Facebook Twitter

ბს-1607-1535(კს-09) 25 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ზ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირები _ ქ. თბილისის მერია, რ. ყ-აია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 16 მარტს გ. ზ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისა და რ. ყ-აიას მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 თებერვლის ¹14906 და თბილისისი არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 23 თებერვლის ¹12/10833 წერილების, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 28 მაისის ¹ლეგ-1588 ბრძანების, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹882008191620 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის გაუქმებისა და ლეგალიზების შესახებ რ. ყ-აიას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ასევე მოსარჩელემ რ. ყ-აიას მიმართ უნებართვოდ მიტაცებული უძრავი ქონების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, მორალური, მატერიალური და საადვოკატო მომსახურებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის განჩინებით გ. ზ-ძის სარჩელი რ. ყ-აიას მიმართ უნებართვოდ მიტაცებული უძრავი ქონების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში განსჯადობის წესით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოხსნა სასარჩელო მოთხოვნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ 2009 წლის 23 თებერვლის წერილის ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით გ. ზ-ძის სარჩელზე, მოპასუხის _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ 2009 წლის 19 თებერვლის ¹14906 წერილის ბათილად ცნობის, ასევე თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2009 წლის 28 მაისის ¹ლეგ-1588 ბრძანებისა და ლეგალიზაციის შესახებ რ. ყ-აიას განცხადების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ზ-ძის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹882008191620 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ზ-ძემ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, აპელანტის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში და ასევე სააპელაციო საჩივარში არ იყო დაზუსტებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, აპელანტის მოთხოვნა და რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გ. ზ-ძეს დაავალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი; დეზუსტებინა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და წარედგინა სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, ასევე აპელანტს დაევალა სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2009 წლის 1 ოქტომბერს გ. ზ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გ. ზ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

2009 წლის 21 ოქტომბერს გ. ზ-ძის რწმუნებულმა _ ადვოკატმა ა. ბ-ულმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც განმარტა, რომ გ. ზ-ძე მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა რაიონში და კიდევ ერთხელ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გ. ზ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ზ-ძემ, რომელმაც განმარტა, რომ 2009 წლის 26 ოქტომბერს გ. ზ-ძის წარმომადგენლის _ ა. ბ-ულის მიერ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც განპირობებული იყო მისი ხანდაზმული მამის ავადმყოფობით. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისი ხანდაზმული მამა ცხოვრობს თიანეთის რაიონის სოფ. ..., რომელსაც მის გარდა მომვლელი არავინ ჰყავს. სააპელაციო საჩივრის განხილვა მის უშუალო ინტერესებში შედიოდა და მხარის განმარტებით, მისი მხრიდან არ ყოფილა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა. მხარის მიერ კერძო საჩივარზე დართული იქნა მამის _ ბ. ზ-ძის ავადმყოფობის ცნობა და განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ ბ. ზ-ძე ცხოვრობს რაიონში და მხარეს არ ქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ცნობა დროის მცირე მონაკვეთში მოეპოვებინა.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გ. ზ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და არსებითი განხილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გიორგი ზარიძის კერძო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გ. ზ-ძეს დაავალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი; დაეზუსტებინა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და წარედგინა სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, ასევე აპელანტს დაევალა სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გ. ზ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ აპელანტ მხარეს 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე, ხოლო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით. აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარის მიერ არ იქნა შევსებული სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნებთან.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველი _ საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ, იურიდიულად დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მხარის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობის დაყენებისას წარმოდგენილ ვერ იქნა ცნობა გ. ზ-ძის მამის _ ბ. ზ-ძის ავადმყოფობის თაობაზე,. შესაბამისად, შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ შეიცავდა დასაბუთებულ არგუმენტაციას, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა მხარისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გაგრძელებული ვადის კვლავ გაგრძელება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები. კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

აღნიშნული გარემოებიდან საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ზ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ზ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ოქტომბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.