ბს-1546-1507 (კს-10) 16 თებერვალი, 2011 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.10 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
21.07.10 წ. შპს «..» სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც გორის საგადასახადო ინსპექციის 22.03.10 წ. ¹3156 ბრძანების, 25.03.10 წ. საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 04.06.10 წ. ¹604 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 05.07.10 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 31.08.10 წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 22.03.10 წ. ¹3156 ბრძანება, 25.03.10 წ. ¹2/760 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 04.06.10 წ. ¹604 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 05.07.10 წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა; გორის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელთაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარს უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.10 წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ამავე თარიღის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.10 წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გზავნილების ჩაბარების შესახებ შპს «...»- შეტყობინების ბარათის მიხედვით ¹21-09/14771 გზავნილი გორის სააპელაციო სასამართლოს 31.08.10 წ. გადაწყვეტილებაზე გაიგზავნა 17.09.10 წ. ე.ი. შემოსავლების სამსახურისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მეთოთხმეტე დღეს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მის მიერ დაცულია სსსკ-ის 369-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან მათ მიერ სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ჩაბარდა ფოსტას გასაჩივრებისათვის დადგენილ თოთხმეტდღიან ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 31.08.10 წ. გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი შემოსავლების სამსახურს ფოსტის მეშვეობით 03.09.10 წ. ჩაბარდა (ს.ფ. 142). ასევე დადასტურებულია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი 17.09.10 წ. ¹21-09/14771 მიმართვით გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიას 20.09.10 წ. ჩაბარდა (ს.ფ. 158-170). კერძო საჩივარზე თანდართული სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.09.10 წ. რეესტრით (სია ¹969) დგინდება, რომ გორის რაიონულ სასამართლოში იგზავნებოდა 21-09/14771 წერილი, რომელიც ამავე დოკუმენტზე დასმული შტამპის მიხედვით შპს «...»-ს 17.09.10 წ. ჩაბარდა (ს.ფ. 186).
სსსკ-ის 369ე მუხლით განსაზღვრულია, სააპელაციო საჩივრის შეტანის თოთხმეტდღიანი ვადა. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ _ შემოსავლების სამსახურისათვის გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, სსიპ _ შემოსავლების სამსახურისათვის გორის რაიონული სასამართლოს 31.08.10 წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან მეორე დღეს _ 04.08.10 წ. და გასაჩივრების ვადა 17.09.10 წ. ამოიწურა. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 17.09.10 წ. ¹21-09/14771 მიმართვით, ხოლო აღნიშნული ნომრით გზავნილი ფოსტას _ შპს «...»-ს გასაჩივრების ვადის უკანასკნელ დღეს 17.09.10 წ. ჩაბარდა. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტ _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის გაშვებული გორის რაიონული სასამართლოს 31.08.10 წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების თოთხმეტდღიანი ვადა, მან სააპელაციო საჩივარი ფოსტას კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.09.10 წ. რეესტრი (სია ¹969), რითაც დგინდება მხარის მიერ გასაჩივრების ვადის დაცვით სააპელაციო საჩივრის წარდგენის ფაქტი, ერთვის კერძო საჩივარს და აღნიშნულ გარემოებას სააპელაციო პალატა ვერ შეაფასებდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე და უნდა გადაწყვიტოს მისი წარმოებაში მიღების საკითხი კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.10 წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.10 წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.