კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1431-1394(კს-10) 27 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 27 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1431-1394(კს-10) ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან კერძო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა.
წარმოდგენილი კერძო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარზე ლ. ჩ-შვილს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად 50 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 229-230).
ხარვეზის შევსების მიზნით, კერძო საჩივრის ავტორს _ ლ. ჩ-შვილს საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს _ ლ. ჩ-შვილს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს _ ლ. ჩ-შვილსა და მის წარმომადგენელს – მ. ღ-ძეს გაეგზავნათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს _ ლ. ჩ-შვილის განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 11 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 237), ხოლო მის წარმომადგენელს – მ. ღ-ძეს _ 2010 წლის 18 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 235). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 22 ნოემბერს, თანახმად სსსკ-ის 61.2 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლებისა, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.