Facebook Twitter

ბს-1308-1272(კს-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.10წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ბ-შვილმა 26.02.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც ქონების ნატურით გადაცემა ან მისი შესაბამისი თანხის გადახდა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 15.03.10წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე 3/8 განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.05.10წ. გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.10წ. განჩინებით ზ. ბ-შვილს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 20 (ოცი) დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზ. ბ-შვილმა 03.08.10წ. ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებით მიმარათა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.10წ. განჩინებით ზ. ბ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით და განემარტა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ბ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზ. ბ-შვილის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.10წ. განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს _ ზ. ბ-შვილს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არ გააჩნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.10წ. განჩინების გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა, რის გამოც მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 414-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.10წ. განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო, დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.