Facebook Twitter

ბს-1233-1199(კს-10) 7 დეკემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.Gგ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე ( მოპასუხე) – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი – სარჩელის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - ქობულეთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის რაიონული გამგეობის 2004 წლის 27 ნოემბრის ¹108 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და ბავშვის მოვლისათვის 3 წლით უფასო შვებულების გაფორმება (ს.ფ. 1-7).

მოპასუხეს – ქობულეთის რაიონულ გამგეობას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 ნოემბრის ¹108 ბრძანება; მოსარჩელე ნ. გ-ძე აღდგენილ იქნა ქობულეთის რაიონის გამგეობის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განყოფილებაში და მიეცა უფასო შვებულება ბავშვის მოვლისათვის 3 წლამდე (იხ. ს.ფ. 27-31).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 44-52).

ნ. გ-ძემ შესაგებლით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც არ ცნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (იხ. ს.ფ. 62-69).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება და ნ. გ-ძის სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

ნ. გ-ძე მუშაობდა რა ქობულეთის რაიონის გამგეობის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების მთავარ სპეციალისტად, იგი იყო საჯარო მოხელე და მის მიმართ ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ძემ ქობულეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 ნოემბრის ¹108 ბრძანება ჩაიბარა 2004 წლის 9 დეკემბერს, ხოლო სარჩელი ქობულეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2005 წლის 14 იანვარს, რითაც დაარღვია ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 103-109).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2002 წლიდან მუშაობდა ქობულეთის რაიონის გამგეობის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განყოფილებაში. 2004 წლის 1 მარტს გავიდა დეკრეტულ შვებულებაში, რის შემდეგაც აიღო კუთვნილი უფასო შვებულება სამი წლის ვადით. შვებულებაში ყოფნის დროს 2004 წლის 27 ნოემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის გამოც მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და გაუქმდა ქობულეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 ნოემბრის ბრძანება და აღდგენილ იქნა სამუშაოზე. ამავე გადაწყვეტილებით მიეცა უფასო დეკრეტული შვებულება სამი წლის ვადით.

სამსახურში აღდგენის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ქობულეთის რაიონის გამგეობას, მაგრამ უშედეგოდ. 2010 წლის 16 აპრილს განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების გამო სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, მაგრამ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 24 აპრილს გაუგებარი მიზეზით სააღსრულებო ფურცლის ნაცვლად ჩააბარა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც მას უკვე მიღებული ჰქონდა 2005 წელს. როგორც შემდგომ გაირკვა იგივე გადაწყვეტილება ხელმეორედ ჩაბარდა ქობულეთის გამგეობასაც, რამაც საშუალება მისცა გამგეობას კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული 2005 წლიდან.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს არაკორექტული ქმედებით ხელმეორედ იქნა გადაწყვეტილება მხარისათვის გადაგზავნილი, რაც მოპასუხე მხარემ გამოიყენა და სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ ჰქონდა ვადის გასვლის გამო. ვინაიდან, დასაბუთებული გადაწყვეტილება მას ჩაჰბარდა 2005 წელს, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. რითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 266-ე მუხლი, 364-ე მუხლი, 369-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და 374-ე მუხლი, ვინაიდან, საქმის მასალებში არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარეს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2005 წელს და რის გამოც სააპელაციო სასამართლოს საქმე განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 ნოემბრის ბრძანება ნ. გ-ძეს ჩაჰბარდა 2004 წლის 9 დეკემბერს, სარჩელი კი წარადგინა 2005 წლის 14 იანვარს, რითაც გაუშვა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან, 2005 წელს ჯერ კიდევ არ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი სარჩელის ფორმა და სასამართლოში სარჩელის შეტანა შესაძლებელი იყო ჩვეულებრივი განცხადების ფორმით (სასარჩელო განცხადება). როდესაც 2004 წლის 9 დეკემბერს ჩაიბარა ქობულეთის რაიონის გამგეობის ბრძანება ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით ერთი თვის ვადაში, სადაც აღნიშნა, რომ სასამართლოს დამატებით ინფორმაციას და მტკიცებულებებს მიაწვდიდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ვერ ასწრებდა მტკიცებულებების შეგროვებას. დამატებით 2005 წლის 14 იანვარს სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები და განცხადება. სწორედ ამის გამო ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო სარჩელი წარმოებაში, თუმცა ამ გარემოების დადგენამდე, პირველ რიგში დასადგენია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რის გარეშეც სხვა გარემოებებზე დავა და განხილვა შეუძლებელი იქნება (იხ. ს.ფ. 121-124).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრით განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, დასაბუთებულია კერძო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები საპროცესო დარღვევების შესახებ, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის აღძვრა არის დარღვეული ან სადავო უფლების სასამართლო გზით დაცვის საპროცესო საშუალება. ყოველ პირს აქვს უფლება საჯარო ხელისუფლებისაგან უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს უფლების დაცვისათვის სასამართლოში მიმართვის ფორმას – სასარჩელო განცხადების სახით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სასამართლო სასარჩელო განცხადების შემოსვლიდან ხუთი დღის განმავლობაში ამოწმებს მის შესაბამისობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებთან და გამოაქვს განჩინება სარჩელის მიღების შესახებ. თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილია სსსკ-ის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და მოსარჩელს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად, ხოლო თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ.

სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიაზე ამოწმებს სარჩელის დასაშვებობის საკითხს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ნ. გ-ძეს ქობულეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 ნოემბრის ¹108 ბრძანება ჩაჰბარდა 2004 წლის 9 დეკემბერს, ხოლო სარჩელი კი სასამართლოში წარადგინა 2005 წლის 14 იანვარს, რითაც გაუშვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების ვადა, რის გამოც ნ. გ-ძის სარჩელზე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-25 მუხლების საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ნ. გ-ძეს ქობულეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 27 ნოემბრის ¹103 ბრძანება ჩაჰბარდა 2004 წლის 9 დეკემბერს, მან კი სასამართლოს განცხადებით მიმართა 2005 წლის 6 იანვარს (ს.ფ. 1) ანუ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების 1-თვიანი ვადის დაცვით, რის შემდეგაც სასამართლო ვალდებული იყო აღნიშნული განცხადების შემოსვლიდან ხუთი დღის განმავლობაში შეემოწმებინა მისი შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებთან და გამოეტანა განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე და მოსარჩელისათვის დაენიშნა ვადა მის შესავსებად, ხოლო თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, რასაც ქობულეთის რაიონული სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ქობულეთის რიონულმა სასამართლომ საპროცესო რეაგირების გარეშე დატოვა ნ. გ-ძის მიერ სასამართლოში 2004 წლის 6 იანვარს შეტანილი განცხადება და მოსარჩელემ როცა 2005 წლის 14 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, 2005 წლის 14 იანვრის განჩინებით წარმოებაში მიიღო ნ. გ-ძის სარჩელი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ-ძის მიერ დარღვეული არ ყოფილა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების 1-თვიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის საპროცესო უფლებების არაკვალიფიციური რეალიზაციის პირობებში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს საპროცესო ვალდებულებას -მიუთითოს მხარეს არასრულყოფილი საპროცესო დოკუმენტების წარდგენის თაობაზე და მისცეს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად წინააღმდეგ შემთხვევაში, იგნორირებული იქნება ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული ძირითადი უფლება – სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე, რაც უპირველესად მოიცავს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას. პირის მიერ საპროცესო უფლებებისა და ვალდებულებების არაკომპეტენტური გაგება სამართალწარმოების საწყის სტადიაზე არ შეიძლება გახდეს მისი უფლებების დაცვის დამაბრკოლებელი გარემოება.

განსახილველ შემთხვევაში, ნ. გ-ძეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეთითა განცხადების არასრულყოფილად წარდგენის თაობაზე, არ მიეცა საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად და სწორედ ამ სასამართლოს მიერ საპროცესო მოვალეობის სათანადოდ არშესრულება სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ, სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა, მეტიც, მოსარჩელის საპროცესო უფლების – სარჩელის აღძვრა – რეალიზაციის თარიღად მიიჩნია არა თავდაპირველი განცხადების (თუნდაც არაკვალიფიციური საპროცესო ფორმით), არამედ სარჩელის შეტანის თარიღი, რაც სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი გახდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმის გარემოებები და სადავო სამართალურთიერთობისათვის კანონის სწორი გამოყენება - განმარტების საფუძველზე საქმეზე უნდა დაადგინოს კანონიერი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოტივები დასაბუთებულია და ექვემდებარება გაზიარებას, გასაჩივრებული განჩინება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განჩინება სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

3. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.