ს-137-135(კს-11) 31 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ მ. მ-ილი და სხვები (სულ 11 ფიზიკური პირი)
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 24 აგვისტოს მ. მ-ილმა, რ. მ-ილმა და სხვებმა (სულ 10 ფიზიკური პირი) განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქ. ქობულეთში, ... ¹74-ში განთავსებულ ქონებაზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მ., რ. და ნ. მ-ილების, გ. შ-შვილის, თ. ტ-ძის, ლ. და ნ. ც-ძეების, ნ. დ-ანის, ს. ლ-შვილისა და გ. ხ-ზის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ქობულეთში, ... ¹74-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება შეჩერდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “ქ. ქობულეთში, ... ¹74-ში მდებარე ნ. ბ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება შეჩერდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ. ბ-შვილმა. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან სადავო ქონება შეიძინა აუქციონზე იმ პირობით, რომ 28 თვეში უნდა აეშენებინა სასტუმრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრებოდა დიდი ოდენობით ჯარიმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-შვილის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრისა და 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებები; განმცხადებლების _ მ., რ. და ნ. მ-ილების, გ. შ-შვილის, თ. ტ-ძის, ლ. და ნ. ც-ძეების, ნ. დ-ანის, ს. ლ-შვილისა და გ. ხ-ზის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით – საჯარო რეესტრის ჩანაწერების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2010 წლის 17 დეკემბერს მ. მ-ილმა, რ. მ-ილმა და სხვებმა (სულ 11 ფიზიკური პირი) განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მათი სარჩელის განხილვისას წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მათი აზრით ადასტურებდნენ ნ. ბ-შვილის მოთხოვნის უსაფუძვლობას.
განმცხადებელთა მითითებით ნ. ბ-შვილის საჩივრის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლოსათვის, რომ ყოფილიყო ცნობილი ეს მტკიცებულება, კერძოდ, სადავო ტერიტორიის აზომვითი ნახაზი, მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ილის და სხვათა (სულ 11 ფიზიკური პირის) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე-424-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმები ეხებოდა სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და ამ ნორმათა დანაწესი, კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით გამოყენებული ვერ იქნებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მ. მ-ილმა, რ. მ-ილმა და სხვებმა (სულ 11 ფიზიკური პირი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით მ. მ-ილის, რ. მ-ილის და სხვების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. მ-ილის, რ. მ-ილისა და სხვათა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეების, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება მიეკუთვნება სწორედ ამ განჩინებათა კატეგორიას, ვინაიდან, აღნიშნული განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემული საქმე სხვაგვარად დასრულდა (დაკმაყოფილდა ნ. ბ-შვილის საჩივარი და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება ქ. ქობულეთში, ... ¹74-ში მდებარე ნ. ბ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების შესახებ).
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე დაიშვება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია გასაჩივრებული განჩინება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი, მაგრამ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მხარისათვის სასარგებლო შედეგი ვერ დადგება, ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ილის სარჩელი, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. ბ-შვილის მიმართ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 21.08.07წ. ¹01-22.2878 მიმართვის და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 01.11.07წ. ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 14.11.07წ. ¹1109 ბრძანების, ამავე სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 14.12.07წ. ¹7 ოქმისა და ¹720-ა საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი კანონიერ ძალაშია შესული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ილის, რ. მ-ილისა და სხვების (სულ 11 ფიზიკური პირის) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ილის, რ. მ-ილისა და სხვების (სულ 11 ფიზიკური პირის) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.