Facebook Twitter

ბს-1253-1217 (კს-10) 22 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ა. ა-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.10 წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

16.07.09წ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ა. ა-ძის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით – 17939,6 ლარის, ზიანის _ 3668,89 ლარისა და პირგასამტეხლოს 2006 წლის 15 სექტემბრიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე ყოველდღიურად _ 17939,6 ლარის 0,2%-ის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.09 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.10 წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.09 წ. გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.10 წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 14.06.10 წ. განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.10 წ. ¹ბს-43-42 (კს-10) განჩინებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა 18.05.10 წ., განიმარტა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვება სსსკ-ის 275.2 მუხლის საფუძველზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეგნებულად მიუთითებს სარჩელში მოპასუხის არასწორ მისამართს ან თუ მოსარჩელე არ შეეცდება მოიძიოს ცნობები მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ და გამოიყენებს მის ხელთარსებულ ყველა საშუალებას მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობების დადგენისათვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა მოპასუხის მისამართის არასწორად მითითების ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.10 წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება ეფუძნება არა ახლად აღმოჩენილი მატერიალური მტკიცებულებიდან გამომდინარე დასადგენ გარემოებას, არამედ ახლად გამოვლენილ კანონის მართებული განმარტების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორი განმარტების ფაქტი მოგვიანებით დადასტურდა უზენაესი სასამართლოს მიერ კანონის განმარტებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.03.10 წ. ¹ბს-43-42 (კს-10) განჩინება არ წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქმის წარმოების განახლებისათვის სავალდებულოა განმცხადებლის მხრიდან წარმოდგენილი იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძველი. მხარე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს საკასაციო პალატის განჩინებაში ასახული ნორმის განმარტებას, რომელსაც მიიჩნევს ახლად გამოვლენილ კანონის მართებულ განმარტებად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.10 წ. განჩინებით სსსკ-ის 275.2 მუხლის ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა, კანონმდებლობის ნორმის ინტერპრეტაცია თავისთავად არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება თავისი არსით არ წარმოადგენს სამართლის წყაროს, 10.03.10 წ. განჩინება ავლენს საკასაციო პალატის კონკრეტული საპროცესო ნორმის შინაარსის გაგებას. საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტა არ ითვალისწინებს ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის გადამოწმებას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესით საქმის გაუქმების შესაძლებლობას, საკასაციო პალატის მიერ ნორმის განმარტების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება გამოიწვევდა გადაწყვეტილებების გადასინჯვის პროცესუალური კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი სახეობის შემოღებას. საქმის წარმოების საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ განმცხადებლისათვის უცნობი იყო ნორმის იმგვარი განმარტება, რაც მოცემულია საკასაციო სასამართლოს განჩინებაში. აღნიშნული საპროცესო ნორმა საქმის განხილვის დროს მოქმედებდა, იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო განმცხადებლისათვის. ამდენად, სხვა დავაზე მიღებული განჩინებით სსსკ-ის 275.2 მუხლის ზემდგომი სასამართლოს მიერ განმარტება არ წარმოადგენს მოცემულ დავაზე ახალ ფაქტობრივ გარემოებას ან მტკიცებულებას, რომლის წარდგენაც მხარეს თავის ბრალის გარეშე არ შეეძლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. აღნიშნული საპროცესო ნორმა იმავე რედაქციით არსებობდა მოცემული საქმის განხილვის დროისათვის, ნორმა და ნორმის განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ კანონის არასწორის განმარტების ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში წარადგინოს საჩივარი და მოითხოვოს იმ განჩინების (გადაწყვეტილების) გაუქმება, რომელსაც არ ეთანხმება, შესაბამისად, კერძო ან საკასაციო (სააპელაციო) საჩივრით. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.10წ. განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში გააჩნდა შესაძლებლობა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ედავა განჩინების კანონიერების, სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმის მართლზომიერი განმარტების საკითხზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საპროცესო კანონმდებლობოთ განსაზღვრული ვადის დარღვევით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.10 წ. ¹ბს-695-672 (კს-10) განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენა ან წარუდგენლობა მხარეს არ ანიჭებს შესაძლებლობას მოითხოვოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის ესა თუ ის ნორმა, ხოლო სწორი განმარტება მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეიცავდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების კანონისმიერ საფუძვლებს და შესაბამისად, განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.10წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.10 წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.