Facebook Twitter

ბს-1506-1437 (კს-09) 3 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ა-ოვი

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო”, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური”

მესამე პირები_ ა. მ-ა, ხ. ჯ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.09წ. განჩინება

დავის საგანი _ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ა-ოვმა 01.07.08წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მეზობლად მცხოვრებ ა. მ-ას სარგებლობაში არსებული 613 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ტექბიუროს ჩანაწერებში აღრიცხული იყო უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. სახლის და ნაკვეთის დიდი ნაწილი წლების მანძილზე შინაურული ხელწერილით მიყიდული ჰქონდა ხ. ჯ-შვილისათვის. კ. ა-ოვის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი (... ქ. ¹38) სწორედ ა. მ-ას უკანონო მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა. 2005წ. ა. მ-ამ და მისმა მდგმურმა ხ. ჯ-შვილმა იწყეს კ. ა-ოვის საკუთრებაში არსებული ეზოს ჭიშკრის წინ კედლის აშენება, რითაც კ. ა-ოვს ხელი ეშლებოდა მისი ეზოს ჭიშკრით სარგებლობაში. მათ შორის არსებული უთანხმოების გამო კ. ა-ოვმა 23.08.05წ. სარჩელით მიმართა სასამართლოს და ა. მ-ასაგან მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 11.11.05წ. რეგისტრირებული აქვს ა. მ-ას საკუთრების უფლება. 21.02.06წ. ა. მ-ამ ამ მიწის ნაკვეთიდან 518 კვ.მ. ნასყიდობისა და გამიჯვნის ხელშეკრულებით გადაუფორმა მ. ჯ-შვილს. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ა. მ-ას უკანონო სარგებლობაში არსებული 613 კვ.მ. ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ნორმატიული აქტები, მოსარჩელის აზრით, არ ითვალისწინებენ ნაკვეთის საკუთრების ტრანსფორმაციას, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახური არ არის საკუთრების უფლებით პირთა აღმჭურველი ადმინისტრაციული ორგანო, იგი პირთა მიერ კანონით ან ხელშეკრულებით უკვე შეძენილი ან მოპოვებული საკუთრების ან სხვა უფლებათა მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოა. მოსარჩელე თვლის, რომ სასკ-ის 2.5 მუხლის, სზაკ-ის 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უარი ეთქვა მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. კ. ა-ოვმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.06.08წ. ¹01/11-3204/1600/გ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ¹59128/2005 განაცხადის საფუძველზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თბილისის ნაძალადევის სექტორის, ¹8 კვარტლის, ¹39/36 613 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ა. მ-ას საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ჩანაწერის, ¹73411/2007 განაცხადის და ა. მ-ას და ხ. ჯ-შვილის ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, თბილისის ნაძალადევის სექტორის, ¹8 კვარტლის, ¹39/41 518 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ხ. ჯ-შვილის საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.08წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ ა. მ-ა და ხ. ჯ-შვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.09წ. გადაწყვეტილებით კ. ა-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.06.08 წ. ¹01/11-3204/16000/გ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ¹59128/2005 განაცხადის საფუძველზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თბილისის ნაძალადევის სექტორის, ¹8 კვარტლის, ¹39/36 613 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ა. მ-ას საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ჩანაწერი; ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ¹73411/2007 განაცხადის და ა. მ-ას და ხ. ჯ-შვილის ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თბილისის ნაძალადევის სექტორის, ¹8 კვარტლის, ¹39/41 518 კვ.მ. მიწის ნკვეთზე რეგიტრირებული ხ. ჯ-შვილის საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე კ. ა-ოვმა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილის გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.09წ. განჩინებითYსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; კ. ა-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.09წ. გადაწყვეტილება კ. ა-ოვის სარჩელზე, მოპასუხეების_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები_ა. მ-ა და ხ. ჯ-შვილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹44-ში მდებარე 613 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 11.11.05წ. დარეგისტრირდა ა. მ-ას საკუთრების უფლება (რეგისტრაციის ¹59128/2005). 21.02.06წ. ა. მ-ასა და ხ. ჯ-შვილს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹44-ში მდებარე 613 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან ხ. ჯ-შვილს გადაეცა 518 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული გარიგების საფუძველზე 07.03.06წ. საჯარო რეესტრში, გამიჯნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ხ. ჯ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (რეგისტრაციის ¹10713/2006), ხოლო ქ. თბილისში, ... ქ. ¹44-ში მდებარე 95 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ¹1 შენობა-ნაგებობა დარჩა ა. მ-ას საკუთრებაში (რეგისტრაციის ¹10714/2006).

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების –საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრების მოტივაცია და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სარჩელის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელე კ. ა-ოვის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მსჯელობა დაამყარა იმ გარემოებაზე, რომ კ. ა-ოვის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაუქმდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ამით მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიცვლება, კ. ა-ოვს არ წარმოეშვება სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. სააპელაციო სასამარლომ საქმის წარმოების შეწყვეტისას იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ა-ოვმა. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.09.09წ. განჩინების გაუქმება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.09წ. გადაწყვეტილების პირველი და მეორე ნაწილის ძალაში დატოვება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.09წ. გადაწყვეტილების მესამე ნაწილის გაუქმება და ¹73411/2007/ 2007 განაცხადის და ა. მ-ას და ხ. ჯ-შვილის ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, თბილისის ნაძალადევის სექტორის, ¹8 კვარტლის ¹39/41 518 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ხ. ჯ-შვილის საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის შინაარსით სარჩელის დასაშვებად ცნობისათვის არ არის აუცილებელი უკანონო აქტი მოსარჩელეს მაინცდამაინც ისე უცვლიდეს სამართლებრივ მდგომარობას, რომ მას საკუთრების უფლებით აღჭურავდეს, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, საკმარისია გასაჩივრებული აქტი ფაქტობრივ მდგომარეობას აუარესებდეს ანუ რეალურ დისკომფორტს უქმნიდეს მოსარჩელეს, მატერიალურად და თუნდაც ესთეტიკურად აუარესებდეს მის მდგომარეობას, რომ სარჩელი დასაშვებად იქნეს მიჩნეული. კერძო საჩივრის ავტორი თავისი კანონიერი ინტერესის არსებობის დასადასტურებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი ათწლეულების ხნის მოქმედი ეზოს ჭიშკრის მასიური ბეტონის კედლით გადაკეტვამ იგი აიძულა ეზოს მეორე კიდეზე მრავალწლიანი ნარგავების მოჭრის ხარჯზე გაეჭრა სხვა გასასვლელი საჯარო გზისკენ, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე ეს მიწის ნაკვეთი უნებართვოთ მითვისებულად ითვლებოდა, რომელზედაც მის უნებართვოდ მფლობელს ღობის აღმართვის იურიდიული უფლება არ გააჩნდა, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით კი მოხდა უკანონო მფლობელის კანონიერ მესაკუთრედ ტრანსფორმაცია, სამართალდამრღვევი აღიჭურვა ისეთი სამართლებრივი იარაღით (საკუთრების უფლება), რომელიც მას საკუთრებაში არსებულ მიწაზე ღობის აღმართვის უპირობო უფლებას ანიჭებდა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრირებული ჩანაწერების გაუქმების შემთხვევაში მისი განცხადების საფუძველზე მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იქნება უკანონოდ აგებული ბეტონის კედლის მონგრევაზე, რის გამოც მას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ გააჩნია კანონით დაცული ინტერესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ა-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იხილავს სასკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კერძო საჩივრით გასაჩივრებულ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, განჩინების კერძო საჩივრის ფარგლებში განხილვა იძლევა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების და შესაბამისი განჩინების კანონიერების გარკვევით გასაჩივრბული განჩინების ძალაში დატოვების ან გაუქმების და საქმის არსებითი განხილვისათვის დაბრუნების პროცესუალურ შესაძლებლობას, ამდენად საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვის შედეგად არ არის უფლებამოსილი საქმეზე გამოიტანოს არსებითი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კერძო საჩივრის იმ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება საქალაქო სასამართლოს 26.02.09წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც კ. ა-ოვს უარი ეთქვა ხ. ჯ-შვილის საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ჩანაწერის გაუქმებაზე.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს. ხსენებული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობის პირობას წარმოადგენს მოსარჩელის უფლებისათვის, ინტერესისათვის ზიანის მიყენება ან რაიმე უფლების უკანონო შეზღუდვა. მხოლოდ აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოსარჩელეს მოითხოვოს საქმის განხილვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე შეზღუდული ან სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის რეალურ საჭიროებას. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობასთან ერთად პირს უნდა გააჩნდეს იურიდიული, ლეგიტიმური, პატივსადები ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის გადაწყვეტისადმი, რაც სარჩელის დასაშვებობის პირობას წარმოადგენს. ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს მხოლოდ სასამართლო, სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და ვარაუდს. სარჩელის აღძვრა თავისთავად არ ადასტურებს პირის ინტერესის არსებობას, სარჩელი შეიძლება აღიძრას რეალურად დაინტერესებული პირის სახელით. დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი (სზაკ-ის 2.1 მუხ “ბ” ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით კ. ა-ოვის კანონიერ უფლებას არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, კ. ა-ოვს არ გააჩნია რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე ა. მ-ასა და ხ. ჯ-შვილის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რომლითაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების შემთხვევაში კ. ა-ოვს წარმოეშვებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. მოსარჩელე კანონიერი ინტერესის შელახვად მიიჩნევს იმას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემამდე ა. მ-ასა და ხ. ჯ-შვილის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ითვლებოდა უნებართვოთ მითვისებულად, რაც გამორიცხავდა ღობის აღმართვის იურიდიულ შესაძლებლობას, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით კი მოხდა უკანონო მფლობელის კანონიერ მესაკუთრედ ტრანსფორმაცია, ეზოს ჭიშკრის მასიური ბეტონის კედლით გადაკეტვამ კი შელახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, კერძოდ, იგი იძულებული გახდა ეზოს მეორე კიდეზე მრავალწლიანი ნარგავების მოჭრის ხარჯზე გაეჭრა სხვა გასასვლელი საჯარო გზისკენ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოტივი არ ადასტურებს სადავო აქტების ბათილად ცნობისადმი კანონიერი ინტერესის არსებობას, ვინაიდან საქმის მასალებში დაცული კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.08წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კ. ა-ოვის სარჩელი ა. მ-ას და ხ. ჯ-შვილის წინააღმდეგ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის შესახებ, დადგენილია, რომ კ. ა-ოვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, გარდა აღნიშნულისა, აქვს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი კიდევ ორი დამოუკიდებელი სამანქანო მისადგომი, როგორც ... ქუჩიდან, ასევე ... Qქუჩიდან, სასამართლომ ადგილზე დათვალიერებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მოესპო მიწის ნაკვეთზე ადრე არსებული შესასვლელი, რითაც შეილახა მისი უფლებები, ვინაიდან ადრე არსებული კარები, რომლითაც ვეღარ სარგებლობს მოსარჩელე, წარმოადგენდა არა ერთადერთ შესასვლელს, არამედ მესამე დამოუკიდებელ შესასვლელს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე და აღნიშნული შესასვლელის მოსპობით მოსარჩელეს არ ეშლება ხელი მისი საკუთრებით სარგებლობაში. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს გააჩნია ორი დამოუკიდებელი მისადგომი საკუთარ მიწის ნაკვეთთან, მისი მხრიდან მოპასუხის საკუთრებაში არსებული ღობისა და კარების დემონტაჟის მოთხოვნა საფუძვლიანი ინტერესის გარეშე, არღვევს სამეზობლო სამართლის უმთავრეს პრინციპს-მეზობელთა ურთიერთპატივისცემის შესახებ. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხ. ჯ-შვილის საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ჩანაწერი 518 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განპირობებული და დეტერმინირებულია ა. მ-ასა და ხ. ჯ-შვილს შორის დადებული ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულებით, რომელიც არ გაუქმებულა და არ წარმოადგენს დავის საგანს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტებით სასკ-ის 22.2 მუხლით გათვალისწინებული პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესისათვის ან უფლების უკანონო შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის თანახმად საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს კ. ა-ოვის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 262 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ა-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.09წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.