ბს-1521-1452 (კს-09) 31 მარტი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.02.04წ. გადაწყვეტილებით რ. გიუნაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 17.07.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილებას დაევალა რ. გ-შვილისათვის საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად 116 ლარის ოდენობით, 2002 წლის 30 აგვისტოდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან. თბილისის სოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.02.04წ. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
გორის რაიონულ სასამართლოს 02.07.08წ. განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა და მოვალის უფლებამონაცვლის დადგენამდე მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.08.08წ. განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს-შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს განცხადება დაკმაყოფილდა, მოვალის_გორის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.02.04წ. გადაწყვეტილების აღსრულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.09წ. საოქმო განჩინებით გორის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის ცენტრი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.09წ. საოქმო განჩინებაზე 20.07.09წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა 10.09.09წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც აღსრულების შეჩერება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ 07.08.09წ. შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროდან მიიღო შრომითი მოვალეობის შესრულებისას ზიანის ანაზღაურების შესახებ რ. გ-შვილის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წინადადება. საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზრაურების წესის” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის და მე-3 მუხლის საფუძველზე 01.03.07წ. შეწყდა სარჩოს გაცემის ვალდებულება ლიკვიდირებულ სახელმწიფო საწარმოებში ტრავმირებული იმ პირების მიმართ, ვისი მოთხოვნებიც ყოფილი სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული იყო 2007 წლის 1 მარტამდე ან ამავე პერიოდისათვის დადასტურებული იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით. განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და შემდგომში, მისი უფლებამონაცვლის –სოციალური სუბსიდიების (დღეის მდგომარეობით-სოციალური მომსახურების) სააგენტოს მიერ სრულად იქნა დაფინანსებული ყველა ამგვარი ვალდებულება 2007 წლის საბიუჯეტო კანონით ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნებიდან იმ პირების მიმართ, ვისი მოთხოვნებიც ფონდში რეგისტრირებული იყო მითითებულ პერიოდამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2008-2009 წლების საბიუჯეტო კანონებით აღარ იქნა გათვალისწინებული 01.03.07წ. შემდგომ პერიოდში სააგენტოს მიმართ წარმოდგენილი ამგვარი მოთხოვნების დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, განმცხადენელი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნტისა და საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზრაურების წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფამდე, მოცემულ საქმეზე ითხოვს აღსრულების შეჩერებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.09წ. განჩინებით სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადება აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზრაურების წესის” პირველი მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ვალდებულებებზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია განცხადების ავტორის მიერ დასახელებულ დადგენილებაზე აპელირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერებისა და განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და აღსრულების შეჩერება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მითითებული დადგენილება არ ვრცელდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ვალდებულებებზე და აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე ეფუძნება დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტს, ხოლო დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, სააგენტოს განესაზღვრა 2007წლის 1 მარტამდე სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დავალიანების დაფარვა 01.03.07წ. პერიოდში. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ ნორმატულ დონეზე იქნა გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ამგვარი ვალდებულების შეწყვეტა იმ პირთა მიმართ, რომელთაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიადგათ ზიანი. სააგენტოს მკაცრად განესაზღვრა ამგვარი ვალდებულების შესრულება 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე და იმ პირებისათვის ექვსი თვის ოდენობის ზიანის თანხის ანაზღაურება, რომელთაც დანიშნული ჰქონდათ სარჩო. ყველა ამ ვალდებულების შესრულება დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტით ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, შესაბამისად, სახელმწიფო წყვეტს საწარმოო ტრამვით დაზარალებულ პირთა სარჩოთი უზრუნველყოფას 01.03.07წ შემდგომ პერიოდში და აღარ ხდება ამგვარი ვალდებულებების შესრულებისათვის თანხის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.10.09წ. განჩინების გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ¹53 მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღსრულების შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ 2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლებოდა ახალი გასაცემლების დაწესება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობდა თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულების 421 -ე პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე დაევალა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.02.04წ. გადაწყვეტილებით რ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 17.07.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილებას დაევალა რ. გ-შვილისათვის საწარმოო ტრამვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად 116 ლარის ოდენობით, 2002 წლის 30 აგვისტოდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან. თბილისის სოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.02.04წ. გადაწყვეტილებაზე 26.04.04წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, 2007 წლის 1 მარტამდე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ყველა პირობა, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყველა დავალიანება სრულად იქნა დაფინანსებული ფონდის მიერ. ამასთანავე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული სასამართლო გადაწყვეტილების ფონდში რეგისტრაციაზე. საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 421-ე მუხლის თანახმად, 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არა ჰყავთ, საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვის, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშების, გაცემის უზრუნველყოფა, სსიპ სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ევალებოდა, რომლის უფლებამონაცვლეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.07წ. ¹190/ნ და 31.12.08წ. ბრძანებებით ჯერ სსიპ “საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტო”, ხოლო ამჟამად სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტო” წარმოადგენს. რ. გ-შვილის სასარგებლოდ ყოველთვიური თანხის გადახდა განისაზღვრა საოლქო სასამართლოს 05.02.04წ. გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა პალატის 22.05.09წ. საოქმო განჩინებით გორის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების უფლებამონაცვლედ დადგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის ცენტრი, რის გამო იგი უდავო მოთხოვნად უნდა იქნეს მიჩნეული, რომლის აღსრულებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი. საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” მე-3 მუხლის იმპერატიული დანაწესით სააგენტოს დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულების 421-ე პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შემცირება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლი საბიუჯეტო დაფინანსების საკითხებს არ განიხილავს აღსრულების შეჩერების პირობად.
ზემოაღნიშნუდიან გამომდინარე, არ არსებობს აღსრულების შეჩერების საფუძველი, დაუსაბუთებელია საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული წესის 3.4 მუხლზე მითითებით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების მოთხოვნა, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას აღსრულების შეჩერების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.09წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.