ბს-1603-1562(კს-10) 23 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. გ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.10.05წ. განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-შვილმა 11.10.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირის გ. მ-შვილის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 18.02.04წ. ოქმის და ქ. თბილისში ... ქ. ¹11-ში მდებარე ¹5 ბინის გ. მ-შვილისათვის ნატურით გადაცემის შესახებ 19.02.04წ. ¹01/29-166 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 12.10.04წ. განჩინებით ა. გ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.04.05წ. გადაწყვეტილებით ა. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-შვილმა.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ა. გ-შვილმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, თ. დ-ძისა და მესამე პირების გ. მ-შვილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც თავდაპირველი სარჩელით აღძრულ მოთხოვნებთან ერთად აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ქ. თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე ¹5 რეალიზებული ბინის უკან გამოთხოვა და პირვანდელი მესაკუთრე ა. გ-შვილის სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა.
ა. გ-შვილმა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე 07.10.05წ. განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომლითაც თ. დ-ძის სახელზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹11, ბ. ¹5 რეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დადება და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.02.04წ. ¹01/29-166 სადავო განკარგულების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.10.05წ. განჩინებით უარი ეთქვა ა. გ-შვილს სარჩელის მიღებაზე, მოპასუხე თ. დ-ძის წინააღმდეგ, მესამე პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რეალიზებული ქონების უკან გამოთხოვისა და მისი მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, მოსარჩელეს განემარტა, რომ მან ზემოთ დასახელებული სარჩელით უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში არ არის მოცემული დავის საგნის გადიდება ან შეცვლა, განცხადებაში დასმულია სრულიად ახალი სასარჩელო მოთხოვნა ახალი მოპასუხე მხარის მიმართ. კერძოდ, თავდაპირველ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეს წარმოადგენს თბილისის სააღსრულებო ბიურო, მესამე პირი – გ. მ-შვილი, დავის საგანია სააღსრულებო ბიუროს განკარგულების და აუქციონის ოქმის ბათილად ცნობა, დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ სააღსრულებო ბიუროსთან ერთად დასახელებულია ფიზიკური პირი თ. დ-ძე, მესამე პირები – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური და ფიზიკური პირი გ. მ-შვილი, ახალ მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირის, თ. დ-ძის მიმართ აღძრული იქნა მოთხოვნა რეალიზებული ქონების უკან გამოთხოვის თაობაზე, ასევე სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სასამართლოში აღძრულია ახალი სასარჩელო მოთხოვნა იმ მოპასუხის მიმართ, რომელიც არ მონაწილეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ფაქტიურად წარმოდგენილია ახალი სასარჩელო განცხადება, რომლის წარდგენაც სააპელაციო სასამართლოში დაუშველებლია და ის წარდგენილი უნდა იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით დაუშვებელია ა. გ-შვილის თავდაპირველ სარჩელში და დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში აღძრული მოთხოვნების ერთ სარჩელში გაერთიანება, ვინაიდან დასახელებული მუხლის მიხედვით მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა, ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, ხოლო დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა თ. დ-ძის მიმართ ქონების უკან გამოთხოვის თაობაზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯად დავას და ის განხილული უნდა იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.10.05წ. განჩინებით ა. გ-შვილის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის წარმომადგენლის შუამდგომლობა თ. დ-ძის სახელზე რეგისტრირებული ბინის (მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. ¹11, ბ. ¹5) დაყადაღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის წარმომადგენლის შუამდგომლობა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.02.05წ. ¹01/29-166 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს იმ სასამართლომ, რომლის წარმოებაშიც იმყოფება სარჩელი, ხოლო ვინაიდან სააპელაციო პალატამ 07.10.05წ. განჩინებით არ მიიღო წარმოებაში ა. გ-შვილის სარჩელი თ. დ-ძის წინააღმდეგ, ქონების უკან გამოთხოვის თაობაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის კუთვნილი სადავო ქონების დაყადაღებას, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს მის წარმოებაში არ არსებული სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო აპელანტის შუამდგომლობა აღმასრულებლის 19.02.04წ. განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან, საქმის მასალების თანახმად, რასაც არც აპელანტი უარყოფს, სადავო განკარგულება უკვე აღსრულებულია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ის აღსრულებულია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ 07.10.05წ. განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით არ წარმოუდგენია ახალი სასარჩელო მოთხოვნა, რადგან აღნიშნული სარჩელით იგი მოითხოვდა სააღსრულებო ბიუროს ადმინისტრაციული აქტის გაუქმების შემთხვევაში მისი თანმდევი შედეგის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო დადგენილებით ნატურით გადაცემული ქონების ძველი მესაკუთრის სახელზე დარეგისტრირებას. კერძო საჩივრის ავტორის აზრით ასევე უკანონოდ ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, განჩინება სამართლებრივად არ არის დასაბუთებული და სადავო აქტის ძალაში ყოფნით მხარეს მიადგება არსებითი ზიანი, რადგან იგი ვერ დაიბრუნებს ქონებას მესაკუთრე - თ. დ-ძის მიერ სადავო ბინის განკარგვის შემთხვევაში.
თბილისის სააპელაციო სასამარტლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.06წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.10.05წ. განჩინებები, 11.11.10წ. საქმე გაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.2 მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, ხოლო 381-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის შესაბამისად საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ა. გ-შვილის თავდაპირველ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეს წარმოადგენდა თბილისის სააღსრულებო ბიურო, საქმეში მესამე პირად ჩართული იყო გ. მ-შვილი, დავის საგანს შეადგენდა სააღსრულებო ბიუროს განკარგულების და აუქციონის ოქმის ბათილად ცნობა. ა. გ-შვილის მიერ სასარჩელო განცხადების დაზუსტების შედეგად მოპასუხედ სააღსრულებო ბიუროსთან ერთად დასახელდა ფიზიკური პირი თ. დ-ძე, ხოლო მესამე პირებად მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური და ფიზიკური პირი გ. მ-შვილი, დაზუსტებული სარჩელით ახალ მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირის _ თ. დ-ძის მიმართ აღძრული იქნა მოთხოვნა რეალიზებული ქონების უკან გამოთხოვის და მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. ასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, დავის საგანს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევა უნდა წარმოადგენდეს, სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (სამართალსუბიექტობის პრინციპი), თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს დავაში მონაწილეობა არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციულ საქმედ მიჩნევის აბსოლუტურ კრიტერიუმს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად სადავო სამართალურთიერთობის არსს და დავის საგანს. განსახილველ შემთხვევაში ა. გ-შვილის მიერ დაზუსტებული მოთხოვნა მიმართულია ფიზიკური პირის თ. დ-ძის მიმართ, თავისი არსით დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას და შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სსკ-ის 182.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატას არ გააჩნდა ა. გ-შვილის დაზუსტებული სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებისა და განხილვის პროცესუალური შესაძლებლობა, ვინაიდან სსკ-ის 182-ე მუხლი ითვალისწინებს ერთ სარჩელში სასამართლოს განსჯადი რამოდენიმე მოთხოვნის გაერთიანებას ერთიდაიმავე მოპასუხის მიმართ.
საკასაციო პალატა ეთანხმება ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს იმ სასამართლომ, რომლის წარმოებაშიც იმყოფება სარჩელი. რადგან სააპელაციო პალატამ 07.10.05წ. განჩინებით არ მიიღო წარმოებაში ა. გ-შვილის სარჩელი თ. დ-ძის წინააღმდეგ ქონების უკან გამოთხოვის თაობაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის კუთვნილი სადავო ქონების დაყადაღებას, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა მის წარმოებაში არ არსებული სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო აპელანტის შუამდგომლობა აღმასრულებლის 19.02.04წ. განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან, განკარგულება უკვე აღსრულებული იყო, კერძოდ, მის საფუძველზე სადავო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა მესამე პირი გ. მ-შვილი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ის აღსრულებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.06წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.06წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.