Facebook Twitter

ბს-1440-1403(2კს-10) 10 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. და თ. ვ-ძეების კერძო საჩივრის თ. ვ-ძის ნაწილში წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს თ. და ნ. ვ-ძეებმა, მოპასუხეების – თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის, თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის, თ. კ-ძისა და გ. და დ. ა-ძეების მიმართ.

მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ ... დამტკიცებული არქიტექტურულ-დაგეგმარებითი დავალების, თბილისის მთავარი არქიტექტორის ... ბრძანებისა და თბილისის ,,არქმშენინსპექციის” მიერ ... გაცემული მშენებლობის დაწყების ნებართვის ბათილად ცნობას.

ქ. თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. და ნ. ვ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ნ. ვ-ძეებმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. და ნ. ვ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი: თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ ... დამტკიცებული არქიტექტურულ-დაგეგმარებითი დავალება, თბილისის მთავარი არქიტექტორის ... ბრძანება და თბილისის ,,არქმშენინსპექციის” მიერ ... გაცემული მშენებლობის ნებართვა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-ძემ, გ. და დ. ა-ძეებმა.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 28 მაისის განჩინებით გ. და დ. ა-აძეების საკასაციო საჩივრის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მათ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმის სააპელაციო განხილვის სტადიაზე სააპელაციო პალატის 2007 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ჩ-ძე, თ. ო-ავა და ხ. გ-შვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით, მესამე პირის – ს. ს-ძის გარდაცვალების გამო საქმეში ჩაება მისი უფლებამონაცვლე – გ. ს-ძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ნ. და თ. ვ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2003 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. და თ. ვ-ძეების წარმომადგენელმა – მ. ს-ძემ და თ. ჩ-ძისა და თ. -ავას წარმომადგენელმა – გ. თ-ძემ.

ორივე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი თ. ვ-ძის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით თ. და ნ. ვ-ძეების კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. კერძოდ, კერძო საჩივარს ერთვოდა ადვოკატ – მ. ს-ძის სახელზე გაცემული ვადაგასული მინდობილობა და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (50 ლარის) ოდენობით. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად თ. და ნ. ვ-ძეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი თ. და ნ. ვ-ძეების წარმომადგენელს – მ. ს-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 9 ნოემბერს.

2010 წლის 19 ნოემბერს თ. და ნ. ვ-ძეების წარმომადგენელმა – მ. ს-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ თ. და ნ. ვ-ძეები არ იმყოფებიან საქართველოში, მუდმივად ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და დროულად ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თ. და ნ. ვ-ძეებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინათ ადვოკატ – მ. ს-ძის სახელზე გაცემული მინდობილობა და სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) გადახდის ქვითარი.

2010 წლის 29 ნოემბერს თ. და ნ. ვ-ძეების წარმომადგენლის – მ. ს-ძის მიერ ნაწილობრივ იქნა ხარვეზი გამოსწორებული, კერძოდ, წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) გადახდის ქვითარი და ვადაგასული მინდობილობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით თ. და ნ. ვ-ძეებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინათ ადვოკატ – მ. ს-ძის სახელზე გაცემული მინდობილობა.

2010 წლის 7 დეკემბერს თ. და ნ. ვ-ძეების წარმომადგენლის – მ. ს-ძის მიერ კვლავ ნაწილობრივ იქნა ხარვეზი გამოსწორებული, კერძოდ, წარმოდგენილ იქნა ნ. ვ-ძის მიერ გაცემული მინდობილობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. და ნ. ვ-ძეების წარმომადგენელს – მ. ს-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 1 დეკემბერს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდათ 2010 წლის 6 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ თ. და ნ. ვ-ძეების წარმომადგენლის – მ. ს-ძის მიერ ხარვეზი ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული, კერძოდ, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ნ. ვ-ძის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ვ-ძის ნაწილში კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. და ნ. ვ-ძეების კერძო საჩივარი თ. ვ-ძის ნაწილში დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.