ბს-1572-1501 (კს-09) 8 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სს “...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ჩხოროწუს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღაირების კომისია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 20 მაისს სს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ ჩხოროწუს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე მოითხოვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დავალებოდა ჩხოროწყუში, ...ის ქ. ¹10-ში მდებარე სს “...” კუთვნილი ორსართულიანი შენობის ქვეშ განთავსებული 365,8 კვ.მ. მიწის სს “...” საკუთრებად აღიარება.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სს “...” სააპელაციო საჩივარი ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინება სს “...” გარდა 2009 წლის 24 სექტემბერს. სს “...” სააპელაციო საჩივარი შპს “...” სენაკის ფილიალში შეიტანა 2009 წლის 8 ოქტომბერს, რაც დასტურდება შპს “...” ფ¹4, ქვითარი ¹000001, ფ¹1, ქვითარი ¹00005, ფ¹2 ქვითარი ¹000020. სამივე ქვითარს უკანა მხარეს დასმული აქვს კალენდარული შტემპელი თარიღით _ 2009 წლის 8 ოქტომბერი. აღნიშნული ასევე დასტურდება შპს “...” სენაკის ფილიალის უფროსის მიერ გაცემული 19.11.09 წლით დათარიღებული ¹86 ცნობით.
სს “...” უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში ფოსტის მეშვეობით სააპელაციო საჩივრის გაგზავნის თარიღად 2009 წლის 9 ოქტომბრის მითითებას, რაც გახდა სს “...” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მის მიერ მითითებული არგუმენტებით და თანდართული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სს “...” ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა არ დაურღვევია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ სს “...” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სს “...” დირექტორს გაეგზავნა მისამართზე _ ქ. სენაკი, ...ის ქ. ¹16. აღნიშნული გზავნილი ჩაიბარა სს-ს დირექტორის _ ხ. ლ-იას მამამ 2009 წლის 29 სექტემბერს (ტ. II, ს.ფ. 88). სს “...” სააპელაციო საჩივარი ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ფოსტის მეშვეობით. საქმეში დაცულ საფოსტო კონვერტზე, შეკვეთილი წერილი ¹139, დასმულია საქართველოს ფოსტის სენაკის ფილიალის შტემპელი, რომლის ანაბეჭდზე დაფიქსირებულია თარიღი _ 2009 წლის 9 ოქტომბერი (ტ. II, ს.ფ. 126). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სს “...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მის მიერ გაშვებული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა. სააპელაციო პალატამ სს “...” მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების თარიღად მიიჩნია საფოსტო კონვერტზე არსებული საქართველოს ფოსტის სენაკის ფილიალის შტემპელში დაფისქსირებული თარიღი (ს.ფ. 130-134).
კერძო საჩივარზე თანდართულია საქართველოს ფოსტის სენაკის ფილიალის უფროსის 2009 წლი 19 ნოემბრი ¹86 ცნობა, საიდანაც დგინდება, რომ შეკვეთილი წერილი ¹139, რომელიც გაიგზავნა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში, სენაკის ფოსტიდან გაგზავნილ იქნა 2009 წლის 8 ოქტომბერს. ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია “...” ფორმა ¹1 ქვითარი შესაბამისად ¹000005, საიდანაც დგინდება, რომ გზავნილი ¹139 ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს სახელზე სენაკის ფოსტის ფილიალიდან გაიგზავნა 2009 წლის 8 ოქტომბერს.
საკასაციო პალატა, ერთი მხრივ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სს “...” მიერ სააპელაციო საჩივრის 2009 წლის 9 ოქტომბერს ფოსტაში ჩაბარებით გაშვებულია ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, მაგრამ, მეორე მხრივ, მიუთითებს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ, კერძო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმად, სს “...” მიერ ფოსტის მეშვეობით გზავნილი ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს სახელზე გაიგზავნა 2009 წლის 8 ოქტომბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ სს “...” ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2009 წლის 24 სექტემბერს. აღნიშნული ასევე დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შეტყობინებით (ტ. II, ს.ფ. 88). კერძო საჩივრის ავტორი არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2009 წლის 8 ოქტომბერს. სს “...” წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თვლის, რომ მის მიერ დაცულია გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი წარმოდგენილი მტიცებულებების გათვალისწინებით ნაწილობრივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი საპროცესო ვადა იქნა გაშვებული. სს “...” კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები ადასტურებს მის მიერ 2009 წლის 8 ოქტომბერს ფოსტის მეშვეობით ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს სახელზე გზავნილის გაგზავნის ფაქტს. ამდენად, მათი შეფასება უნდა მოხდეს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა განხილვისას, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს მართლაც საპროცესო ვადის დაცვით იქნა თუ არა წარდგენილი სს “...” მიერ სააპელაციო საჩივარი და მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაწყდეს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “...” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.