Facebook Twitter

ბს-135-129 (კს-10) 15 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 16 აპრილს, სს “...” და შპს “...ის” წარმომადგენლებმა _ პ. კ-ძემ და კ. ბ-ძემ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სს “...სა” და შპს “...ის” წარმომადგენლებმა სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილების, ასევე მასში ცვლილებათა შეტანის თაობაზე 2009 წლის 7 მაისის ¹7/1, 2009 წლის 4 ივნისის ¹9/1 და 2009 წლის 10 ივნისის ¹10/1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “...სა” და შპს “...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის წესით გაასაჩივრა შპს “...მა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს “...ის” სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადების გაშვების გამო.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს “...ს” ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2009 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო მის წარმომადგენელს _ პ. კ-ძეს 2009 წლის 10 დეკემბერს. მხარისათვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2009 წლის 9 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივრი ფოსტას ჩაბარდა 2009 წლის 22 დეკემბერს. აღნიშნულით მხარემ გაუშვა სააპელაციო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად, არ დაიშვებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...მა”, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმება და შპს “...ის” სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სარჩელი წარდგენილია შპს “...ის” გენერალური დირექტორის მიერ გაცემული მინოდბილობის საფუძველზე. შესაბამისად, მარწმუნებელი, ე.ი. პროცესის მხარე იყო შპს “...ის” გენერალური დირექტორი. სემეკ-ის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებით შპს “...ში” დაინიშნა სპეციალური მმართველი, რომელიც აღიჭურვა გენერალური დირექტორის უფლებებით, მათ შორის, მესამე პირებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. ასევე 2009 წლის 10 ივნისის ¹10/1 გადაწყვეტილებით შპს-ს წესდებაში შეტანილი ცვლილებებით გენერალური დირექტორის უფლებამოსილებანი შემცირდა. სემეკ-მა სპეციალურ მმართველს მიანიჭა საზოგადოების მართვისა და წარმომადგენლობის შეუზღუდავი უფლება, რაც მოიცავს წესდებით განსაზღვრულ დირექტორატისა და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ფაქტობრივად აღსრულებულია. კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და შპს “...ის” წესდების შესაბამისად ფორმირებული მენეჯმენტი ჩამოცილებულია საზოგადოების ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, ხოლო პარტნიორთა კრებას ჩამორთმეული აქვს საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოს ფუნქცია. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სპეციალურ მმართველს ექვემდებარება შპს “...ის” ყველა სტრუქტურული ერთეული.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთი სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით შპს “...თვის” სასამართლო გზავნილი ჩაბარება ნიშნავს მის ჩაბარებას არა მხარის _ საზოგადოების გენერალური დირექტორის, არამედ სპეციალური მმართველისათვის, რომელიც წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანიშნულ და მისდამი ანგარიშვალდებულ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას გააჩნია გენერალური დირექტორისაგან განსხვავებული მატერიალური და საპროცესო ინტერესი. ამდენად, სპეციალურ მმართველს არ გააჩნდა რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების მატერიალური და საპროცესო ინტერესი, მისთვის სასამართლო აქტის ჩაბარება არ შეიძლება გაუთანაბრდეს მხარის _ შპს “...ის” გენერალური დირექტორისათვის მის ჩაბარებას და აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გასაჩივრების ვადის ათვლას.

კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოეხდინა შპს “...ის” გენერალური დირექტორის წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან _ 2009 წლის 10 დეკემბრიდან. აღნიშნული თარიღიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის წარდგენის მომენტისათვის გასული არ იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით შპს “...ის” წარმომადგენლის _ პ. კ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგენილ იქნა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის _ პ. კ-ძის მოსაზრებას, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ შპს “...თვის” გადაწყვეტილების ჩაბარება, არ შეიძლება მიჩნეულიყო მხარის _ შპს “...ის” გენერალური დირექტორისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებად მაშინ, როდესაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით საზოგადოების გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შემცირებული იყო და შპს-სათვის გზავნილის ჩაბარება არ მიიჩნეოდა შპს-ს გენერალური დირექტორის, მარწმუნებელი პირისათვის ჩაბარებად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს “...სა” და შპს “...ის” წარმომადგენლების მიერ გასაჩივრებულ იქნა სემეკ-ის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილება შპს “...ის” სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე. 2009 წლის 13 აპრილს გაცემული რწმუნებულებით დგინდება, რომ დ. ძ-ურმა სპს “...ის” სახელით, რომელსაც შპს “...სა” და სს “...გან” მიღებული ჰქონდა რწმუნებულება გადანდობის უფლებით, რწმუნებულება მიანიჭა პ. კ-ძეს, კ. ბ-ძესა და დ. მ-შვილს. რწმუნებულება გაიცა ვადით 2009 წლის 30 ივნისამდე. თავის მხრივ, შპს “...ის” სახელით შ. შ-აევმა 2009 წლის 26 მარტს გასცა რწმუნებულება სპს “...ის” სახელზე გადანდობის უფლებით (ტ. I, ს.ფ. 102-109). ამდენად, სარჩელი აღძრულ იქნა შპს-სა და სს-ს წარმომადგენლების მიერ, ხოლო მარწმუნებელი ორგანიზაციები წარმოდგენილი იყო გენერალური დირექტორების (დირექტორების) სახით. მოსარჩელეთა რწმუნებულების მიერ წარდგენილი დაზუსტებული სარჩელებით ასევე მოთხოვილ იქნა სემეკ-ის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე 2009 წლის 7 მაისის ¹7/1, 2009 წლის 4 ივნისის ¹9/1 და 2009 წლის 10 ივნისის ¹10/1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. წარმოდგენილი სარჩელითა და დაზუსტებული სარჩელებით მოსარჩელე მხარეს შპს “...ის” მისამართად მითითებული აქვს თბილისი, ... ქ. ¹18. ამასთან, დაზუსტებული სარჩელები წარდგენილია სემეკ-ის 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომლითაც შპს-ს სპეციალურ მმართველს მიენიჭა მართვისა და წარმომადგენლობის შეუზღუდავად განხორციელების უფლებამოსილება. წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელებში მხარეს მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ჰქონდა როგორც შპს-ს ასევე მისი წარმომადგენლების მისამართი, არ დაუყენებია შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რომ გზავნილი არ გაგზავნოდა შპს-ს იურიდიულ მისამართზე. საქმეში არ არსებობს მხარის რაიმე განცხადება, რომლითაც იგი სასამართლოს სთხოვდა, აღნიშნულ მისამართზე არ გაეგზავნა კორესპონდენცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ამდენად, მოსარჩელეს _ შპს “...ს” მიაჩნდა, რა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე შექმნილი იყო სპეციფიკური გარემოება და მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის ჩაბარებით სარჩელის წარმოებაზე დაინტერესებული პირის _ შპს-ს გენერალური დირექტორისათვის ვერ დადგებოდა ის საპროცესო შედეგი, რასაც ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნა, გააჩნდა ვალდებულება, შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს წინაშე დაყენებული შუამდგომლობით მოეთხოვა სასამართლოს მიერ კორესპონდენციის გაგზავნა მისთვის სასურველ მისამართზე. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ინფორმაციას შეიცავს მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი (ტ. II, ს.ფ. 190-201).

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი მხარეებს გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით. შპს “...ს” საქმეში მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ... ქ. ¹18-ში სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2009 წლის 26 ოქტომბერს, რაც დამოწმებულია შპს “...ის” შტამპით (ტ. II, ს.ფ. 189). სასამართლო გზავნილი ფოსტის მეშვეობით შპს “...ის” წარმომადგენელს, პ. კ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 12 დეკემბერს (ტ. II, ს.ფ. 188). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად კი, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიქტებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს-ს გენერალური დირექტორისათვის უფლებამოსილების შემცირებით სახეზე იყო სპეციფიკური გარემოება არ წარმოადგენს საფუძველს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს გზავნილი შპს “...თვის” გაგზავნილ იქნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო მანამდე არსებული მდგომარეობის რაიმე სახით შეცვლის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება, რაც შესაძლოა გათანაბრებულიყო მხარის მიერ მისამართის შეცვლასთან სწორედ პროცესის სუბიექტების _ მხარეების საპროცესო მოვალეობას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში მათ მიერ არ განხორციელებულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2009 წლის 26 ოქტომბრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს “...ს” სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება 2009 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “...ის” წარმომადგენლებმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2009 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14 _ დღიანი ვადის დარღვევით ჩააბარეს, რასაც საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ზედდებული ¹925264 (II ტ, ს.ფ. 203) ადასტურებს. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით მართებულად იქნა მიჩნეული, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “...ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.