Facebook Twitter

ბს-1252-1196 (კს-09) 11 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ო. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები _ ნ. ლ-ავა, მ. ლ-ავა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ო. ს-შვილის სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ო. ს-შვილმა და ი. ხ-ოვმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ვადა მის გამოსასწორებლად. სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ი. ხ-ოვს უნდა ეცნობებინა სასამართლოსთვის, თუ რა შემხებლობაში იყო გასაჩივრებული განჩინება მის ინტერესებთან და რა უფლება შეეზღუდა მას განჩინებით, ასევე ო. ს-შვილს და ი. ხ-ოვს უნდა წარედგინათ თითოეულის მიერ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კერძო საჩივრისა და მასზე თანდართული დოკუმენტების იმ რაოდენობის ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში. 2009 წლის 11 მაისს ო. ს-შვილმა და ი. ხ-ოვმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და წარადგინეს მხოლოდ კერძო საჩივრის ასლები საქმეში მონაწილე მხარეთათვის. 2009 წლის 18 მაისის განჩინებით ო. ს-შვილისა და ი. ხ-ოვის კერძო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველად. 2009 წლის 27 მაისს ო. ს-შვილმა და ი. ხ-ოვმა მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით 2009 წლის 18 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ 2009 წლის 18 მაისის განჩინებაში აღნიშნული გარემოებები ეწინააღმდეგებოდა 2009 წლის 27 აპრილის ხარვეზის განჩინებას. ამასთან, ისინი არ ყოფილან მიწვეულნი კერძო საჩივრის დასაშვებობის განხილვაში, რის გამოც მოითხოვეს სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული მხოლოდ ო. ს-შვილის განცხადება, ხოლო ი. ხ-ოვის განცხადება დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებით ო. ს-შვილის განცხადება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ო. ს-შვილის წარმომადგენელმა _ ნ. გ-ძემ ვერ დაასაბუთა განცხადებაში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობა. ამასთან, 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით, ო. ს-შვილსა და ი. ხ-ოვს, კერძო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი თითოეულის მიერ 50 ლარის ოდენობით. ასევე ი. ხ-ოვს უნდა მიეთითებინა, თუ რა შემხებლობაში იყო გასაჩივრებული განჩინება მის ინტერესებთან.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს სასამართლოს მისთვის 2009 წლის 18 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზები არ დაუდგენია. პალატამ მიუთითა ხარვეზის განჩინების დანომვრაზე, რითაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ განჩინება შედგებოდა სამი გვერდისაგან. 2009 წლის 27 აპრილის განჩინების ¹2 ფურცელზე დაფიქსირებული იყო განჩინების სრული მოტივაცია, სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ნაწილი, სადაც მითითებული იყო, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა ხარვეზი უნდა გამოასწორონ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. კერძო საჩივრის ავტორთა მიერ, სასამართლოში სწორედ აღნიშნულ ვადაში იქნა წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლითაც არასრულად იქნა გამოსწორებული ხარვეზი და ამასთან არც შუამდგომლობით მოუმართავთ დანარჩენი ხარვეზების შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ო. ს-შვილის წარმომადგენლის _ ნ. გ-ძის განმარტება იმის თაობაზე, რომ მის მარწმუნებელს არ ჩაბარებია განჩინება სრული სახით. განმეორებით გაგზავნის შემდეგ, ხარვეზის განჩინება ო. ს-შვილს ჩაბარდა 2009 წლის 8 მაისს, რაც დადასტურებულია დედის – ტ. ს-ოვას ხელმოწერით (ს.ფ. 383). როგორც მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, ო. ს-შვილმა მას გადასცა ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება, რომლის საფუძველზედაც ნ. გ-ძემ შეადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.

სააპელაციო პალატამ განმცხადებლის მიერ წარდგენილი 2009 წლის 27 აპრილის განჩინების ასლზე მითითებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ განჩინება იყო სამგვერდიანი. ასევე ასლის მიხედვით არ ხდებოდა აზრობრივი გადასვლა პირველიდან მესამე გვერდზე და სარეზოლუციო ნაწილით არ იყო მითითებული ხარვეზის შევსების ვადა, რომელიც დაცულ იქნა კერძო საჩივრის ავტორთა მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების შეტანისას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარის წარმომადგენელი არის განათლებით იურისტი, პროფესიით _ ადვოკატი, რაც დასტურდებოდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობით, სიითი ... ნომრით. თუნდაც მარწმუნებელს მისთვის გადაეცა განჩინება არასრული სახით (ფურცელი ¹1 და ფურცელი ¹3), მას შეეძლო კანცელარიის მეშვეობით გაცნობოდა საქმის მასალებს და მოეთხოვა 2009 წლის 27 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი. მას მარწმუნებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა წარმომადგენლობით უფლებამოსილება სასამართლოში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე მას გააჩნდა საპროცესო უფლებები, ასევე მოვალეობები. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარის აქტიურ მონაწილეობას პროცესში, რის უზრუნველსაყოფადაც ანიჭებს მხარეს საპროცესო უფლებებს.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ო. ს-შვილმა და ი. ხ-ოვმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ო. ს-შვილთან 2009 წლის 1 მაისს გაგზავნილი სასამართლო გზავნილის მიხედვით მას გაეგზავნა განჩინება ორ გვერდად. სასამართლო 2009 წლის 16 ივლისის განჩინებაში მიუთითებს, რომ განმეორებით გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა ო. ს-შვილის დედას _ ტ. ს-ოვას მაშინ, როდესაც სასამართლო არ მიუთითებს როდის გაიგზავნა პირველი განჩინება და ვის ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლოში განცხადების განხილვისას აღმოჩნდა, რომ ო. ს-შვილთან გაგზავნილი განჩინების ასლი და საქმეში არსებული განჩინება იყო სხვადასხვა. ასევე საქმეში განთავსებულია სხვა გზავნილი.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარის წარმომადგენელს უნდა შეემოწმებინა გაგზავნილი განჩინების ასლისა და საქმეში არსებული განჩინების იდენტურობა, რის შემდეგაც უნდა შეევსო ხარვეზი. სასამართლო თავად იყო ვალდებული შეემოწმებინა გზავნილის სისწორე, ამასთან, თუ განჩინება იყო სამგვერდიანი, იგი მხარეს უნდა გაგზავნოდა ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. მათ კი ჩაბარდათ დაულუქავი ბეჭედდასმული განჩინება მხოლოდ ორგვერდზე, რაც სასამართლო გზავნილითაც დასტურდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ო. ს-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე, ხოლო ი. ხ-ოვის ნაწილში კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ო. ს-შვილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების შემოწმებას, მოხდა თუ არა საქმის განხილვა მხარის მოწვევის გარეშე, რითიც შეიზღუდა მისი უფლება, მოეხდინა საკუთარი საპროცესო უფლებების სრული რეალიზება. განსახილველ შემთხვევაში, მხარე თვლის, რომ მისთვის ხარვეზის განჩინების ასლის არასრულყოფილი სახით გაგზავნით შეიზღუდა საქმეში მისი მონაწილეობის უფლება. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს საქმის იმ მასალების ანალიზს, რომლის საფუძველზე მიღებული განჩინების ბათილობასაც განმცხადებელი ითხოვს.

საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განჩინება გაუგზავნა კერძო საჩივრის ავტორებს _ ო. ს-შვილსა და ი. ხ-ოვს, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდათ სასამართლო გზავნილი. მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინება მას ჩაბარდა არასრული სახით 2 გვერდად, მას და მის ინტერესების დამცველ ადვოკატს არ გააჩნდათ ვალდებულება მოეძიათ განჩინების სრულყოფილი ასლი, რის გამოც ჩაბარებული ეგზემპლარის მიხედვით მოახდინეს ხარვეზის შევსება 2009 წლის 11 მაისის განცხადებით, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი (მიმართვა) ო. ს-შვილის სახელზე, სადაც ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინების ასლის გვერდების რაოდენობად მითითებულია 2 გვერდი. აღნიშნულ დოკუმენტს მტკიცებულების ძალა ვერ მიენიჭება, ვინაიდან იგი წარმოდგენილია ქსეროასლის სახით. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარზე თანდართულია ასევე სააპელაციო პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინების პირველი და მესამე გვერდები ასლების სახით. აღნიშნული განჩინების ასლის პირველი გვერდი, რომლის ნუმერაცია არის 1-ლი, შედგება განჩინების შესავალი ნაწილისა და აღწერილობითი ნაწილის სამი აბზაცისაგან, სადაც მითითებულია მხოლოდ ის, რომ სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად და მის ავტორებს უნდა მისცემოდათ ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად რიგი გარემოებების გამო. აღნიშნული გარემოებები არც პირველ გვერდზე და მხარის მიერ წარმოდგენილი განჩინების ასლის არც მეორე გვერდზე, რომელიც დანომვრით წარმოადგენს განჩინების მესამე გვერდს, მითითებული არ არის. ამ უკანასკნელზე მითითებულია მხოლოდ არასრულად განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და მოსამართლის ხელმოწერა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ასლის მიხედვით არ ხდებოდა აზრობრივი გადასვლა პირველიდან მესამე გვერდზე და ასევე მითითებული არ იყო ხარვეზის შევსების ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენელი ეს არის პირი, რომელიც მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ასრულებს სასამართლოში ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. მხარის წარმომადგენელს სათანადო მინდობილობის საფუძველზე ენიჭება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული მხარის უფლება-მოვალეობანი, რაც გულისხმობს მარწმუნებელთან შეთანხმებულ, კოორდინირებულ და აქტიურ მონაწილეობას საქმისწარმოების პროცესში.

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის შესაბამის ეტაპზე მხარის მონაწილეობა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოსწორებისათვის, უზრუნველყოფილ იქნა. თუნდაც განჩინების დედნიდან ასლის გადაღებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გამო მხარეს, ნაცვლად განჩინების ასლის სამი გვერდისა გაეგზავნოდა ორი გვერდი, რაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, მხარის წარმომადგენელს, რომელიც განათლებით არის იურისტი (ადვოკატი) და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის შესახებ განჩინების შინაარსი, ჰქონდა როგორც უფლებამოსილება მიეღო განჩინების ასლი სრული სახით, ასევე მხარის მიერ გამოცხადებული ნდობის ფარგლებში გააჩნდა ვალდებულება უზრუნველეყო მხარის უფლებების ეფექტური დაცვა სწორი საპროცესო მოქმედებების განხორციელებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია მხარეებისათვის, თავიანთი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების ასლების გადაეცემა არა უგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან. საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენისას შემდგომი საპროცესო მოქმედებების განხორციელების მიზნით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს განჩინების სრულყოფილი ასლის გადაცემა.

კერძო საჩივრის ავტორი მართალია, სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შესახებ 2009 წლის 27 აპრილის განჩინება ჩაბარდა ამავე წლის 9 მაისს, აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებაში არ არის მითითებული თუ როდის გაეგზავნათ მათ 2009 წლის 27 აპრილის განჩინება პირველად. საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესახებ 2009 წლის 27 აპრილის განჩინების ასლი სააპელაციო პალატის მიერ მხარეს პირველად გაეგზავნა 2009 წლის 1 მაისს, რაც ადრესატს ვერ ჩაბარდა გზავნილში მითითებულ მისამართზე (... ქ. 9) და ჩაუბარებელი სახით დაუბრუნდა სასამართლოს. ის გარემოება, რომ აღნიშნული გზავნილი გაიგზავნა მისამართზე _ ... ქ. 9, დადასტურებულია საქმის პირველ ტომში არსებული გზავნილებით, საფოსტო კონვერტებითა და გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებით (შპს “სკს”). საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ... ქ. ¹9-ში გზავნილის ჩაუბარებლობის გამო სააპელაციო პალატამ ხარვეზის განჩინება განმეორებით გააგზავნა 2009 წლის 7 მაისს, მისამართზე _ ... ქ. ¹45-ში, რაც ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორების დედას _ ტ. ს-ოვას 2009 წლის 8 მაისს მითითებულ მისამართზე. ამდენად, კერძო საჩივრის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინება არ შეიცავს მითითებას თუ ვის გაეგზავნა პირველად გზავნილები, გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისათვის არსებით გარემოებას, ამასთან, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებით სწორად იქნა დადგენილი, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამავე პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ს-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.