ბს-1256-1200(კს-09) 21 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ჩ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი _ ლ. ჩ-შვილი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 2 აპრილს მ. ჩ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 1991 წლის 27 ნოემბერს გარდაეცვალა მამა _ მ. ჩ-შვილი, ხოლო 2000 წლის 16 იანვარს ბებია _ ქ. ჩ-შვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ბოლნისში, ... ქ. ¹43/7-ში მდებარე ბინის კანონიერი მოსარგებლე იყო, რაც დასტურდებოდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერით.
მოსარჩელის განმარტებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2007 წლის 7 აგვისტოს გამოიცა ¹509 აქტი. აღნიშნული აქტის საფუძველზე ქ. ბოლნისში, ... ქ. ¹43/7-ში მდებარე არაპრივატიზებული ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ლ. ჩ-შვილს (მოსარჩელის მამიდას), რომელმაც განახორციელა ბინის პრივატიზაცია და ქონება სრულად აღრიცხა საჯარო რეესტრში თავის სახელზე.
მოსარჩელის მითითებით, 2007 წლის 7 აგვისტოს ისე ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის მიწვევა არ მომხდარა.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ¹509 ბრძანების, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულების, ასევე საჯარო რეესტრში ჩანაწერის ბათილად ცნობა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მოცემულ საქმეზე სარჩელის დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჩ-შვილის წარმომადგენელმა _ ლ. პ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა წარმომადგენელი _ ლ. პ-შვილი, რომლის წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთები საქმის მასალებში არ იყო, ხოლო აპელანტი მ. ჩ-შვილის ხელმოწერა შესრულებული იყო გაურკვევლად და არასახელმწიფო ენაზე. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში ასევე არ იყო წარმოდგენილი მ. ჩ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, გაცემული რ. კ-მსა და ლ. პ-შვილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლისა და ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და დაევალა აპელანტს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი _ სასამართლოში წარედგინა მ. ჩ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, გაცემული რ. კ-მსა და ლ. პ-შვილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლისა და ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ან/და წარმოედგინათ მ. ჩ-შვილის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით აპელანტ მ. ჩ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 15 დღით, ხოლო შემდეგ 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით მხარის შუამდგომლობის საფუძველზე კვლავ იქნა გაგრძელებული ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი აპელანტის მიერ არ იქნა შევსებული და არ იქნა წარმოდგენილი მ. ჩ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, გაცემული რ. კ-მსა და ლ. პ-შვილზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლისა და ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი მ. ჩ-შვილის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, რის გამოც მ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ჩ-შვილის წარმომადგენლებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ წარმომადგენელს უფლებას აძლევს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა, ხოლო წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
საქმის მასალებში წარმოდგენილია მ. ჩ-შვილის მიერ რ. კ-მის სახელზე გაცემული ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის თარგმანი (ტ.1, სფ. 28), რომლითაც რ. კ-მს, როგორც წარმომადგენელს, მიენიჭა უფლება, მონაწილეობა მიეღო მ. ჩ-შვილის საქმეზე ყველა ინსტანციის სასამართლოში და შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა იურიდიული ქმედება, რაც ასევე ითვალისწინებდა გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლებამოსილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ რ. კ-მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით დადგენილი წესით რწმუნებულება გაფორმდა ადვოკატ ლ. პ-შვილზე (ტ.1 სფ. 29).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მართალია, ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლი ითვალისწინებს უცხოეთის იმ ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციას, რომლებიც შედგენილია საკონსულო ოლქის ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, მაგრამ ამავე მუხლის შესაბამისად, საქართველოს დაწესებულებები უცხოეთის ასეთ დოკუმენტებსა და აქტებს განსახილველად იღებენ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ლეგალიზებულია საკონსულო დაწესებულებების მიერ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის მონაწილეც არის საქართველოს რესპუბლიკა და ადგილსამყოფელი სახელმწიფო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 11 აპრილის დადგენილებით საქართველო შეუერთდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის ,,კონვენციას, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას’’. აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს წარმოადგენს გერმანიის ფედერაცია, სადაც იმყოფება მ. ჩ-შვილი.
აღნიშნული კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, იგი ვრცელდება ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც შესრულებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და წარდგენილი უნდა იყოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ლეგალიზაციისაგან ათავისუფლებს დოკუმენტებს, რომლებზეც ვრცელდება მოცემული კონვენცია და რომელიც წარდგენილი უნდა იყოს მის ტერიტორიაზე.
კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, ოფიციალურ დოკუმენტებად მიჩნეულია ნოტარიალური აქტები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილა მ. ჩ-შვილის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-98-ე მუხლებით დადგენილი წესით გაფორმებული, ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, შედგენილი გერმანიის ქ. კილში, რომელიც ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად, დამატებით ლეგალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებისათვის აღარ საჭიროებს.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მ. ჩ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, გაცემული რ. კ-მსა და ლ. პ-შვილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლისა და ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მოქმედება შეზღუდულია ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის პირველი მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რომელიც აუქმებს ნოტარიალურ აქტებზე უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების დიპლომატიური ან საკონსულო ლეგალიზაციის მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.