Facebook Twitter

ბს-1281-1245(კს-10) 2 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სს “...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 11 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – სს “...” მიმართ.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით სს “...”ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ 2004 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის 41 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; სს “...”ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 41 000 ლარის გადახდა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...”მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით სს “...”ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე.

2010 წლის 7 ივნისს სს “...”მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით სს “...”ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით სს “...”ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის ხარვეზის შესახებ და 2010 წლის 15 ივნისის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით, რაც დასტურდებოდა საფოსტო გზავნილებით, მაგრამ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “...”მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა სს “...”ს წლიური დეკლარაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას წლიური დეკლარაციის მიხედვით არ გააჩნდა მოგება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენდა, რითაც დასტურდებოდა სს “...”ს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სს “...”ს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს “...”ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებით სს “..”ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და სს “..”ის ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 7 ივნისს სს “...”მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით სს “...”-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით სს “...”ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსით 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინების ასლი გაეგზავნა სს “...”ის წარმომადგენელს _ ა. ხ-შვილს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ა. ხ-შვილს დედას 2010 წლის 21 ივნისს (ტ. II, ს.ფ. 19).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის განჩინების ასლი სს “...”ს 2010 წლის 21 ივნისს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2010 წლის 22 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადა 2010 წლის 25 ივნისს 24 საათზე იწურებოდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “...”მა გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივად კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმ ფაქტზე მითითებას, რომ სს “-”მა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა, რაც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაანთავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ხოლო იურიდიული პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიულ პირებთან მიმართებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება. ამასთან, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის უპირობო გადავადების ან შემცირების შესაძლებლობას, იგი ადგენს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, ვინაიდან აპელანტმა _ სს “...”მა არ შეავსო ხარვეზი მითითებულ ვადაში, აღნიშნული წარმოადგენდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “..”ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “...”ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.