ბს-1399-1363 (კს-10) 1 დეკემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – ……. . .
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისისა და ამავე პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებები;
დავის საგანი – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე პალატისათვის დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაღდადის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე . . .-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ... შორის 2002 წლის 23 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 10 000 ლარისა და ხელშეკრულების 5.2 მუხლის საფუძველზე 10 000 ლარის 0,03 %-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2002 წლის 23 ივლისიდან 2005 წლის 15 თებერვლამდე შეადგენს 2 526 ლარს.
ბაღდადის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2010 წლის 17 მაისს . . .ს მაგისტრმა, ვ. ჯ-იამ, განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ იგი საქმის განხილვაში არ იყო მიწვეული კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით . . .-ს თავმჯდომარის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც დასაშვები, მიღებულ იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით . . . მაგისტრის ვ. ჯ-იას განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა . . .ს წარმომადგენელმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინების, ამავე პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სსკ-ის 430-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ . . .ს განცხადება, წარმოებაში მიღების შემდეგ, უნდა განეხილა ზეპირი განხილვით, მხარეთა მოწვევით. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ 422.1 “ბ” მუხლი. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ ძალიან ვიწროდ განმარტა ტერმინი “საქმის განხილვა”, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სსკ XXI თავით, საქმის განხილვის დასაწყისად ამ ინსტანციის სასამართლოში მიჩნეულია საქმის აღძვრის პროცედურა (მუხლი 177), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ამ საპროცესო მოქმედებიდან ამ ინსტანციის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამდე მთელი პროცედურა არის საქმის განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, ამ ინსტანციის სასამართლოშიც საქმის განხილვა იწყება სააპელაციო საჩივრის აძღვრის პროცედურით და მთავრდება ამ ინსტანციის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული წესი ვრცელდება ასევე კერძო საჩივრის განხილვის პროცედურაზეც.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 18 დეკემბერსაც ისე მიიღო განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, რომ მისი განხილვის არც ერთ პროცედურულ ეტაპზე არ მიუწვევიათ იგი სასამართლო განხილვაში. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ მისი სასამართლოში სათანადო წესით მიწვევის შემთხვევაში, სასამართლო იმსჯელებდა, რომ მოცემული დავიდან გამომდინარე, სსიპ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” უფლებამონაცვლეს და შესაბამისად, კერძო საჩივრის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-”ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო” და არა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ . . .ს წარმომადგენლის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება და . . .ს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბაღდადის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. 2010 წლის 17 მაისს . . .ს თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ უზრუნველყო მოპასუხის მოწვევა და მონაწილეობა კერძო საჩივრის განხილვაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით . . .ს თავმჯდომარის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც დასაშვები, მიღებულ იქნა განსახილველად. მოცემული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განცხადების განხილვა დაინიშნა 2010 წლის 23 ივლისს, 12 საათზე მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (სფ. 68-69).
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ გაურკვეველია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსახილველად მიღების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ . . .ს თავმჯდომარის განცხადება დასაშვებია და მოცემულ საქმეზე უნდა დაინიშნოს საქმის ზეპირი განხილვა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განცხადების განხილვის ფორმის განსაზღვრის თაობაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეესაბამება მის სამოტივაციო ნაწილს, მით უფრო, როდესაც საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების საფუძვლიანობის შემოწმება ზეპირი მოსმენით არ ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, კერძოდ, სსკ-ის 430-ე მუხლის პირველ ნაწილით განსაზღვრულია, რომ თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეულ მხარეთა მონაწილეობით, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის წესს განსაზღვრავს ამავე კოდექსის 383-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, რის გამოც სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. . . .ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. . . .ის თავმჯდომარის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.