Facebook Twitter

ბს-1312-1276(კს-10) 1 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ე. წ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ აპელაციის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 22 თებერვალს მოსარჩელე ე. წ-ელმა, სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ე. წ-ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიერ ჭიათურის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე მდებარე 1,10 ჰექტარი ¹005 სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის ი. წ-ელზე გასხვისების ნაწილში 2008 წლის 25 ივლისის სააუქციონო კომისიის ¹3 ოქმი და მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2008 წლის 17 სექტემბრის ¹1864 ოქმი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-ელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ე. წ-ლის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა 2010 წლის 13 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტით გაგზავნილ იქნა 2010 წლის 30 აგვისტოს, ანუ კანონით დაგენილი 14 დღის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-ელმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, მის წარმომადგენელს ჩაბარდა 2010 წლის 14 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი კი გაგზავნილ იქნა სააპელაციო სასამართლოში 30 აგვისტოს, რადგან 28 და 29 აგვისტოს არასამუშაო დღეები იყო და ფოსტა ისვენებდა. მათი მხრიდან გადაწყვეტილებით განსაზღვრული საპროცესო ვადა (14 დღე) დაცულ იყო, რაც არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. ასევე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მიღება-ჩაბარების აქტს თავისი წარმომადგენლის ნაცვლად ხელი მოაწერა კურიერმა, რომელიც არც უწყების მეორე პირს, ასლს ინახავდა და არც რაიმე ჟურნალი გააჩნდა აღრიცხვის საწარმოებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ე. წ-ლის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. წ-ელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ე. წ-ლის წარმომადგენელს გ. ბ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 13 აგვისტოს (ს.ფ. 235). გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ე. წ-ლისათვის ამოიწურა 2010 წლის 27 აგვისტოს, 24 საათზე, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კი წარდგენილია 2010 წლის 30 აგვისტოს (ს.ფ. 8, ტ. II), სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, მის წარმომადგენელს ჩაბარდა 2010 წლის 14 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი გაგზავნილ იქნა სააპელაციო სასამართლოში 30 აგვისტოს, რადგან 28 და 29 აგვისტოს არასამუშაო დღეები იყო და ფოსტა ისვენებდა, რამდენადაც საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ე. წ-ლის წარმომადგენელს გ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 13 აგვისტოს. ამასთან, 2010 წლის 27 აგვისტო, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ბოლო დღე იყო სამუშაო დღე _ პარასკევი, შესაბამისად მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა სააპელაციო საჩივარი წარედგინა ფოსტისათვის, რაც არ შესრულებულა.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას, ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქალაქო სასამართლოს მიერ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ე. წ-ლის წარმომადგენელს გ. ბ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 13 აგვისტოს (ს.ფ. 235). გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ე. წ-ლისათვის ამოიწურა 2010 წლის 27 აგვისტოს, 24 საათზე, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კი წარდგენილია 2010 წლის 30 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით, სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. წ-ლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. წ-ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.