ბს-1465-1427(კს-10) 9 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.10წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 05.02.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ა-ძის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის 2388,24 ლარის, პირგასამტეხლოს თანხის 5970,78 ლარისა და ზიანის საკომპენსაციო თანხის 9509,32 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.03.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ. ა-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 5539,34 (ხუთი ათას ხუთას ოცდაცხრამეტი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა, გ. ა-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 166,18 (ასსამოცდაექვსი ლარი და თვრამტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა ზიანის საკომპენსაციო თანხის 9509,32 ლარის ანაზღაურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21.05.10წ. ჩაბარდა (ს.ფ. 57).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.03.10წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის ფოსტის ¹გ12 განყოფილებას 10.06.10წ. ჩაბარდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზესტარფონის რაიონული სასამართლოს 20.03.10წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.03.10წ. გადაწყვეტილების ასლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21.05.10წ. ჩაბარდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 04.06.10წ. იწურებოდა, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 10.06.10წ. _ კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადის დარღვევით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის 12.07.10წ. წერილის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.03.10წ. ¹3/4-10 გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს, ფოსტის მეშვეობით, 03.06.10წ. ჩაბარდა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 17.06.10წ. ჩათვლით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.03.10წ. გადაწყვეტილება კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში იქნა გასაჩივრებული, რადგან თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 10.06.10წ. ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.03.10წ. გადაწყვეტილება 21.05.10წ. გადაეცა. საქმეში დაცულია შპს «...» შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილების შემცველი საფოსტო გზავნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21.05.10წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 57). სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 04.06.10წ. ოცდაოთხ საათზე ამოეწურა, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 10.06.10წ. ჩააბარა თბილისის ფოსტის ¹გ12 განყოფილებას, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლში მითითებული 14 _ დღიანი ვადის დარღვევით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.03.10წ. გადაწყვეტილების 03.06.10წ. ჩაბარების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსის თ. მახარაძის 7/2377 წერილი არ ადასტურებს პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცვას, წერილი ვერ უარყოფს შპს «...» გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათს (ს.ფ. 57), რომლითაც დასტურდება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სამინისტროსათვის 21.05.10წ. ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.10წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.10წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.