Facebook Twitter
ბს-156-149 (კს-10) 15 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 8 მაისს შპს “…მა” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 30 აპრილის ¹05-04/4240 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
2007 წლის 15 ივნისს მოსარჩელემ _ შპს “…მა” წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 31 იანვრის ¹ა/ფ 123 საგადასახადო მოთხოვნის, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 მარტის ¹07-05/3886 წერილის, როგორც ადმინისტაციული აქტის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 26 მარტის ¹2757 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2007 წლის 30 აპრილის ¹05-04/4240 ბრძანების, თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 16 მარტის ¹ს/142 ბრძანებისა და თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 მაისის ¹ს/142-ფ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე მოითხოვა, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა შპს “…ის” პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დღგ-ს ზედმეტობის, თანხით _ 21923,45 ლარის აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “…ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “…ის” წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ შპს “კ...ის” მიერ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად.
2009 წლის 16 დეკემბერს შპს “...ის” წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა კიდევ 7 დღით, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 6850 ლარის გადახდისათვის. მასვე განემარტა, რომ თუ ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნებოდა შევსებული სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
2009 წლის 31 დეკემბერს შპს “...ის” წარმომადგენელმა _ დ. გ-იამ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება გადაწყვეტილების გამოტანამდე, იმ მოტივით რომ კომპანია არ საქმიანობს 2006 წლიდან. საწარმოს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის _ 7000 ლარის გადახდას ვერ შეძლებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინებით, შპს “...ის” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ არ იქნა წარდგენილი უტყუარი და სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით დადგენილ ვადაში, რის გამოც შპს “...ის” სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...ის” წარმომადგენელმა _ დ. გ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გასაჩივრებული განჩინება, რომ არ უმსჯელია ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე აპელანტის მიერ 2009 წლის 31 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე და ვადის ამოწურვის შემდეგ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შპს “...ს” უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა შპს-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თავად განსახილველი საქმის მასალებში მოიპოვება და დავის არსიდან დასტურდება საწარმოს მიერ საქმიანობის შეწყვეტისა და შემოსავლების მიუღებლობის ფაქტი. სასამართლოს არ სჭირდებოდა არანაირი დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, მას თავად შეეძლო გამოეკვლია აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციულ საქმეში არსებული მასალებიდან. შპს “...ზე” მოპასუხეთა მხრიდან დიდი ოდენობით დავალიანების დარიცხვამ საწარმოს გაჩერება გამოიწვია. ამასთან, საგადასახადო მოთხოვნიდან გამომდინარე საწარმოს ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია, მათზე წარდგენილია საინკასო დავალებები, რაც გამორიცხავს, როგორც კომერციული საქმიანობის შესაძლებლობას, ასევე შპს-ს მიერ თანხების შეხედულებისამებრ განკარგვას მათი არსებობის შემთხვევაში.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე საფუძვლიანი იყო, არ საჭიროებდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას და სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა იგი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით, შპს “...ს” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...ის” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მის მიერ 2009 წლის 31 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე, ისე მიიღო გასაჩივრებული განჩინება. საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მასში ასახულია ის გარემოება, რომ აპელანტმა 2009 წლის 31 დეკემბერს წარადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადებისა და საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან წარდგენილი არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მასალებისა და დავის არსი ქმნიდა შესაძლებლობას, რომ სასამართლოს თავად გამოეკვლია, გააჩნდა თუ არა შემოსავლები საწარმოს, საკასაციო პალატა საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული დავა, რომელიც აღძრულია საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობისა და პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დღგ-ს ზედმეტობის აღდგენის მოთხოვნით, წარმოადგენს ქონებრივ დავას, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, საგადასახადო მოთხოვნის და, მეორე მხრივ, მიღებული ჩათვლის გაუქმების კანონშეუსაბამობის დადგენა, რასაც სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში შედეგად უნდა მოჰყვეს დარიცხული თანხების გადახდისაგან განთავისუფლება და გაუქმებული დღგ-ს ზედმეტობის საწარმოს პირად ბარათზე აღდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავით გათვალისწინებულია პროცესის ხარჯები, მათ შორის, თუ რა სახის დავებზე უნდა იქნეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და რა ოდენობით. მასში ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში მხარის განთავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ან მისი გადავადების შესაძლებლობა. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო სასამართლო მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მხარის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის ნორმა.
ამდენად, საგადასახადო დავის აღძვრისას მხარეს გააჩნია ინტერესი სასამართლოში საქმისწარმოების გზით ბათილად იქნეს ცნობილი მის მიერ უკანონოდ მიჩნეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მაგრამ აღნიშნული უპირობოდ არ ქმნის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ შპს “...ის” მიერ 2009 წლის 31 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილის 2009 წლის 30 დეკემბრის წერილი და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/81 ბრძანება. აღნიშნული ბრძანებით დგინდება, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განყოფილების ინსპექტორებს დაევალათ განახორციელონ შპს “...ს” ქონების დაყადაღება (მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივების აღწერა). განცხადებას ასევე ერთვის 2009 წლის 26 იანვრის ¹16-17/04-830 წერილი, რომლითაც შპს “...ს” ნება დაერთო 2007 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/81 ბრძანების შესაბამისად დაყადაღებული კუთვნილი საქონლის რეალიზაციაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამონაგები თანხა მთლინად იქნებოდა მიმართული შპს “...ის” დაყადაღებულ ანგარიშებზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და 2009 წლის 31 დეკემბრის განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს “...ს” გარდა 2009 წლის 26 იანვრის ¹16-17/04-830 წერილში მოხსენიებული საქონლისა, რომლის რეალიზების უფლებაც მიენიჭა საგადასახადო ორგანოს მიერ, ასევე დაყადაღებულ ანგარიშზე, რომელზეც უნდა შეეტანა ამონაგები თანხა, გააჩნდა თუ არა სხვა რაიმე სახის ქონება ან საბანკო ანგარიში. ამასთან, მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები რაც სრულად ასახავდა საწარმოს ქონებრივ მდგომარეობას. ამდენად, შპს “...მა” ვერ უზრუნველყო სააპელაციო სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისუუნარობის დამადასტურებული სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კერძო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც, კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელების დროისათვის სააპელაციო სასამართლოს მისცემდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს ართმევს კერძო საჩივრის მოტივის გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის უპირობო გადავადების შესაძლებლობას, იგი ადგენს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების პირობებში ამგვარი შეზღუდვის დაწესებაზე უარის თქმას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.