ბს-1562-1491 (კს-09) 11 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 3 ნოემბერს შპს “...” სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 22 სექტემბრის ¹2233 ბრძანების, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 17 ივლისის ¹საორგ-33 “საგადასახადო მოთხოვნისა” და აუდიტის დეპარტამენტის 2008 წლის 11 ივლისის ¹საორგ-33 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “...” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. შპს “...” სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ვინაიდან შპს “...” მთელ ქონებას საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აქვს დადებული ყადაღა და მოკლებული იყო შესაძლებლობას განეკარგა საწარმოს კუთვნილი თანხები. აღნიშნული გარემოებები დასტურდებოდა სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შპს “...” წარმომადგენელს _ პ. ს-იას უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მასვე დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს “...” წარმომადგენელმა და განმარტა, რომ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდნენ, რომ შპს “...” საბანკო ანგარიშებსა და მთელ ქონებას ჰქონდა დადებული ყადაღა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ კომპანიას არ გააჩნდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. ამასთან, მოცემული მომენტისათვის საწარმოს შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა ქონების დაყადაღების გამო, ხოლო მისი ხელმძღვანელობა საქართველოში არ იმყოფებოდა. განმცხადებელი ითხოვდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ასევე მიუთითებდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით შპს “...” წარმომადგენლის _ პ. ს-იას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა კიდევ 5 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
2009 წლის 9 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს “...” წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ საწარმოს ბაჟის გადახდის შესაძლებლობა იმ დროისათვის არ გააჩნდა. ასევე განმცხადებელმა წარადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები, რომელ დავებზეც ქონების დაყადაღების გამო მოდავე მხარეს სასამართლოს მიერ გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს “...” წარმომადგენლის _ პ. ს-იას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული იმ გარემოებების შესახებ თუ რატომ არ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ფორმალურ ნიშანზე (ბაჟის გადაუხდელობაზე) მითითებით და არ უმსჯელია აპელანტის მოთხოვნაზე. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია რა საფუძვლით არ ჩათვალა ბაჟის გადახდის თაობაზე აპელანტის განცხადების დაკმაყოფილება მიზანშეწონილად, რის გამოც განჩინება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნებს.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებებზე თანდართული იყო უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს, კერძოდ, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ საბანკო ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღის არსებობას. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სხვა სასამართლო დავებში სასამართლოების მიერ სხვა კომპანიებს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “...” მიმართ დისკრიმინაციულია და წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას მხოლოდ იმ მოტივით, რომ აპელანტს აღარ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. სასამართლოს ხელთ ჰქონდა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ საწარმოს საბანკო ანგარიშები და მთელი მისი ქონება იყო დაყადაღებული და არ არსებობდა შესაძლებლობა, რომ იურიდიულ პირს განეკარგა თავისი აქტივები, მათ შორის ფულადი სახსრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, შპს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ ამჟამად შპს “...” იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ვინაიდან მის ქონებასა და საბანკო ანგარიშებს საგადასახადო ინსპექციის მიერ დადებული აქვს ყადაღა, რაც დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტებით. ამასთან, შპს “...” მთელი ქონების დაყადაღების გამო საწარმო მოკლებულია თავისი ქონებისა და ანგარიშების განკარგვის შესაძლებლობას, რის გამოც იგი ვერ იხდის სახელმწიფო ბაჟს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს “...” სააპელაციო საჩივარში სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით დაყენებულ იქნა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ შპს “...” მთელ ქონებაზე საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღის გამო საწარმო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეკარგა კუთვნილი თანხები. აღნიშნული კი დასტურდებოდა სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით. 2009 წლის 29 ოქტომბერს ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹16-17-04/11219 წერილი, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/283 ბრძანება, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/282 ბრძანება და თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ¹ქ/247 ბრძანება. აღნიშნული მტკიცებულებების განხილვის შემდეგ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს არ ჰქონდა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საწარმო იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და არ შეეძლო სასამართლო ხარჯების გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს “...” გაგრძელებოდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა. შემდგომში ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს “...” საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი სხვა დოკუმენტაცია არ წარუდგენია, მან მხოლოდ წარდგენილი მტკიცებულებებით მიუთითა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ფაქტზე სხვა სასამართლო დავებზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹16-17-04/11219 წერილით, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/283 ბრძანებით, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/282 ბრძანებით და თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ¹ქ/247 ბრძანებით, რომლებზეც შპს “...” აფუძნებს კერძო საჩივრის მოთხოვნას, დგინდება, რომ თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ¹ქ/247 ბრძანებით ამავე ცენტრის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესასრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განყოფილების უფროს ინსპექტორს და ინსპექტორს დაევალათ განახორციელონ შპს “...” ქონების დაყადაღება (ტ. III, ს.ფ. 338). შემდგომში თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/283 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ¹ქ/247 ბრძანებაში “ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” და დაყადაღების საფუძვლად, ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლისა, მიეთითა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი. შპს “...” ქონება ჩაითვალა დაყადაღებულად ამ უკანასკნელი ნორმის შესაბამისად (ტ. III, ს.ფ. 336). თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/282 ბრძანებით გაუქმებულ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 27 ივლისის ¹ი/7970 ბრძანება “საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ” და გამოთხოვილ იქნა სს “...” მარჯანიშვილის ფილიალში შპს “...” ანგარიშებზე დადებული საინკასო დავალებები. დაევალა გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განყოფილების უფროს ინსპექტორს და ინსპექტორს წარადგინონ ყადაღა 1523253 ლარის ფარგლებში სს “...” მარჯანიშვილის ფილიალში შპს “...” (ს/ნ ...) ¹75145162700713, 360200711, 75145062700714, 361200747 ანგარიშებზე (ტ.III, ს.ფ. 337). ამდენად, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/282 და ¹ქ/283 ბრძანებებით ამ ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განყოფილების თანამშრომლებს მხოლოდ დაევალათ ქონებასა და სს “...” მარჯანიშვილის ფილიალში არსებულ შპს “...” რიგ ანგარიშებზე ყადაღის დადება. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ დასახელებული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა, ვინაიდან აპელანტს და შემდგომში არც კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი სათანადო დოკუმენტაცია. მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ასევე უტყუარად ვერ დასტურდება მოიცავდა თუ არა შპს “...” მთელ ქონებას საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღის ღონისძიება, რაზეც აპელირებს მხარე როგორც სააპელაციო, ასევე კერძო საჩივრებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹16-17-04/11219 წერილით, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/283 ბრძანებით, თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 3 სექტემბრის ¹ქ/282 ბრძანებითა და თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ¹ქ/247 ბრძანებით სათანადოდ არ დასტურდება, რომ ნამდვილად იქნა თუ არა დაყადაღებული საწარმოს ქონება, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი კერძო საჩივრის ავტორს არ დაუდასტურებია აღნიშნულ ბრძანებებში მითითებული საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონება, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხა წარმოადგენდა თუ არა საწარმოს მთელ ქონებას. ამასთან, შპს “...” არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები იმისა, რომ კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელების მომენტისათვის გააჩნდა თუ არა შემოსავლის რაიმე წყარო შპს “...” და მისთვის საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო სასამართლო მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მხარის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის ნორმა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სხვა სასამართლო დავებში სხვადასხვა საწარმოებს სასამართლოს მიერ გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის საბოლოო განხილვამდე და რის დამადასტურებელ მტკიცებულებადაც მხარეს წარმოდგენილი აქვს უზენაესი სასამართლოს განჩინებები, საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული განჩინებები მართალია, ადასტურებს, რომ სხვადასხვა დავაზე კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის საბოლოო განხილვამდე, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ამ დავაში მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად და მათ ვერ მიენიჭებათ პრეცედენტული ხასიათი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ შემთხვევაში, მხარის შუამდგომლობა საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, უნდა დადასტურებულიყო ამავე საწარმოს საფინანსო და ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი სათანადო დოკუმენტაციით, რაც ვერც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორებისა და ვერც კერძო საჩივრის განხილვის დროს შპს “...” მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...” სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებსაც შეიძლებოდა დაფუძნებოდა მისთვის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ართმევს ზემოაღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ხოლო საკასაციო სასამართლოს _ მისი გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება სრულად შეიცავს აღნიშნული ნორმით დადგენილი გადაწყვეტილების (განჩინების) შინაარსს, მასში ასახულია სამართლებრივი შეფასება, იმასთან დაკავშირებით, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების გამომრიცხავ გარემოებას. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველს, აღნიშნული მითითებულია ხარვეზის შესახებ სასამართლო განჩინებაში, ხოლო მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაუსაბუთებლობა და მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობა გახდა კიდეც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის უპირობო გადავადების შესაძლებლობას, იგი ადგენს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების პირობებში ამგვარი შეზღუდვის დაწესებაზე უარის თქმას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.