ბს-128-122(კს-10) 2 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა_ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ დ. ქ-ვა;
დავის საგანი- საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება;
გასაჩივრებული განჩინება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 29 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე დ. ქ-ვას მიმართ და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგი თანხების გადახდის დაკისრება: ჯარიმის- 14000 ლარის; სანივთე დავალიანების- 391,42 ლარის; ზიანის - 10345,54 ლარის და პირგასამტეხლოს -14000 ლარის 0,2% ოდენობის ყოველთვიურად 2007 წლის 17 იანვრიდან აღნიშნული თანხების გადახდამდე (იხ. ს.ფ 2-16).
მოპასუხე დ. ქ-ვამ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას არ დაურღვევია 2005 წლის 15 მარტის თავდაცვის სამინისტროსთან დადებული კონტრაქტის 9.14 და 7.3 პუნქტები. შესაბამისად, მას არ შეუქმნია ისეთი პირობები, რაც თავდაცვის სამინისტროსათვის გახდებოდა კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი. მას ასევე არ გააჩნდა არანაირი სანივთე დავალიანება, რადგანაც მან ყველაფერი ჩააბარა და ეს ხელმოწერით დაადასტურა (იხ. ს.ფ 39-53).
2008 წლის 19 ივნისის განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგი თანხების გადახდა: ჯარიმის- 14000 ლარის; სანივთე დავალიანების- 391,42 ლარის; ზიანის სახით-10345,84 ლარის, პირგასამტეხლოს -14000 ლარის 0.2% ოდენობის თანხა ყოველდღიურად 2007 წლის 17 იანვრიდან მითითებული თანხების სრულ გადახდამდე (იხ. ს. ფ. 56-57).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე დ. ქ-ვას დაეკისრა ზიანის სახით 10345,84 ლარის, სანივთე დავალიანების 391,42 ლარის, ჯარიმის-14000 ლარის, სულ- 24737,26 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. პირგასამტეხლო 14000 ლარის 0.2%-ის ოდენობის ყოველდღიურად 2007 წლის 17 იანვრიდან მითითებული თანხების გადახდამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს. ფ 77-78).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 81-98).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი პირგასამტეხლოს გადახდის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში დაკმყოფილდა ნაწილობრივ; დ. ქ-ვას დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 14000 ლარის 0.2%-ის ოდენობით ყოველთვიურად 2008 წლის 5 მაისიდან ძირითადი თანხის გადახდამდე (იხ. ს.ფ. 123-130).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სააქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 140-150).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ს.ფ 184-195).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტზე, რომლის საფუძველზეც სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVI თავის მეორე პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება, თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში. ამავე ბრძანებულების XVI თავის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება ამ დებულების XVII თავის მეორე პუნქტის, ამ თავის მე-2 პუნქტის “ა.ბ” და “დ” ქვეპუნქტების, აგრეთვე ფინანსური პასუხისმგებლობის შემცირების მიზნებისათვის _ ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხის საკომპენასაციო თანხების გადახდის ვალდებულება. ამავე ბრძანებულების XVII თავის პირველი პუნქტის მიხედვით, XVI თავის (გარდა პირველი პუქნტისა), მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე წარმოქმნილ ფინანსურ ვალდებულებებზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით უდავოდაა დადასტურებული, რომ დ. ქ-ვასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 15 მარტს (იხ. ს.ფ 21-26). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 5 თებერვლის ¹298 ბრძანებით მოპასუხე დ. ქ-ვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2007 წლის 16 იანვრიდან (იხ. ს. ფ. 19).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დავით ქარდავას მიერ წარდგენილ სახმელეთო ჯარების სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 2009 წლის 11 დეკემბრის ¹3244 ცნობაზე, რომლითაც უდავოდ დადასტურებულია, რომ დ. ქ-ვასთან ხელმეორედ გაფორმდა კონტრაქტი და იგი ნამდვილად მსახურობს I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქ ქვეით ბატალიონში (იხ. ს.ფ 220).
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება (იხ.ს.ფ 232-237).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 272-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტი, ვინაიდან ამ ნორმის გამოყენებას არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების მეთექვსმეტე თავის მეორე პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტი.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულება წარმოადგენს კონტრაქტის დამრღვევთა წინააღმდეგ ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელ მატერიალურ ნორმას. აქედან გამომდინარე, ამ ნორმატიული აქტის მიხედვით საქმის წარმოების შეწყვეტა ფორმალურად შეუძლებელია სსსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამდენად ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებამ მხარე გაათავისუფლა ფინანსური ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს სსსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა1” ქვეპუნქტის მიხედვით (იხ.ს.ფ 242-243).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას ზემომითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეუფარდა სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად საპროცესო სამართლის ნორმა.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 272-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელმა გაითვალისწინა საქმის წარმოების გადაწყეტილების გამოტანის გარეშე შეწყვეტის საფუძვლები ანუ განსაზღვრა შემთხვევები, რომელთა არსებობის პირობებში საქმე არ ექვემდებარება არსებითად განხილვას სასამართლოს მიერ, ეს შეიძლება იყოს მხარეთა ნების გამოვლენა დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე /პუნქტი ბ), გ)/, სასამართლო იურისდიქცია /პუნქტი ა), ვ)/, მათ შორის, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად განსაზღვრულია “კანონით დადგენილი სხვა შემთხვევა”.
საკასაციო სასამართლო 2009 წლის 22 ოქტომბრის “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართვლოს კანონის 7.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებად.
სსსკ-ის 272-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის დანაწესი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის პროცესუალური საფუძვლები ა)-ვ) პუნქტები არ არის ამომწურავი და შესაძლებელია მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათის ნორმა შეიცავდეს კონკრეტულ სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტების აღმოფხვრის საფუძველს, რაც პროცესუალურ-სამართლებრივ კონტექსტში უნდა განაპირობებდეს სასამართლო დავის შეწყვეტას.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVII თავის პირველი პუნქტის მიხედვით, XVI თავის (გარდა პირველი პუნქტისა) მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებულ კონტრაქტების საფუძველზე წარმოქმნილ ფინანსურ ვალდებულებებზე. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ დ. ქ-ვას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულება დადებულია 2005 წლის 15 მარტს (იხ.ს.ფ 21-26). ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 5 თებერვლის ¹298 ბრძენებით მოპასუხე დ. ქ-ვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2007 წლის 16 იანვრიდან (იხ.ს.ფ. 19). ამდენად ზემოაღნიშნული ბრძანებულების სუბიექტს უდავოდ წარმოადგენს დ. ქ-ვა.
აღნიშნული ბრძანებულების XVI თავის მეორე პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება, თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დ. ქ-ვასთან ხელმეორედ კონტრაქტის გაფორმების გარემოება და რომ იგი ნამდვილად მსახურობს I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქ ქვეით ბატალიონში (იხ. ს.ფ. 220).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადენდა პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ზემოაღნიშნული ბრძანებულება კი პირდაპირ მიუთითებს პირგასამტეხლოს იმ ფინანსურ ვალდებულებებში, რომლის გადახდის ვალდებულებისაგანაც თავისუფლდება პირი თუ დაუბრუნდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურს. კერძოდ, XVI თავის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება ამ დებულების XVII თავის მეორე პუნქტის, ამ თავის მე-2 პუნქტის “ა.ბ” და “დ” ქვეპუნქტების, აგრეთვე ფინანსური პასუხისმგებლობის შემცირების მიზნებისათვის _ ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხის საკომპენასაციო თანხების გადახდის ვალდებულება.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მიხედვით წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, საქართველოს პრეზიდენტის ზემომითითებული ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVI თავის II პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს პირის კანონიერი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით განეკუთვნება სწორედ ზემოაღნიშნული - კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან პირის ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დადგენა გულისხმობს მისგან ასეთის მოთხოვნის დაუშვებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აეკრძალა მოსარჩელეს, გათავისუფლდა რა მოპასუხე ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან, მისი სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში.
საქართველოს პრეზიდენტის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგინდა ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულების შესრულების შეწყვეტა, რაც უდავოდ გამორიცხავს მიმდინარე სასამართლო დავის გაგრძელებას და სარჩელის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობაზე მსჯელობა-გადაწყვეტას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის მოტივს _ არასწორი საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო სსსკ-ის 272-ე მუხლის აI) პუნქტის (არ არსებობს დავის საგანი) საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს იმგვარ შემთხვევას, როცა დავის საგანი _ სარჩელის ობიექტი, აღარ არსებობს, განადგურდა გვარეობითი ნივთი, რამაც განაპირობა სადავო სამართალურთიერთობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს დავის საგანი _ სარჩელის ობიექტი _ პირგასამტეხლოს თანხა, მაგრამ კანონქვემდებარე აქტით დადგინდა ვალდებულების შეწყვეტა (პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება) და არა დავის საგნის მოსპობა.
ამდენად, კერძო საჩივრის მოტივი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მოქმედი მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე “ზ პუნქტის, 399-ე, 419-ე, 420-ე, 410ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.