ბს-1611-1570(კს-10) 2 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ სპს “...”; ნ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მესამე პირი _ ...
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 4 ნოემბერს ნ. გ-ძემ და სპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მათი მიწის ნაკვეთის განკარგვის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის ¹01-13/76 მიმართვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის ¹10/1 განკარგულების, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის ¹0122/3569 მიმართვისა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 19 ოქტომბერს განხორციელებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მათი მიწის ნაკვეთის განკარგვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება კომპანია „...”-ნი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სპს “...” და ნ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-ძემ და მ. ბ-ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10 დღე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა, რომლებმაც ხარვეზის ვადის 15 დღით გაგრძელება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს – ნ. გ-ძეს და მ. ბ-ძეს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ 10 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ძისა და მ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 59-ე და 61-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 63-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინების ასლი აპელანტებს 2010 წლის 28 სექტემბერს ჩაბარდათ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დაუდგინა 10 დღე, შესაბამისად, მხარე ვალდებული იყო ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება (ბაჟის გადახდის ქვითარი) სასამართლოში 2010 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით წარმოედგინა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 18 ოქტომბერს შესული განცხადებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით ირკვეოდა, რომ მ. ბ-ძემ სახელმწიფო ბაჟი 2010 წლის 8 ოქტომბერს გადაიხადა, ხოლო განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საფოსტო განყოფილებას 2010 წლის 9 ოქტომბერს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით ჩააბარა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით აპელანტებს განემარტათ, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დანიშნულ ათ დღიან ვადაში მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხათ 150 ლარი და ამავე ვადაში სასამართლოში უნდა წარედგინათ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტების მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს სპს „...“ და ნ. გ-ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტებმა განცხადება და სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი საფოსტო განყოფილებას 2010 წლის 9 ოქტომბერს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით წარუდგინეს.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ გააჩნიათ საფოსტო განყოფილების ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ განცხადება და ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი საფოსტო განყოფლებას არა 2010 წლის 9 ოქტომბერს, არამედ 2010 წლის 8 ოქტომბერს, ანუ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ჩაბარდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით სპს “...” და ნ. გ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სპს “...” და ნ. გ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 18 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ ნ. გ-ძისა და მ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და აპელანტებს ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 10 დღე, მათთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამასთანავე, აპელანტების განცხადების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა 10 დღით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინების ასლი მ. ბ-ძეს 2010 წლის 28 სექტემბერს (ს.ფ. 242-243) ჩაბარდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე (ს.ფ. 237-239), შესაბამისად, მხარეს ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულების (ბაჟის გადახდის ქვითრის) წარმოდგენის უფლება 2010 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით ენიჭებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ,, ...” ქვითარი, რომელიც დათარიღებულია 2010 წლის 8 ოქტომბრით (ტომი I, ს.ფ. 255).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სპს “...” და ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ხელახლა უნდა შეამოწმოს, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სპს “...” და ნ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სპს “...” და ნ. გ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.