Facebook Twitter

ბს-1545-1506(კს-10) 6 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სს “... ინსტიტუტი”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი

მესამე პირი _ შპს “...”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 14 აგვისტოს სს “... ინსტიტუტმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის ზიანის სახით 700 000 ლარის ანაზღაურებისა და კარდიოლოგიის ინსტიტუტის კუთვნილი უძრავი ქონების სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სს “... ინსტიტუტის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “... ინსტიტუტმა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. სააპელაციო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით სს “... ინსტიტუტს” უარი ეთქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე.

2010 წლის 20 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა სს “... ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, რომელმაც სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარამდე შემცირება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით სს “... ინსტიტუტის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სს “... ინსტიტუტის” წარმომადგენლის განცხადება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე დაუშვებელი იყო, ვინაიდან იგი წარმოდგენილი იყო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “... ინსტიტუტმა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2010 წლის 8 ივლისს, ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადა იწურებოდა 2010 წლის 19 ივლისს. შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით სასამართლოში გაგზავნილ იქნა ფოსტის საშუალებით 2010 წლის 19 ივლისს, რაც დასტურდებოდა “შეტყობინების ბარათით”. შუამდგომლობა სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა 20 ივლისს, რაც სასამართლომ მიიჩნია ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაშვებად.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილიდან გამომდინარე, საერთოდ არ გაიზიარა როგორც სააპელაციო საჩივარში, ასევე შუამდგომლობაში მითითებული შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყოლოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და არ უმსჯელია წარდგენილ მტკიცებულებებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს “... ინსტიტუტის” კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით სს “... ინსტიტუტის” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებით სს სს “... ინსტიტუტის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას ჩაბარდა 2010 წლის 8 ივლისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინების ასლი სს “... ინსტიტუტის” წარმომადგენელს ჩაბარდა 8 ივლისს (ს.ფ. 310), ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 9 ივლისს. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ბოლო დღე 2010 წლის 18 ივლისი უქმე დღეს (კვირას) დაემთხვა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორს უფლება ჰქონდა საპროცესო მოქმედება შეესრულებინა 2010 წლის 19 ივლისს, შუამდგომლობა თავად წარედგინა სასამართლოში, ან ოცდაოთხ საათამდე გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით.

საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს 09.09.94წ. ¹01/151 ბრძანებით დამტკიცებული “საფოსტო წესების” 43-ე პუნქტის თანახმად, კალენდარული შტემპელი განკუთვნილია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე, ქვითრებზე, საბუთებზე ადგილის, თარიღისა და ჩაბარების საათის აღნიშვნისათვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე დაცული არ არის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპროცესო ვადის ბოლო დღეს, 2010 წლის 19 ივლისს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირებასთან დაკავშირებით სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობით, რაც ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დაცვად მიაჩნია. კერძო საჩივარს თან ერთვის შპს “სწრაფი გზავნილის” შეტყობინების ბარათი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ, რომელიც შევსებულია არასრულად, კერძოდ, ბარათი შეიცავს მხოლოდ გზავნილის ჩაბარების თარიღს და მასში არ არის მითითებული გზავნილის მიმღები პირის (ადრესატის) ვინაობა, თანამდებობა, ხელმოწერა, პირადი ნომერი და სხვა რეკვიზიტები, რაც უტყუარად დაადასტურებდა გზავნილის ადრესატისათვის, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოსათვის ჩაბარებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება წარმოადგენს არასრულად შევსებულ დოკუმენტს, რომელსაც სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მტკიცებულების ძალა არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ხოლო იურიდიული პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სრულად განთავისუფლებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიულ პირებთან მიმართებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “... ინსტიტუტმა” გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “... ინსტიტუტის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “... ინსტიტუტის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.