ბს-1523-1454(კს-09) 26 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. კ-ძე, წარმომადგენელი _ მ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. ნ. მ-შვილი; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 10 აპრილს ი. კ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ნ. მ-შვილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს თბილისისა და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურების მიმართ, რითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლის თანახმად, გარდაბნის რაიონის წყნეთის სატყეო უბანში მდებარე მიწის ნაკვეთი აღირიცხა ნ. მ-შვილის სახელზე, ასევე მოითხოვა სადავო ქონების ი. მ-შვილის სახელზე აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის ¹882008035405 გადაწყვეტილების, 2006 წლის 11 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 7 აპრილის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. კ-ძის სარჩელი მოპასუხე ნ. მ-შვილის მიმართ, 2006 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 68-70; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ი. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 346-351; ტ.I).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 365-374; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ი. კ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, რაც სააპელაციო სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1 მუხლებით და დაადგინა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა აპელანტის ოჯახის სრულწლოვან წევრს _ მეუღლეს, 2009 წლის 8 ოქტომბერს, მაგრამ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 7-9; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. კ-ძის წარმომადგენელმა _ მ. ს-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინების შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა განაპირობა იმ გარემობებმა, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ი. კ-ძე იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, რა დროსაც მას ოჯახის წევრებისგან ეცნობა ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე. ი. კ-ძე თბილისში დაბრუნებას გეგმავდა 2009 წლის 16-17 ოქტომბრისათვის, რაც საკმარისი იქნებოდა ხარვეზის შესავსებად საჭირო მოქმედებების განსახორციელებლად, მაგრამ დაგეგმილ დროს ი. კ-ძემ თბილისში დაბრუნება ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად მკვეთრად გაუარესების გამო. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობითაც დასტურდება, რომ ი. კ-ძე 2009 წლის 15 ოქტომბრიდან მკურნალობდა შპს “...”, სადაც მას დაენიშნა წოლითი რეჟიმი, რაც გაგრძელდა 2009 წლის 30 ოქტომბრამდე. შესაბამისად, აღნიშნული ვადის განმავლობაში ი. კ-ძე ვერ შეძლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას და შესაბამისი ქვითრის წარდგენას სასამართლოში. აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულებას ვერც ი. კ-ძის წარმომადგენელი ვერ შეძლებდა, რადგან მასთან ვერ მოხერხდა დაკავშირება მისი არყოფნის გამო.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ი. კ-ძის მიერ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზის გამო (იხ. ს.ფ. 18-19; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. კ-ძის წარმომადგენლის – მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინება სსსკ-ის 74.1 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ჩაბარდა აპელანტის მეუღლეს – 2009 წლის 8 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 6; ტ.II). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2009 წლის 19 ოქტომბერს, თანახმად სსსკ-ის 61.2 მუხლისა, მაგრამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გამოტანის დროისათვის აპელანტს არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოს, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს საპატიო მიზეზის გამო ხარვეზის შესავსებად შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შესახებ, რადგან აპელანტს საპროცესო ვადის გაგრძელების ან აღდგენის მოთხოვნით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებისა და წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად, ი. კ-ძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 2009 წლის 15 ოქტომბრიდან. სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 9 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2009 წლის 19 ოქტომბერს. შესაბამისად, 15 ოქტომბრამდე აპელანტს არ მიუმართავს საპროცესო მოქმედების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებებისათვის, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც არ იყო დაკავშირებული დროის დიდ მონაკვეთთან და მისი შესრულება შესაძლებელი იყო 2009 წლის 15 ოქტომბრამდე, მით უფრო, რომ კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შეუვსებლობას უკავშირებს დროის ფაქტორს და არა გადახდის შეუძლებლობას ფინანსური მდგომარეობის გამო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი ვერ ასაბუთებს აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მით უფრო, რომ აპელანტს წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული ბინაზე, შესაბამისად, მას შეეძლო შეედგინა საპროცესო ვადის გაგრძელების ან აღდგენის შესახებ განცხადება, რადგან წარმოდგენილი ცნობის თანახმად, იგი არ იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და აღნიშნული განცხადება შესაძლებელი იყო ოჯახის წევრების დახმარებით წარედგინა სასამართლოში ან გადაეგზავნა ფოსტით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეს არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების ან აღდგენის მოთხოვნით, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარის შუამდგომლობის გარეშე, თავისი ინიციატივით იმსჯელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის დამატებით განსაზღვრაზე ან გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობასა და აღდგენაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. კ-ძის წარმომადგენლის _ მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-ძის წარმომადგენლის _ მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.