Facebook Twitter

ბს-1527-1457(კს-09) 7 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ დ. ფ-ავა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.09წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 31.05.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დ. ფ-ავას მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 14000 ლარის დაკისრება მოითხოვა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.03.05წ. ბრძანებით და მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად დ. ფ-ავა დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში პროფესიული სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის პირობების შესაბამისად. 31.10.05წ. კონტრაქტში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლის თანახმადაც კონტრაქტის პირობების დარღვევით სამხედრო სამსახურის შეწყვეტის გამო ფინანსური პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნა როგორც ერთ წლამდე, ისე ერთი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემთხვევაში. მიუხედავად აღნიშნულისა, 25.03.06წ. დ. ფ-ავამ პატაკით მიმართა მეთაურს ოჯახური პირობების გამო შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, რის საფუძველზეც თავდაცვის მინისტრის 01.04.06წ. ¹90 ბრძანებით კაპრალი დ. ფ-ავა დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან. თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტის 7.3 პუნქტიდან გამომდინარე მოითხოვა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 14000 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.08.06წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე – დ. ფ-ავას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაუგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.10.06წ. განჩინებით საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უფლებამოსილ – ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში გადასაგზავნად.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 06.03.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ფ-ავას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ავამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.09წ. განჩინებით დ. ფ-ავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 06.03.08წ. გადაწყვეტილება და სსკ-ის 272-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლითაც დადგენილია კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტა, საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დ. ფ-ავა 2005 წ. 15 მარტიდან 2006წ. 1 აპრილამდე კონტრაქტის საფუძველზე გადიოდა სამხედრო სამსახურს. თავდაცვის მინისტრის 01.04.06წ. ბრძანებით დ. ფ-ავა დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. მინისტრის 15.10.07წ. ბრძანებით, ახალი კონტრაქტის საფუძველზე, დ. ფ-ავა კვლავ დაინიშნა შეიარაღებული ძალების რიგებში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVI თავში 06.04.09წ. ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ თუ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო რიგებში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ფ-ავა დაბრუნდა და მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო რიგებში, რის გამოც ზემოაღნიშნული დებულების საფუძველზე იგი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.09წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სსკ-ის 272-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლითაც დადგენილია კანონით დადგენილ სხვა შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა არ წარმოადგენდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ბრძანებულება დ. ფ-ავას ათავისუფლებდა ფინანსური პასუხისმგებლობისგან წარმოადგენდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს დავის საგნის არ არსებობის გამო, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის არა ,,ზ”, არამედ ,,ა1” ქვეპუნქტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 272-ე მუხლში მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები არ არის ამომწურავი, მუხლი ითვალისწინებს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით კონკრეტული სამართალურთიერთობებისათვის წარმოების შეწყვეტის სხვა საფუძვლების გათვალისწინების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის ,,ა”-,,ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევების გარდა, გათვალისწინებულია საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილ სხვა შემთხვევაშიც.

საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98.წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVII თავის პირველი პუნქტის მიხედვით, XVI თავის (გარდა პირველი პუნქტისა) მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე წარმოქმნილ ფინანსურ ვალდებულებებზე. საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ დ. ფ-ავას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულება დადებულია 15.03.05წ., საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20.04.06წ. ¹915 ბრძანებით მოპასუხე დ. ფ-ავა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2006 წლის 01 აპრილიდან.

“სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVI თავის მეორე პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება, თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.10.07წ., ¹3633 ბრძანებით დ. ფ-ავა 2007 წლის 8 ოქტომბრიდან დაბრუნდა და მსახურობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის ეროვნული ს/ც ,,...”-ს საშტაბო ასეულის სასროლეთის მომსახურების ოცეულის ოპერატორად. “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულება ჯარიმას იმ ფინანსურ ვალდებულებებში ითვალისწინებს, რომლის გადახდის ვალდებულებისაგანაც თავისუფლდება პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში. აღნიშნული დებულების XVI თავის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება ამ დებულების XVII თავის მეორე პუნქტის, ამ თავის მე-2 პუნქტის “ა.ბ” და “დ” ქვეპუნქტების, აგრეთვე ფინანსური პასუხისმგებლობის შემცირების მიზნებისათვის _ ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხის საკომპენასაციო თანხების გადახდის ვალდებულება. ამდენად, სახეზეა სსკ-ის 272-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ განეკუთვნება 272-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ საფუძვლებს, რომლებიც წარმოების შეწყვეტის პირობას ქმნიან სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის უფლების არარსებობის გამო, მხარეთა განკარგვითი მოქმედებების გამო. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმე შეწყვეტილია არასწორი საფუძვლით, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის (დავის საგნის არარსებობა) საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც დავის საგანი (სარჩელის ობიექტი), აღარ არსებობს, განადგურდა ნივთი, რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი – ჯარიმის თანხის გადახდის ვალდებულება შეწყვეტილია ნორმატიული აქტით, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ნორმატიული საფუძვლის წარმოქმნა არ ნიშნავს დავის საგნის არარსებობას და განეკუთვნება წარმოების შეწყვეტის იმ საფუძველს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სსკ-ის 272-ე მუხლის “ა”-”ვ” ქვეპუნქტებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით კანონმდებოლობის მოთხოვნის შესაბამისად საქმის წარმოება შეწყვეტილია სათანადო საფუძვლით, შესაბამისად კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.09წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.09წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.