ბს-1216-1178(კს-08) 26 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ც-ძის უფლებამონაცვლე _ ნ. ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 18 თებერვალს გ. ც-ძემ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 2008 წლის 27 დეკემბრის ¹143 მიწერილობის, 2008 წლის 7 თებერვლის ¹2 დადგენილებისა და 2008 წლის 3 მარტის ¹17 აქტის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-6).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 97-101).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ც-ძემ და მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 105-113).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 374-ე მუხლებით, დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 აგვისტოს განჩინება ჩაბარდა 2008 წლის 29 აგვისტოს. აპელანტის მიერ 2008 წლის 5 სექტემბერს ფოსტის მეშვეობით გადაიგზავნა განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბაჟის ქვითრის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2008 წლის 5 სექტემბერს, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა კი ამოიწურა 2008 წლის 3 სექტემბერს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რაც საჩივრის განუხივლელად დატოვების საფუძველია (იხ. ს.ფ. 126-127).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ც-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მას ჩაბარდა არა 2009 წლის 29 აგვისტოს, არამედ 2009 წლის 2 სექტემბერს, რაც დასტურდება გზავნილის კონვერტზე არსებული ჩანაწერით, რის შესაბამისად, მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა ხარვეზი (იხ. ს.ფ. 132).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ. ც-ძის კერძო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო, საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ს.ფ. 159-162).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის განჩინებით გ. ც-ძის წარმოამდგენლის – ნ. ნ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე კერძო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა და გ. ც-ძის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგინდა მისი მეუღლე – ნ. ნ-ძე (იხ. ს.ფ. 192-196).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ც-ძის უფლებამონაცვლის _ ნ. ნ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია.
საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 აგვისტოს განჩინების ასლი გ. ც-ძეს გაეგზავნა 2008 წლის 26 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, განჩინება ჩაბარდა მის მეუღლეს – ნ. ნ-ძეს 2008 წლის 29 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 121). შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა იწურებოდა 2008 წლის 3 სექტემბერს. ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადება და თანდართული მასალა საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 2008 წლის 5 სექტემბერს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით. ასევე სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა საბანკო დაწესებულებაში 2008 წლის 5 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 124-125), რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, გ. ც-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 აგვისტოს განჩინება ჩაბარდა არა 2008 წლის 29 აგვისტოს, არამედ 2 სექტემბერს. აღნიშნულის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან შპს “...” მეშვეობით გასაგზავნი გზავნილების 2008 წლის 1 სექტემბრის ¹2 რეესტრის ასლი, რომლის თანახმად, გ. ც-ძის სახელზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2008 წლის 25 აგვისტოს განჩინება (საქმეზე ¹3/ბ-599) გაიგზავნა 2009 წლის 1 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 154). აღნიშნული ასევე დასტურდება გ. ც-ძის წარმომადგენლის _ ნ. ნ-ძის განცხადების პასუხად მოსამართლის თანაშემწის მიერ 2008 წლის 25 ნოემბერს გაცემული მიმართვით (იხ. ს.ფ. 153).
ამდენად, წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 აგვისტოს განჩინების 2008 წლის 1 სექტემბერს გაგზავნის ფაქტი, რაც გამორიცხავს აპელანტისათვის განჩინების 2008 წლის 1 სექტემბრამდე ჩაბარების ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა – აწ გარდაცვლილმა გ. ც-ძემ ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2008 წლის 25 აგვისტოს _ განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, გ. ც-ძის უფლებამონაცვლის _ ნ. ნ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ც-ძის უფლებამონაცვლის _ ნ. ნ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.