ბს-1561-1522(კს-10) 20 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ფ-იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.10წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ფ-იამ 10.05.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამასახურის 25.01.10წ. ¹00001454 დადგენილების და ქ. თბილისის მერიის 26.03.10წ. ¹1082 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.10წ. გადაწყვეტილებით მ. ფ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს – მ. ფ-იას წარმომადგენელს ი. ჟ-იანს განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დედნის სახით) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების დოკუმენტის სასამართლოსათვის წარსადგენად განესაზღვრა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
მ. ფ-იას წარმომადგენელმა ი. ჟ-იანმა 23.07.10წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მ. ფ-იას რეგისტრაციის მოწმობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორის მ. ფ-იას წარმომადგენელს ი. ჟ-იანს ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს განჩინებით დადგენილი ვადა გაუგრძელდა დამატებით – 5 (ხუთი) დღით, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან და დაევალა სასამართლოსათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მ. ფ-იას ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. აღნიშნული განჩინება მ. ფ-იას წარმომადგენელს ი. ჟ-იანს 08.09.10წ. ჩაბარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.10წ. განჩინებით მ. ფ-იას წარმომადგენლის ი. ჟ-იანის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.10წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.09.10წ. ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი, სააპელაციო საჩივრის ავტორს 08.09.10წ. ჩაბარდა. შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 13.09.10წ. ამოიწურა, რომელიც არ იყო არც დასვენების და არც უქმე დღე, თუმცა სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გაშვებული იყო ხარვეზის შევსებისათვის დანიშნული ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-იამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი უმძიმესი მატერიალური მდგომარეობა, არ გაითვალისწინა, რომ ირიცხებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იყო ინვალიდი, მარტოხელა დედა და ბაჟის გადაუხდელობის გამო განუხილველად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი. მ. ფ-იას მოსაზრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ 21.07.10წ. მან სააპელაციო საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, მაგრამ მისი დაბნეულობის და სამართლებრივ საკითხებში გაურკვევლობის გამო, ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცვლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არის ინვალიდი და 21.07.10წ. გადაიხადა 150 ლარი _ სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ფ-იას მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის გამო მინიჭებული ჰქონდა II ჯგუფის ინვალიდის სტატუსი და შესაძლებლობის შეზღუდვის ვადა დადგენილი ჰქონდა 2008 წლის 1 ივნისიდან 2009 წლის 1 ივნისამდე (ს.ფ. 154), ხოლო 01.06.09წ. შემდეგ შესაძლებლობის შეზღუდვის და ინვალიდობის ვადის გაგრძელების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. მ. ფ-იას სახელზე 09.07.07წ. გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით დგინდება, რომ მ. Fფ-იას ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენთიფიკაციო კოდით ¹010318705280 და ოჯახის სარეიტინგო ქულა 09.07.07წ. მდგომარეობით შეადგენს 94710-ს (ს.ფ. 313). საკასაციო პალატის აზრით აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეების გათავისუფლებას, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილებით დამტკიცებული «სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწობის ოდენობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის» მე-7 მუხლის შესაბამისად საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), ხოლო მ. F-იას ოჯახის სარეიტინგო ქულა 37709-ით (ოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ცხრით) აღემატება საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულის ოდენობას.
21.07.10წ. ¹9 საგადასახადო დავალებით დასტურდება, რომ მ. ფ-იამ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, მაგრამ იგი არ წარუდგენია სასამართლოსთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დედნის) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების დოკუმენტის წარდგენა სასამართლოში. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მ. ფ-იას არ წარმოუდგენია ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორების ვადის დარღვევის მოტივით მ. ფ-იას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც მ. ფ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.10წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.10წ. განჩინება;
3. მ. ფ-იას დაუბრუნდეს 21.07.10წ. ¹9 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი ....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.