Facebook Twitter

ბს-1258-1222 (კს-10) 22 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ პ. ც-ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.10 წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 09.09.09 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ პ. ც-იას მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 23156.34 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 2499.24 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 6946.91 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პ. ც-ია შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის დღიდან იყო სამხედრო მოსამსახურე. მოპასუხე 2006 წლის 18 სექტემბრის ¹2104 ბრძანებით, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, 2006 წლის 10 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.10.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე _ პ. ც-იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის _ 23 156,34 ლარის, პირგასამტეხლოს _ 6946,91 ლარისა და სწავლებაზე გახარჯული თანხის _ 124,20 ლარის ანაზღაურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ზიანის სახით 2375,04 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.09 წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე _ პ. ც-იას მიმართ, ზიანის სახით თანხის _ 2375,04 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 14.06.10 წ. განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.10 წ. ¹ბს-43-42 (კს-10) განჩინებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა 18.05.10 წ., განიმარტა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვება სსსკ-ის 275.2 მუხლის საფუძველზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეგნებულად მიუთითებს სარჩელში მოპასუხის არასწორ მისამართს ან თუ მოსარჩელე არ შეეცდება მოიძიოს ცნობები მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ და გამოიყენებს მის ხელთარსებულ ყველა საშუალებას მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობების დადგენისათვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა მოპასუხის მისამართის არასწორად მითითების ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.10 წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება ეფუძნება არა ახლად აღმოჩენილი მატერიალური მტკიცებულებიდან გამომდინარე დასადგენ გარემოებას, არამედ ახლად გამოვლენილ კანონის მართებული განმარტების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორი განმარტების ფაქტი მოგვიანებით დადასტურდა უზენაესი სასამართლოს მიერ კანონის განმარტებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.03.10 წ. ¹ბს-43-42 (კს-10) განჩინება არ წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქმის წარმოების განახლებისათვის სავალდებულოა განმცხადებლის მხრიდან წარმოდგენილი იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძველი. მხარე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს საკასაციო სასამართლო განჩინებაში ასახული ნორმის განმარტებას, რომელსაც მიიჩნევს ახლად გამოვლენილ კანონის მართებულ განმარტებად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.10 წ. განჩინებით სსსკ-ის 275.2 მუხლის ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა, კანონმდებლობის ნორმის ინტერპრეტაცია თავისთავად არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება თავისი არსით არ წარმოადგენს სამართლის წყაროს, 10.03.10 წ. განჩინება ავლენს საკასაციო პალატის კონკრეტული საპროცესო ნორმის შინაარსის გაგებას. საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტა არ ითვალისწინებს ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის გადამოწმებას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესით საქმის გაუქმების შესაძლებლობას, საკასაციო პალატის მიერ ნორმის განმარტების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება გამოიწვევდა გადაწყვეტილებების გადასინჯვის პროცესუალური კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი სახეობის შემოღებას. საქმის წარმოების საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ განმცხადებლისათვის უცნობი იყო ნორმის იმგვარი განმარტება, რაც მოცემულია საკასაციო სასამართლოს განჩინებაში. აღნიშნული საპროცესო ნორმა საქმის განხილვის დროს მოქმედებდა, იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო განმცხადებლისათვის.

ამდენად, სხვა დავაზე მიღებული განჩინებით სსსკ-ის 275.2 მუხლის ზემდგომი სასამართლოს მიერ განმარტება არ წარმოადგენს მოცემულ დავაზე ახალ ფაქტობრივ გარემოებას ან მტკიცებულებას, რომლის წარდგენაც მხარეს თავის ბრალის გარეშე არ შეეძლო საქმის განხილვისას. აღნიშნული საპროცესო ნორმა იმავე რედაქციით არსებობდა მოცემული საქმის განხილვის დროისათვის, ნორმა და ნორმის განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად. თუ მხარე მიიჩნევდა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად გამოიყენა იგი, მას გააჩნდა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10 წ. განჩინება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტს 14.05.10 წ. ჩაბარდა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას თანერთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹ბს-43-42 (კს-10) გზავნილის ასლი, რომლთაც მხარე ადასტურებს განცხადების ერთთვიანი ვადის დაცვით წარდგენის ფაქტს. აღნიშნული გზავნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტს მიღებული აქვს 18.05.10 წ., ე.ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.10 წ. განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისათვის დადგენილ 12 დღიან ვადაში. ამდენად, თუ მხარისათვის მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹ბს-43-42 (კს-10) განჩინებით გახდა ცნობილი სსსკ-ის 275.2 მუხლის განმარტება, რომლის საფუძველზეც დადგებოდა მისთვის ხელსაყრელი შედეგი, მას უნდა გამოეყენებინა საპროცესო შესაძლებლობა და სადავო განჩინებაზე პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარედგინა კერძო საჩივარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეიცავდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების კანონისმიერ საფუძვლებს და მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.10 წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.10 წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.