ბს-1615-1543(კს-09) 17 თებერვალი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. Aა-ელი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 26 ივლისს ა. ა-ელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ გამოსყიდული აქციების ღირებულების 71070 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, 1996 წლიდან ამ თანხების გადაუხდელობის გამო საურავის სახით ყოველთვიურად გადაუხდელი თანხის 1% და მატერიალური და მორალური ზიანის სახით 10000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ა. Aა-ელის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 71070 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება, ხოლო 71070 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო საურავის – გადაუხდელი თანხის ყოველთვიური 1%-ის მოპასუხისათვის დაკისრებაზე და მორალური და მატერიალური ზიანის 10000 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ა. Aა-ელმა.
აპელანტი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მეორე აპელანტი – ა. Aა-ელი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ა. Aა-ელის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი რამდენი მხარეც იყო საქმეში.
2009 წლის 26 ოქტომბერს ა. Aა-ელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ა. ა-ელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ა. ა-ელის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული ხარვეზი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-ელმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე, მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. Aა-ელის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული ა. ა-ელის სააპელაციო საჩივარი და მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და სააპელაციო საჩივრის ასლების წარმოსადგენად მიეცა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, მისივე შუამდგოლობის საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.
საქმეში არსებული მტკიცებულებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება ა. Aა-ელს ჩაჰბარდა 2009 წლის 6 ნოემბერს (ს.ფ. ტ. IV, ს.ფ. 13), მაგრამ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი უნდა გამოესწორებინა და წარედგინა სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 16 ნოემბრის 24 საათამდე, რაც მას არ განუხორციელებია.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლს და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი აწესებს იმ შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც შეიძლება მხარე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო შეზღუდულია გარკვეული ფარგლებით და აღნიშნული დამოკიდებული არ არის მხოლოდ სასამართლოს მიხედულებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი მართალია სასამართლოს აძლევს მხარის სახელმწიფო ბაჟისაგან ნაწილობრივ ან მთლიანად გათავისუფლების შესაძლებლობას, მაგრამ აღნიშნული მუხლი ასეთი მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას სასამართლოს აძლევს მხოლოდ ფიზიკური პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, კი საქმეში არ მოიპოვება ის დოკუმენტაცია, რაც დაადსტურებდა ა. Aა-ელის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი. მითითებული მუხლის დებულებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, რაც არ იძლევა გასაჩივრებული გაბჩინებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. Aა-ელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.