Facebook Twitter

ბს-1564-1493(კს-09) 11 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ მ. მ-შვილი, ვ. ჯ-ანია, ე. გ-ვა, ი. მ-ოვა და ი. ნ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები _ ვ. ფ-ძე, ც. ბ-ოვა, ლ. თ-ძე და ნ. ტ-ძე

მესამე პირი _ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო)

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 13 მარტს ვ. ფ-ძემ, ც. ბ-ოვამ, ლ. თ-ძემ და ნ. ტ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მ. ნ-შვილის, ვ. ჯ-იას, ე. გ-ვას, მ. ჭ-ელის, მ. მ-შვილისა და ი. მ-ოვა-ზ-ზადეს მიმართ. მოსარჩელეებმა სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ ქ. თბილისში, ... ქ. ¹21-ში მდებარე ორი საცხოვრებელი სახლის ლიტერ “ა”-სა და ლიტერ “ბ”-ს საერთო სარგებლობაში არსებული, ამ სახლების მიმდებარე მთლიანი ტერიტორიის იდეალური და რეალური წილების დადგენა და რეალური წილის გამოყოფა მოითხოვეს.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხეებმა _ ე. გ-ვამ, მ. მ-შვილმა, ვ. ჯ-იამ, ი. ნ-შვილმა, მ. ჭ-ელმა და ი. მ-ოვამ წარადგინეს შეგებებული სარჩელი, მოპასუხეების _ ვ. ფ-ძის, ც. ბ-ოვას, ლ. თ-ძისა და ნ. ტ-ძის, ასევე ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2000 წლის 17 მაისის ¹1/15/3/22/11 აქტის ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვეს.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ძის, ც. ბ-ოვას, ლ. თ-ძისა და ნ. ტ-ძის სარჩელი ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹21-ში ლიტერ “ა”-სა და ლიტერ “ბ”-ს საცხოვრებელი სახლების საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობიდან ლიტერ “ა”-ს საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ფართობის რეალური წილის გამოყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ვ. ჯ-იას, ე. გ-ვას, მ. ჭ-ელის, მ. მ-შვილისა და ი. მ-ოვა-ზ-ზადეს შეგებებული სარჩელი ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2000 წლის 17 მაისის ¹1/15/3/22/11 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის აქტის ბათილად ცნობისა და 861 კვმ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; დადგენილ იქნა ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹21-ში მდებარე ორი საცხოვრებელი სახლის ლიტერ “ა”-სა და ლიტერ “ბ”-ს საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის იდეალური წილები, ლიტერ “ბ”-ს საცხოვრებელი სახლის იდეალური წილი _ მიწის ფართზე 338,88 მ2, ხოლო ლიტერ “ა”-ს საცხოვრებელი სახლის იდეალური წილი _ მიწის ფართზე 225,92 კვმ. ; ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹21-ში მდებარე ორი სახლის ლიტერ “ა”-სა და ლიტერ “ბ”-ს შორის არსებული თავისუფალი ეზოს მიწის ფართობი _ 564,8 კვმ. დარჩა მხარეთა საერთო საკუთრებაში.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ფ-ძემ, ც. ბ-ოვამ, ლ. თ-ძემ და ნ. ტ-ძემ, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე ე. გ-ვამ, მ. მ-შვილმა, ვ. ჯ-იამ, ი. ნ-შვილმა, მ. ჭ-ელმა და ი. მ-ოვამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ძის, ლ. თ-ძისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ე. გ-ვას, მ. მ-შვილისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ფ-ძის, ლ. თ-ძისა და სხვათა სარჩელი რეალური წილის გამოყოფის ნაწილში დაკმაყოფილდა; გამოყოფილ იქნა ქ. თბილისი, ... ქ. ¹21-ში ლიტერ “ა”-სა და ლიტერ “ბ”-ს საცხოვრებელი სახლების საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ფართიდან ლიტერ “ა”-ს საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ფართი რეალური წილის სახით 230,3 მ2 ექსპერტიზის დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად; ე. გ-ვას, მ. მ-შვილისა და სხვათა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ-ვამ, მ. მ-შვილმა, ვ. ჯ-იამ, ი. ნ-შვილმა, მ. ჭ-ელმა და ი. მ-ოვამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ე. გ-ვას, ვ. ჯ-იას, ი. ნ-შვილის, მ. მ-შვილის, ი. მ-ოვასა და მ. ჭ-ელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

2009 წლის 3 აგვისტოს ე. გ-ვამ, ვ. ჯ-იამ, ი. ნ-შვილმა, მ. მ-შვილმა, ხ. ჭ-ელმა, ი. მ-ოვამ და ლ. ფ-იანმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ხ. ჭ-ელისა და ლ. ფ-იანის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დარჩა განუხილველად; მ. მ-შვილის, ვ. ჯ-იას, ე. გ-ვას, ი. მ-ოვას, ი. ნ-შვილის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ ხ. ჭ-ელისა და ლ. ფ-იანის განცხადება განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რადგან არსებულ დავაში ისინი მხარეებს არ წარმოადგენდნენ და სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მათი განცხადება განეხილა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო გადაწყვეტილების განმარტებისთვის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სავალდებულო პირობა – სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება და შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან იგი დამატებით განმარტებას არ საჭიროებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. მ-შვილმა, ვ. ჯ-იამ, ე. გ-ვამ, ი. მ-ოვამ და ი. ნ-შვილმა, რომლებმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა ფართობი მიწის ნაკვეთი მიეკუთვნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹21-ში მდებარე ლიტერ “ბ”-ს საცხოვრებელ სახლს. გადაწყვეტილებაში საუბარია მხოლოდ ლიტერ “ა”-თვის მიწის ფართობის მიკუთვნებაზე, რამაც საბოლოოდ წარმოშვა გაუგებრობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ვ. ჯ-იას, ე. გ-ვას, ი. მ-ოვას, მ. მ-შვილისა და ი. ნ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. მ-შვილის, ვ. ჯ-იას, ე. გ-ვას, ი. მ-ოვასა და ი. ნ-შვილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, რადგან მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს და ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურავს სასამართლოს ყველა იმ პირობის არსებობისას, რაც მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას ქ. თბილისში, ... ქ. ¹21-ში მდებარე ლიტერ “ბ”-ს საცხოვრებელი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ფართობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ არა გადაწყვეტილების განმარტებას, არამედ დამატებითი პირობების დადგენას, რაც, ფაქტობრივად, საქმის არსებით განხილვაში შესვლას ნიშნავს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად ვ. ფ-ძის, ლ. თ-ძისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ე. გ-ვას, მ. მ-შვილისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ფ-ძის, ლ. თ-ძისა და სხვათა სარჩელი რეალური წილის გამოყოფის ნაწილში დაკმაყოფილდა; გამოყოფილ იქნა ქ. თბილისი, ... ქ. ¹21-ში ლიტერ “ა”-სა და ლიტერ “ბ”-ს საცხოვრებელი სახლების საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ფართიდან ლიტერ “ა”-ს საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ფართი რეალური წილის სახით 230,3 მ2 ექსპერტიზის დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად; ე. გ-ვას, მ. მ-შვილისა და სხვათა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არ არის ბუნდოვანი, იგი კონკრეტულად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმცხადებელთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ფართიდან რეალური წილის სახით ლიტერ ,,ა” საცხოვრებელი სახლისათვის 230,3 მ2 მიკუთვნების თაობაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მ. მ-შვილის, ვ. ჯ-იას, ე. გ-ვას, ი. მ-ოვასა და ი. ნ-შვილის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-შვილის, ვ. ჯ-იას, ე. გ-ვას, ი. მ-ოვასა და ი. ნ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-შვილის, ვ. ჯ-იას, ე. გ-ვას, ი. მ-ოვასა და ი. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.