Facebook Twitter
ბს-1445-1408 (კს-10)

ბს-1445-1408 (კს-10) 20 იანვარი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე_ქ. თბილისის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინება;

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ძისა და ჯ. ფ-ავას სასარჩელო განცხადება, ქ. თბილისის მთავრობის მიმართ, მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ ხელშეკრულების დადების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ლ-ძემ და ჯ. ფ-ავამ.

Aაპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით გ. ლ-ძისა და ჯ. ფ-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებით გ. ლ-ძისა და ჯ. ფ-ავას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტენს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა- 7 დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით-150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ჯ. ფ-ავას ჩაჰბარდა 2010 წლის 2 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების ვალდებულების სოლიდარული ხასიათიდან გამომდინარე, ერთ-ერთი თანამონაწილისთვის განჩინების ასლის ჩაბარებით, ვალდებულება წარმოეშვა ორივე აპელანტს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით, ჩათვალა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გ. ლ-ძისა და ჯ. ფ-ავას მიერ არ იქნა შევსებული, რაც წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს და სააპელაციო საჩივარი სასამართლომ დატოვა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ლ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე გ. ლ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 29 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ გ. ლ-ძისა და ჯ. ფ-ავას საპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განჩინებაში აღინიშნა, რომ აპელანტებმა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ სახელმწიფო ბაჟის- 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივრები დარჩებოდა განუხილველი.

2010 წლის 29 ივლისის განჩინების ასლი ჯემალ ფირცხალავას ჩაჰბარდა 2010 წლის 2 აგვისტოს (ს.ფ.188), ხოლო «შეტყობინების ბარათზე გზავნილების ჩაბარების შესახებ» შპს «...» კურიერის ნ. ღ-შვილის 2010 წლის 10 სექტემბრის მინაწერით დგინდება, რომ მეორე აპელანტი გ. ლ-ძე ქ. თბილისში, ... ქ. ¹14 არ ცხოვრობს და იქ ცხოვრობენ ბ-შვილები (ს.ფ. 189). სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით გ. ლ-ძისა და ჯ. ფ-ავას სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტების მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხარვეზის შევსების ვალდებულების სოლიდარული ხასიათიდან გამომდინარე, ერთ-ერთი თანამონაწილისთვის განჩინების ასლის ჩაბარებით განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო ორივე აპელანტისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 77-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს უწყების ჩაბარების წესს თანამონაწილისათვის, რომლის თანახმად, თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. Aამდენად, იმისათვის, რომ უწყება ყველა თანამონაწილისათვის ჩაბარებულად ჩაითვალოს, აუცილებელი პირობაა უწყების ჩამბარებელს დანარჩენი პირებისაგან მინდობილი ჰქონდეს საქმის წარმოება სასამართლოში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ლ-ძის მიერ საქმის წარმოების მინდობა მეორე აპელანტის-ჯ. ფ-ავასთვის. საქმის მასალებში დაცული მინდობილობით გ. ლ-ძის ინტერებს ყველა ინსტანციის სასამართლოში იცავს ჯ. ბ-შვილი (ს.ფ. 62-63), რომელსაც ასევე, არ გაგზავნია ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დენის დაწყებისათვის გადამწყვეტია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარება კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. Aამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გ. ლ-ძისათვის ხარვეზის შევსების საპროცესო შესაძლებლობის მიუცემლად მის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაუშვებელია, რის გამოც გ. ლ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინება და საქმე გ. ლ-ძის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინება გ. ლ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე გ. ლ-ძის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.