ბს-1571-1500(კს-09) 25 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სს ,,...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიურო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 23 აპრილს სს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ საწარმოს მიმართ 2009 წლის 28 იანვარს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹017476, ხოლო შემდეგ 2009 წლის 10 მარტს გამოტანილ იქნა დადგენილება ¹17162 ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, კერძოდ, სააქციო საზოგადოება ,,...” დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლის საფუძველზე, ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 8820 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ ხსენებული ოქმი და დაგენილება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მას არ დაურღვევია დასუფთავების წესები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2009 წლის 28 იანვარს შედგენილი ¹017476 ოქმისა და მის საფუძველზე გამოტანილი 2009 წლის 10 მარტის ¹17162 დადგენილების ბათილად ცნობა და ზიანის სახით 8820 ლარის დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაუდგინა ხარვეზი, კერძოდ, სს ,,...” არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენდა დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს. მოსარჩელეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო უარი ეთქვა სს ,,...” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე და საქმე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაჰბარდა 2009 წლის 23 სექტემბერს. ხარვეზი აპელანტის მიერ უნდა გამოსწორებულიყო 2009 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი და აღნიშნა, რომ თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი, სასამართლო ავალებდა საჩივრის შემტან პირს შეევსო ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავდა ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღებოდა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი უნდა შეევსო 2009 წლის 3 ოქტომბრამდე, რაც მის მიერ არ იქნა განხორციელებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაგზავნა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინება აპელანტს მართლაც ჩაჰბარდა 2009 წლის 23 სექტემბერს, მაგრამ მას ხარვეზი გამოსწორებული ჰქონდა ჯერ კიდევ განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს, კერძოდ, 2009 წლის 24 სექტემბერს მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 395.28 ლარის ოდენობით. სს ,,...” განმარტებით, განცხადება არ იქნა წარმოდგენილი შესაბამის ქვითართან ერთად, რაც იყო ელემენტარული შეცდომა მათი მხრიდან. აღნიშნული ქვითარი სს ,,...” წარმოადგინა კერძო საჩივართან ერთად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 Aთებერვლის განჩინებით სააქციო საზოგადოების ,,...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს ,,...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 30 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ სს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და სააქციო საზოგადოება ,,...” ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა _ 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ აპელანტს ათი დღის ვადაში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იქიდან გამომდინარე, რომ სს ,,...” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 23 სექტემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 24 სექტემბრიდან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაუწესდა საპროცესო ვადა _ 10 დღე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს აღნიშნული განჩინებით დაწესებული ხარვეზი უნდა შეევსო 2009 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ სს ,,...” საერთოდ არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით, საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინება 2009 წლის 3 ოქტომბერს ჩაჰბარდა სს ,,...”. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაში აღნიშნა, რომ სს ,,...” არ გამოუსწორებია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებაში მითითებული ხარვეზი, რის გამოც განუხილველად დატოვა სს ,,...” სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ მან 2009 წლის 24 სექტემბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოში, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სს ,,...” განემარტა, რომ მას დადგენილ ვადაში უნდა წარმოედგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რაც მან არ განახორციელა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარემ არ შეავსო ხარვეზი მითითებულ ვადაში, ეს არის საფუძველი იმისა, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დაეტოვებინა განუხილველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააქციო საზოგადოება ,,...” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.