Facebook Twitter

ბს-1276-1240(კს-10) 11 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ გ. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირი -- შპს “...”

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე გ. ც-ძის მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2007 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს _ 276 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება შპს “...”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. ც-ძეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 276 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ც-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ც-ძის სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ასევე დ. მ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობა, ვინაიდან საქმეში არსებული მინდობილობის ვადა, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში შეტანის დროისათვის გასული იყო და სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზად და გ. ც-ძეს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2010 წლის 18 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი.

2010 წლის 13 ივლისს გ. ც-ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს გ. ც-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

2010 წლის 29 ივლისს გ. ც-ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი გადავადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ც-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენდა უტყუარ მტკიცებულებებს, შეეძლო მთლიანად ან ნაწილობრივ გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს უნდა გამოეტანა მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეეძლო ერთი ან ორივე მხარისათვის გადაევადებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეემცირებინა მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენდა უტყუარ მტკიცებულებებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რის გამოც აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან გადავადების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2010 წლის 23 ივლისს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა 2010 წლის 30 ივნისს 24 საათზე ამოეწურა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა შევსებული, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ც-ძის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე შეღავათის დაწესების საკითხი მის მიერ მხოლოდ ერთხელ იქნა დაყენებული შუამდგომლობის სახით, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა (სამოტივაციო ნაწილით) და იმავდროულად სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლებაზე უარი და იმავდროულად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება უკანონო იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ც-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ც-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 440-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ასევე დ. მ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობა, ვინაიდან საქმეში არსებული მინდობილობის ვადა, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში შეტანის დროისათვის გასული იყო და სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზად და გ. ც-ძეს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2010 წლის 18 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინებით გ. ც-ძეს, მისი წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. 2010 წლის 29 ივლისს გ. ც-ძის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი გადავადება მოითხოვა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაანთავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უყუარ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის უპირობო გადავადების, შემცირების ან განთავისუფლების შესაძლებლობას, იგი ადგენს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე ან 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ მხარე, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაანთავისუფლოს ან გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მან სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო სასამართლო მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მხარის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე ან 48-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება ის დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა გ. ც-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან მისი გადავადების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა, რა პირობებშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და გაენთავისუფლებინა ან გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელების დროისათვის სააპელაციო სასამართლოს მისცემდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით, თუმცა ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსით 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ხსენებული მუხლის ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინების ასლი გაეგზავნა გ. ც-ძის წარმომადგენელს _ დ. მ-შვილს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ლ. ჯ-შვილს 2010 წლის 23 ივლისს (ტ. II, ს.ფ. 13).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინების ასლი გ. ც-ძის წარმომადგენელს 2010 წლის 23 ივლისს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2010 წლის 24 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა 2010 წლის 30 ივლისს 24 საათზე იწურებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, ვინაიდან აპელანტმა _ გ. ც-ძემ არ შეავსო ხარვეზი მითითებულ ვადაში, აღნიშნული წარმოადგენდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ც-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ც-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.