიგებში ახალი კონტრაქტის საფუძველზე (ს.ფ. 122). საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 27.03.09წ. სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხა _ 4188,81 ლარი წარმოადგენს ლ. გ-იას მომზადებაზე დახარჯულ თანხას, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არის საქართველოს პრეზიდენტის ხსენებული დებულების XVI თავის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან დებულების მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ თავის მე-2 პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ დებულების XVII თავის (გარდამავალი დებულებანი) პირველი პუნქტის თანახმად XVI თავის მოქმედება (გარდა პირველი პუნქტისა) ვრცელდება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე წარმოქმნილ ფინანსურ ვალდებულებებზე, ხოლო საქმეზე დადგენილია, რომ ლ. გ-იამ კონტრაქტი 01.07.05წ. გააფორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.09წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.09წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.