კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1231-1197(კს-10) 8 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ხ-ძისა და გ. ხ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.10წ. განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.10წ. განჩინებით აპელანტების გ. და გ. ხ-ძეების სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, რომელიც ეგზავნებოდა ორივე აპელანტს 21.07.10 წელს ჩაიბარა გ. ხ-ძემ სასამართლოში, რაც დადასტურებულია ხელმოწერით (ს.ფ. 108). საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორები არიან ოჯახის წევრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის განჩინების გასაჩივრების ვადა იწყება გ. ხ-ძისათვის განჩინების ჩაბარების დღიდან (21.07.10 წ.). კერძო საჩივარი წარმოდგენილია 05.08.10 წ. ე.ი., კანონით დადგენილი 12 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. და გ. ხ-ძეების კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.