Facebook Twitter
ბს-1244-1210(კს-10)

ბს-1244-1210(კს-10) 27 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

დავის საგანი _ სარჩელის გამოხმობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 18 აგვისტოს ა. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 ივლისს ¹12/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ა. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით ა. დ-ძის სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე.

2010 წლის 7 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. დ-ძემ, რომელმაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით ა. დ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ა. დ-ძეს 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.

2010 წლის 13 ივლისს ა. დ-ძემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე გამოიხმო სარჩელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით ა. დ-ძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება; ა. დ-ძის სარჩელი, მოპასუხის _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, გაეხმო სარჩელი ისე, რომ უარი არ ეთქვა თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვები იყო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვები იყო მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ იყო თანახმა, სასამართლოს უნდა განეხილა და გადაეწყვიტა საქმე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი (მოსარჩელე) მხარე სააპელაციო ინსტანციის მიერ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე იხმობდა სარჩელს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარი არ იყო მიღებული წარმოებაში ვერ დააბრკოლებდა მხარის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე საქმის წარმოების ამ სტადიაზეც უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამასთან, საააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებდა მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოჰქონდა განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, ხოლო სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. დ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმება, მის მიერ საქალაქო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის უკან დაბრუნება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მის მიერ ზედმეტად გადახდილმა სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ შეადგინა _ 100 ლარი, რაც მოიცავდა მის მიერ სარჩელზე და კერძო საჩივარზე გადახდილ 50-50 ლარს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის მიერ საქალაქო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარით აღემატებოდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ზ” პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, ვინაიდან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა _ განცხადებაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით 50 ლარს შეადგენდა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მას უსაფუძვლოდ უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე მის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძველი გახდა, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის შესაძლებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ა. დ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. დ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, ხოლო სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 13 ივლისს ა. დ-ძემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე გამოიხმო სარჩელი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით ა. დ-ძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება; ა. დ-ძის სარჩელი, მოპასუხის _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ დარჩა განუხილველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მოთხოვნებს.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება სასამართლო განჩინებით მხარისათვის სარჩელის წარდგენის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თავადვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელის წარდგენის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ საქალაქო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარით აღემატებოდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ზ” პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 ივლისს ¹12/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ზ” პუნქტს, აღნიშნული პუნქტი ვრცელდება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. დ-ძის მიერ როგორც სარჩელზე (100 ლარი), ისე კერძო საჩივარზე (50 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სარჩელის გამოხმობის დროს სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს უბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მოსარჩელის მიერ საქალაქო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. დ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 831-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.