Facebook Twitter

ბს-1324-1288(კს-10) 10 ნოემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ლ-ძემ, მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხე მხარეს დაკისრებიდა მისთვის ოპერაციის ღირებულების გადაუხდელობის შედეგად, ჯანმრთელობის გაუარესებით მიყენებული მატერიალური ზიანის სახით 5000 ლარისა და მორალური ზიანის სახით 50000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების კანონით დადაგენილი ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

სასამართლომ, აგრეთვე, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება 2010 წლის 22 ივნისს, სარჩელში მითითებულ მისამართზე, ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად. სააპელაციო საჩივარი კი გ. ლ-ძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2010 წლის 21 ივლისს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

აღნიშნულ განჩინებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2010 წლის 6 აგვისტოს კერძო საჩივრით მომართა გ. ლ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

გ. ლ-ძე კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ჩაბარდა მის სიძეს, რომელიც მასთან არ ცხოვრობს და არ წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებით დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის დებულებანი, რომლის თანახმადაც, თუ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო უწყების ჩამბარებელმა ვერ ნახა ადრესატი, სასამართლო უწყება ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შესაძლებელია იგი ცუდ ურთიერთობაში ყოფილიყო საკუთარ სიძესთან, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ლ-ძის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ დარღვევებს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. აღსანიშნავია რომ, მითითებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ასლი აპელანტ – გ. ლ-ძეს გაეგზავნა 2010 წლის 15 ივნისს, მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ჩიხი 2, ბინა 4) და 2010 წლის 22 ივნისს ჩაბარდა _ ო. მ-იანს, მის სიძეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გზავნილების შესახებ შეტყობინების ბარათით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება - კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, მისი სიძისათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ითვლება გ. ლ-ძისათვის ჩაბარებად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მიცემა უშუალოდ მხარისათვის ან ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის, რომელიც ცხოვრობს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და რომელიც ხელმოწერით ადასტურებს სასამართლო უწყების ჩაბარებას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ლ-ძისათვის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 23 ივნისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასრულდა 2010 წლის 6 ივლისს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ლ-ძის მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეტანილ იქნა 2010 წლის 21 ივლისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მიერ დასმული ბეჭედით. აღნიშნული უდავოს ხდის იმ ფაქტს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ლ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ლ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.