ბს-1513-1475(კს-10) 2 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს ,, ...” ბორჯომის ფილიალი
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური 2) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდისა და ბორჯომის რეგიონალური სამმართველოები; 3) შპს ,, ...”
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 24 დეკემბერს შპს “ ...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდისა და ბორჯომის რეგიონალური სამმართველოებისა და სს “ ...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალის მიმართ და შპს “ ...” მიერ გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმება, შესრულებული სამუშაოს აღიარება და ბანკისათვის გარკვეული მოქმედებების აკრძალვა მოითხოვა.
საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და შემოწმების აქტების ბათილად ცნობა, ვაქცინაციის შესრულებულად ჩათვლა და გაწეული მომსახურების მიღების დავალდებულება, აგრეთვე სს “ ...” ბანკის ბორჯომის ფილიალის მიერ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის საგარანტიო თანხის გადაცემის აკრძალვა მოითხოვა.
2008 წლის 4 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ შპს “ ...” და სს “ ...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ შპს “ ...” პირგასამტეხლოს თანხის, გადაცემული ვაქცინების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის 25 510.10 ლარის ანაზღაურება და სს “ ...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის ფილიალისათვის საბანკო გარანტიებით აღებული ვალდებულებების შესრულების დავალდებულება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე შპს “ ...” სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდისა და ბორჯომის რეგიონალური სამმართველოებისა და სს “ ...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალის მიმართ, შპს “ ...” მიერ გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმების, შესრულებული სამუშაოს აღიარებისა და ბანკისათვის გარკვეული მოქმედებების აკრძალვის მოთხოვნის თაობაზე გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურის სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ შპს “ ...” და სს “ ...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მიმართ, შპს “ ...” პირგასამტეხლოს თანხის და გადაცემული ვაქცინების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სს “ ...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის ფილიალისათვის საბანკო გარანტიებით აღებული ვალდებულებების შესრულების დავალდებულების თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “ ...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს “ ...” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარგებლოდ ზიანის 25 510.10 ლარის, პირგასამტეხლოს 12680 ლარის, სულ 38190.1 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხე სს “ ...” ბანკის ბორჯომის ფილიალს 129365.45 ლარის ოდენობით საგარანტიო თანხის დაბრუნება დაევალა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ ...” და სს “ ...“ ბანკმა.
შპს “ ...” ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ ...” მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სს “ ...” ბანკმა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით სს ,, ...” სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინებით განუხილველი დარჩა შპს ,, ...“ სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,, ...”.
კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,, ...”.
კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით სს “...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინება; სს “...” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მიზნით საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს ,, ...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით სს “...” ბორჯომის ფილიალის სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის, სააპელაციო საჩივრის სათანადო რაოდენობის ასლებისა და სააპელაციო საჩივარზე ხელის მომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარუდგენლობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სს “...” სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი სს “...” კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა 2010 წლის 14 ივლისს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რაც დასტურდება სასამართლო შეტყობინების გზავნილზე არსებული ხელმოწერითა და სს “...” სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალის ბეჭდით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დაუდგინა 10 დღე. შესაბამისად, მხარე ვალდებული იყო ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება (ბაჟის გადახდის ქვითარი, სააპელაციო საჩივრის სათანადო ასლები და სააპელაციო საჩივარზე ხელის მომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი) სასამართლოში ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრულ საპროცესო ვადაში წარედგინა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “...” ბორჯომის ფილიალმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებას საფუძვლად დაედო სს “...” მიერ 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შეუსრულებლობა, რომლითაც აპელანტს განესაზღვრა დავის საგნის ღირებულების 4%-ის – 5174 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
კერძო საჩივრის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით დადგენილ ხარვეზს მიიჩნევს არასწორად, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი უნდა განსაზღვრულიყო არა დავის საგნის ღირებულების 4%-ის – 5174 ლარის ოდენობით, არამედ, სააპელაციო საჩივარზე წარსადგენი მინიმალური თანხით – 150 ლარის ოდენობით, რადგან, აპელაციის საფუძველს პროცესუალურად არასწორი მოქმედება წარმოადგენდა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2010 წლის 9 ივლისის განჩინების მიღებისას არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი და შესაბამისად, არასწორად დაუდგინა მას ხარვეზად სახელმწიფო ბაჟის - 5174 ლარის გადახდა.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სს “...” არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოპასუხე, ვიდრე არსებობდა მის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი აკრძალვა. კერძოდ, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ შპს “...” მიერ განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, მათ აკრძალული ჰქონდათ საგარანტიო თანხის გაცემა დავის დასრულებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “...” აკრძალვის პირობებში ვერ მოახდენდა მეორე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სს “...” ბორჯომის ფილიალის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს “...” ბორჯომის ფილიალის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით დაადგინა, რომ სს “...” სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, სააპელაციო საჩივრის სათანადო რაოდენობის ასლები და სააპელაციო საჩივარზე ხელის მომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და სს “...” ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინების ასლი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სს “...” ბორჯომის ფილიალს 2010 წლის 13 ივლისს გაეგზავნა (ტ. IV, ს.ფ. 166) და ჩაბარდა 2010 წლის 14 ივლისს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ. ბორჯომი, ... ქ. ¹121 (ტ. IV, ს.ფ. 167).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთანავე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სს “...” ბორჯომის ფილიალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინების ასლი 2010 წლის 14 ივლისს ჩაბარდა (ტ. IV, ს.ფ. 167), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და ვინაიდან, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე - 24 ივლისი უქმე დღეს (შაბათს) წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2010 წლის 26 ივლისს (ორშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით სს “...” ბორჯომის ფილიალის სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სს “...” მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი უნდა განსაზღვრულიყო არა დავის საგნის ღირებულების 4%-ის – 5174 ლარის ოდენობით, არამედ სააპელაციო საჩივარზე წარსადგენი მინიმალური თანხის – 150 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9-მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ.ბ” ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს – 7000 ლარს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ ...“ ბორჯომის ფილიალს 129 365.45 ლარის ოდენობით საგარანტიო თანხის დაბრუნება დაევალა, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს სწორედ სს “...” ბორჯომის ფილიალისათვის 129 365.45 ლარის საგარანტიო თანხის დაკისრება წარმოადგენდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტ – სს “...” ბორჯომის ფილიალს სწორად განუსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების - 129 365.45 ლარის 4%-ის - 5174 ლარის გადახდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “...” ბორჯომის ფილიალმა გაუშვა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულყოფილად არ შეავსო ხარვეზი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,, ...” ბორჯომის ფილიალის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “...” ბორჯომის ფილიალის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.