ბს-1363-1302(კს-09) 7 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. დ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მესამე პირი – ...D
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.09წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-იანმა 26.11.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები არაერთხელ დააზუსტა და საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 19.10.07წ. ¹1-1/1601 ბრძანების, 22.11.07წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹45 ოქმის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 13.12.07წ. ¹1-1/1945 ბრძანებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი ¹480-ა მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა. მ. დ-იანმა დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მესამე პირად - ,,...” დაასახელა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.09წ. გადაწყვეტილებით მ. დ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.09წ. გადაწყვეტილება და მ. დ-იანის სარჩელზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მ. დ-იანს მონაწილეობა არ მიუღია 06.01.04წ. კონკურსსა და 22.11.07წ. აუქციონში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, რაც დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-იანმა, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.09წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე ქონების რეალიზაციით, შეილახა მისი ინტერესები, რადგან ვერ შეძლო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 02.12.03წ. ბრძანებით დადგენილი პირობების შესაბამისად მოეხდინა ... ქ. ¹1-ში მდებარე ობიექტის პრივატიზება. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს ქვედა ინსტაციების სასამართლოების მოსაზრებას, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 09.01.04წ. ბრძანებით სადავო ობიექტის კონკურსიდან მოხსნის თაობაზე და თვლის, რომ აუქციონი აღნიშნულ ქონებაზე უნდა ჩატარდეს 02.12.03წ. ბრძანებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 02.12.03წ. ბრძანება გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, რაც კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.05.06წ. განჩინებით. ამ ბრძანების საფუძველზე და დადგენილი პირობებით უნდა მომხდარიყო სადავო ობიექტის პრივატიზება, სადაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი და ბეს თანხა, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა ფართის პრივატიზების კანონიერი ინტერესი, მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება 02.12.03წ. ბრძანების მიმართ. 09.01.04წ. ბრძანებით კონკურსიდან მოხსნა არ ნიშნავს აუქციონის შედეგების გაუქმებას. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სამინისტრომ უხეშად შელახა მოსარჩელის ინტერესები და მოუსპო მას საშუალება 02.12.03წ. ბრძანებით დადგენილი პირობებით მოეხდინა სადავო ობიექტის პრივატიზება, 02.12.03წ. ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შემდეგ იყო შესაძლებელი აუქციონის ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემა. სადავო ქონება იყო მუნიციპალური დაქვემდებარების და მისი პრივატიზება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე იყო დელეგირებული, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული აქტები არ აყენებენ მოსარჩელეს პირდაპირ და უშუალო ზიანს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
დავის საგნის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობის მიზნით შეტანილი ჰქონდა განაცხადი და ბეს თანხა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 02.12.03წ. ¹1-4/311 ბრძანებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 265,93 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე პრივატიზების ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი. აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნდა 3-4.12.03წ. დეკემბრის გაზეთ ,,...”, სადაც მიეთითა, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო აცხადებდა კომერციულ კონკურსს უძრავ ნივთზე მდებარე – ... ქ. ¹1, აფთიაქი ¹40, რომელიც ჩატარდებოდა 06.01.04წ., 11 საათზე და მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღებოდა კონკურსის ჩატარების თარიღამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში ყოველდღე, თბილისში, ... ქ. ¹4-ში. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. დ-იანი მონაწილეობდა კონკურსში, შეტანილი ჰქონდა განაცხადი და ბეს თანხა, რის გამოც გააჩნდა კონკურსის დასრულების და ახალი კონკურსის მარეგულირებელი აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი. მ. დ-იანის კონკურსში მონაწილეობას და კონკურსში გამარჯვებას არ ადასტურებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 01.02.05წ. გადაწყვეტილება, საოლქო სასამართლოს 12.10.05წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.05.06წ. განჩინება. ხსენებული სასამართლო აქტებით აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრებს უარი ეთქვათ აფთიაქის კონკურსის ნაცვლად შპს-დ გარდაქმნის ფორმით პრივატიზებაზე, დირექტორის განთავისუფლებაზე, შპს-ის დირექტორად შრომითი კოლექტივის მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე. გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიას უნდა წარდგენოდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (განაცხადი, მყიდველის წინადადებები, ბეს გადახდის ქვითარი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით). საქმის მალასებით არ დასტურდება მ. დ-იანის კონკურსში მონაწილეობა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის სხდომის 06.01.04წ. ¹1 ოქმის თანახმად კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადი არ შესულა (ი.ხ. ტ.I, ს.ფ.216). გარდა ამისა, აღნიშნული გარემოება დასტურდება აგრეთვე ამავე სამმართველოს 31.01.08წ. ¹2-6/137 წერილიდან (ტ. I, ს.ფ. 115), ასევე 2003-2004 წლების საკონკურსო განაცხადების რეგისტრაციის ჟურნალებიდან, რომელთა მიხედვით კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადი არ შესულა. ამასთან, მ. უ-ძის, გ. ვ-შვილის, ზ. შ-შვილისა და ი. ბ-იას საქმეში დაცული განცხადებებით ირკვევა, რომ მ. დ-იანის პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული (ტ.I, ს.ფ. 218-221), რომლის წარდგენა ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კონკურსში მონაწილეობის სავალდებულო პირობას წარმოადგენდა. ამავე ნორმის თანახმად კონკურსის მონაწილის სხვა პირის სახელით მოქმედების შემთხვევაში, სავალდებულო იყო ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რაც საქმეში არ მოიპოვება. ამასთანავე, არ არსებობს აწ გარდაცვლილი დ. ხ-ავას კონკურსში მონაწილეობის განაცხადი. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმის მასალებში არ მოიპოვება 06.01.04წ. კონკურსში რომელიმე პირის მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება მ. დ-იანის კონკურსში მონაწილეობასა და განაცხადის შეტანის თაობაზე. ვინაიდან მ. დ-იანს არ წარუდგენია კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ის ვერ შეიძენდა 06.01.04წ. კონკურსის მონაწილის სტატუსს.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მომხდარიყო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კომერციული კონკურსის დანიშვნის თაობაზე 02.12.03წ. ბრძანების გაუქმება, ვინაიდან ამავე ბრძანებით დანიშნული კომერციული კონკურსის შედეგები, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 4.7 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 09.01.04წ. ¹1-4/7 ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 06.01.04წ. სხდომის ოქმით დადგენილი შედეგი და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 265,92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, აფთიაქი ¹40 მოიხსნა კონკურსიდან, რაც ადასტურებს კონკურსის არშემდგარად გამოცხადებას, ობიექტის კონკურსის ფორმით პრივატიზების პროცესის გაუქმებას და არ საჭიროებდა 02.12.03წ. ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, შესაბამისად არ არსებობდა უძრავ ქონებაზე აუქციონის გამოცხადების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება. აღნიშნული ბრძანება, რომლითაც საკონკურსო კომისიის შედეგები დამტკიცდა და ობიექტი კონკურსიდან მოიხსნა, არ გასაჩივრებულა და ძალაშია, შესაბამისად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას ხსენებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 19.10.07წ. ¹1-1/1601 ბრძანებით ამავე ობიექტზე გამოცხადდა აუქციონი, რის შესახებაც განცხადება 23.10.07წ. განთავსდა გაზეთ ,,მესაკუთრის” 37-ე ნომერში, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აცხადებს აუქციონს ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართსა და მასზე დამაგრებული მიწის წილობრივ ფართობზე; აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველებს განაცხადი უნდა შეეტანათ 2007 წლის 23 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდის ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში. მ. დ-იანს აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებას განაცხადი არ წარუდგენია. აუქციონი გაიმართა 22.11.07წ. და მასზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,...”. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 13.12.07წ. ¹1-1/1945 ბრძანებით გამარჯვებულს დაუდასტურდა საკუთრების უფლება და მასზე გაიცა საკუთრების მოწმობა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აუქციონზე რეალიზაციის დროისთვის უძრავი ქონება წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას, მისი პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე იყო დელეგირებული, რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2004 წლის 6 თებერვლიდან ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი და სარდაფი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. აღნიშნულის შესაბამისად მ. დ-იანი ობიექტის კონკურსიდან მოხსნის შემდეგ მიმართავდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აფთიაქის ქონებაზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს – მ. დ-იანისათვის ობიექტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ, ამასთანავე, თავად მუნიციპალიტეტს სადავოდ შენობის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვა არ გაუხდია, ხოლო მ. დ-იანს სასარჩელო განცხადებით არ მოუთხოვია იმ აქტის ბათილად ცნობა (ეკონომიკური განვითარების მინისტრის 07.03.07წ. ბრძანება), რომლითაც სადავო ქონება საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში იქნა შეტანილი.
ამდენად არ იკვეთება სადავო აქტებით (ეკონომიკური განვითარების მინისტრის 19.10.07წ. ¹1-1/1607, 13.12.07წ. ¹1-1/1945 ბრძანებები, 22.11.07წ. ¹45 ოქმი და ¹480-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა) მოსარჩელე მ. დ-იანის უფლების ან კანონიერი ინტერესის შელახვა. გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა გამოიწვევდა ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნებას, შესაბამისად არ იკვეთება მ. დ-იანის არა თუ უფლების, არამედ პატივსადები, კანონიერი ინტერესის შელახვა, არ არსებობს მ. დ-იანის სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ მხარედ მიჩნევის საფუძვლები.
სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეცილებითი სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ვინაიდან მ. დ-იანს მონაწილეობა არ მიუღია არც 06.01.04წ. კონკურსსა და არც 22.11.07წ. აუქციონში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. დ-იანის სარჩელზე მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შეწყდა საქმის წარმოება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.09წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.