Facebook Twitter

ბს-1552-1481 (კს-09) 25 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 10 მარტს გ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც ამავე კომისიის 2009 წლის 23 იანვრის ¹2 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ძეს წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად მიეცა 5 დღის ვადა განჩინების ჩაბარებიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დადგენილ ვადაში მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 5 დღის ვადა მის გამოსაწორებლად. აღნიშნული განჩინება 2009 წლის 7 ნოემბერს ჩაბარდა მისთვის უცნობი პიროვნებისაგან, ხოლო იმავე წელს 10 ნოემბერს კურიერული სამსახურის ბათუმის ფილიალის კურიერმა _ ო. ვ-ძემ ჩააბარა ამავე სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნულ განჩინებაში მითითებულია, რომ გ. ბ-ძეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე _ ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. .... საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი 2009 წლის 21 ოქტომბერს ჩაბარდა გ. ბ-ძის ძმას _ რ. ბ-ძეს.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იგი ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარზე და აღნიშნულ მისამართზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააგზავნა განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ. კურიერული სამსახურის ბათუმის ფილიალის კურიერმა _ ო. ვ-ძემ აღნიშნული განჩინება შეცდომით ჩააბარა ხელვაჩაურის რაიონში ცხოვრებ გ. ბ-ძის ძმას რ. ბ-ძეს, რაც დაფიქსირებულია საფოსტო გზავნილზე. იგი ცხოვრობს სოფ. ..., არ ჰყავს ძმა, ამასთან, განსხვავებულია მათი მამის სახელებიც. გზავნილის შეცდომით ჩაბარების ფაქტს ადასტურებენ როგორც გზავნილის მიმღები პირი _ გ. შ. ძე ბ-ძე, ისე კურიერული სამსახურის ბათუმის ფილიალის კურიერი _ ო. ვ-ძე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ბ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ მხარეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. .... გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებიდან (შპს “...”) ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა ადრესატის ძმას. ჩაბარება დადასტურებულია მიმღები პირის ხელმოწერით (ს.ფ. 108). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა არსებული ხარვეზი (ს.ფ. 109-112).

კერძო საჩივარზე თანდართული შპს “...” კურიერული სამსახურის კურიერის _ ო. ვ-ძის განმარტებით დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი გ. ბ-ძის სახელზე წაიღო მასში მითითებულ მისამართზე. სოფ. ... საკრებულოში გზავნილის ადრესატის მოძიების შემდეგ კურიერმა გზავნილი მიიტანა მათ მიერ მითითებულ მისამართზე და ჩააბარა გ. შ. ძე ბ-ძის ძმას სოფ. .... როგორც შემდგომში გაარკვია, აღნიშნული გზავნილის ადრესატი იყო სოფ. ... მცხოვრები გ. რ. ძე ბ-ძე. აღნიშნული გამოიწვია იმან, რომ ... შედის სოფ. ... საკრებულოში (ს.ფ. 119-121). კერძო საჩივარს ასევე ერთვის ხელვაჩაურს რაიონის სოფ. ... მცხოვრებ გ. შ. ძე ბ-ძის განმარტება, რომლითაც დგინდება, რომ ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. .... მასთან ერთად ცხოვრობს მისი ძმა _ რ. შ. ძე ბ-ძე. 2009 წლის 21 ოქტომბერს, სახლში დაბრუნებულს ძმამ გადასცა კონვერტი, რომელიც გაგზავნილი იყო მის სახელზე, მაგრამ კონვერტის გახსნის შენმდეგ აღმოჩნდა, რომ იგი მას არ ეკუთვნოდა და შეცდომით იყო დატოვებული. მეორე დღეს აღნიშნული კონვერტი დატოვა გამგეობაში გასარკვევად, რადგან მათ თემში არის რამდენიმე გ. ბ-ძე, ხოლო გზავნილზე მამის სახელი მითითებული არ იყო და გაურკვეველი იყო ვის სახელზე იყო გაგზავნილი (ს.ფ. 122).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო უწყების (გზავნილის) ჩაბარების შესაძლებლობას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში. ორივე შემთხვევაში სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილის, ამ შემთხვევაში განჩინების, უშუალოდ საქმეში მონაწილე პირისათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებისას.

შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დენის დაწყებისათვის გადამწყვეტია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარება. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შემტან პირს წარმოადგენდა გ. ბ-ძე, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფ. .... კერძო საჩივარზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ... მცხოვრებ გ. ბ-ძეს. ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოსათვის გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ცნობილი არ იყო, ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება იმისა, კანონით დადგენილი წესით უშუალოდ აპელანტ გ. ბ-ძეს ჩაბარდა პირადად თუ არა ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, ასეთ შემთხვევაში, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგენილ იქნება მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს გ. ბ-ძისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარების ფაქტი, მისცეს მას შეფასება და მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ბ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.