ბს-1498-1429(კს-09) 26 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. და ლ. დ-ძეები
მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი ¹...
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 30 აგვისტოს ი. დ-ძემ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ¹... სამხედრო ნაწილის მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 7530 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.I).
2005 წლის 30 აგვისტოს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ასევე ლ. დ-ძემ სახელფასო დავალიანების _ 4405,84 ლარის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 26; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები ლ. და ი. დ-ძეების სარჩელების გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ¹... სამხედრო ნაწილის მიმართ დავალიანების ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49; ტ.I).
ი. დ-ძემ რაიონულ სასამართლოში გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ხელფასიდან დაქვითული ელექტრო ენერგიის საფასურის – 64 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 51; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (იხ. ს.ფ. 105-107; ტ.I).
2005 წლის 5 დეკემბერს ი. და ლ. დ-ძეებმა კერძო საჩივრით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 120-124; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 126-127; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ივნისის განჩინებით ი. და ლ. დ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრისა და 15 დეკემბრის განჩინებები (იხ. ს.ფ. 131-132; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ. ს.ფ. 136-137; ტ.I).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსახილველად დაექვემდებარა ახალციხის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 140-146; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ი. და ლ. დ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. დ-ძის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის – 944,82 ლარის, კვების კომპენსაციის _ 1197 ლარის, ზეგანაკვეთული საათებისათვის – 713,04 ლარის, 1997 წლიდან მიუღებელი ხელფასის _ 284,98 ლარის, კუთვნილი შვებულების სხვაობის – 131,54 ლარის, საბოლოო ანგარიშის – 88,62 ლარის, გასასვლელი დახმარების _ 88,39 ლარისა და ფულადი ჯილდოს – 129,72 ლარის, სულ – 3577,62 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2002 წლამდე სანივთე ქონების, კვების კომპენსაციის, ზეგანაკვეთური საათების, შრომის წიგნაკის დაგვიანებით გაცემის გამო, დაკავებული დენის გადასახადის, საშემოსავლო გადასახადის ზედმეტად დაკავებული თანხის, ორსულობისა და მშობიარობისათვის განკუთვნილი თანხის, უქმე დღეებში მუშაობისა და ბანკიდან მიღებული ხელფასის სხვა რაიონში აღებისათვის ხარჯების გაწევის გამო თანხების ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; ლ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტოს ლ. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის _ 816,81 ლარის, საბოლოო ანგარიშსწორების _ 99,75 ლარის, სულ – 916,56 ლარის ანაზღაურება, ხოლო სანივთე ქონების, კვების კომპენსაციის, ზეგანაკვეთური საათების, კუთვნილი შვებულების, შრომის წიგნაკის დაგვიანებით გაცემისათვის, დენის გადახდილი თანხის ანაზღაურების, უქმე დღეებში მუშაობის გამო თანხების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 151-159; ტ.II).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ლ. დ-ძეებმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (იხ. ს.ფ. 246-299; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 369.1, 374-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 20 მაისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2009 წლის 3 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 5 ივნისს, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია (იხ. ს.ფ. 2-4; ტ.III).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ფოსტის მეშვეობით, საფოსტო განყოფილებას კი საჩივარი ჩაბარდა 2009 წლის 3 ივნისს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით (იხ. ს.ფ. 13-17; ტ.III).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია.
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალციხის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2009 წლის 15 მაისს და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ჩაჰბარდა 2009 წლის 20 მაისს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ შეტყობინებაზე დასმული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 161; ტ.II). აღნიშნულ ფაქტს არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 3 ივნისს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარეგისტრირდა 2009 წლის 5 ივნისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული ახალციხის რაიონული სასამართლოს ბეჭდით (იხ. ს.ფ. 286) და რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას. საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარს დართული არ ჰქონდა საფოსტო კონვერტი, რითაც დადასტურდებოდა სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილების მეშვეობით შეტანის ფაქტი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა საფოსტო განყოფილების მეშვეობით და ფოსტას სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა 2009 წლის 3 ივნისს, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს “...” 2009 წლის 3 ივნისის რეესტრი ¹493 (იხ. ს.ფ. 15-16; ტ.III).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.