კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1243-1209(კს-10) 14 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. გ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 29 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1243-1209(კს-10), ი. გ-ძის კერძო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი. ასევე კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.2 მუხლის მოთხოვნას, კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ. ს.ფ. 116-118/.
ხარვეზის შევსების მიზნით 2010 წლის 28 ოქტომბერს ი. გ-ძემ მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ არის პენსიონერი, უმიწო, უსახლკარო (იხ. ს.ფ. 125-126).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ უკანასკნელს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო განჩინების გამოტანამდე და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით დასაბუთებული კერძო საჩივრის ორი ასლითურთ წარმოსადგენად /იხ. ს.ფ. 128-131/.
ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მომართა ი. გ-ძემ 2010 წლის 7 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 138-140).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. გ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ი. გ-ძეს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაგრძელებულ იქნა 7 დღით 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით.
საქმის მასალების თანახმად, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორს ი. გ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 19 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 134), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7-დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 26 ნოემბერს, ხარვეზის შევსების მიზნით კი საფოსტო განყოფილებაში დოკუმენტები შეიტანა 2010 წლის 3 დეკემბერს, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7-დღიანი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე არსებული შტამპით (იხ. ს.ფ. 140).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. გ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396.3, 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.