Facebook Twitter

ბს-1616-1544(კს-09) 30 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ მ. გ-ევი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ხ-ევა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ფ. ო-ოვა

დავის საგანი _ განჩინების განმარტებაზე უარის თქმის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 10 სექტემბერს მ. გ-ევმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სსსკ-ის 262-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინების განმარტება შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მითითებით, ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში აღძრული ჰქონდა სარჩელი ნ. ხ-ევას მიმართ კუთვნილი 0,13 ჰა მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული სარჩელი გაერთიანდა ნ. ხ-ევას სარჩელთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების _ ფ. ო-ოვას, მ. გ-ევისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, სარეგისტრაციო სამსახურის 2002 წლის 24 აპრილის ჩანაწერის გაუქმების შესახებ. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ევას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, მ. გ-ევის სარჩელი ნ. ხ-ევას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ევამ. განმცხადებლის მითითებით, ნ. ხ-ევას სააპელაციო საჩივარი ეხებოდა მხოლოდ მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო მ. გ-ევის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რის გამოც უკანონო მფლობელობიდან ნაკვეთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2006 წელს, მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, მ. გ-ევს უარი ეთქვა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება მთლიანად და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ცალკე წარმოებად გაიყო მითითებული სარჩელები და უკანონო მფლობელობიდან ნაკვეთის გამოთხოვის ნაწილში მ. გ-ევის სარჩელი დაექვემდებარა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.III).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ევის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 262.1 მუხლით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზე. შესაბამისად, შესაძლებელია განიმარტოს მხოლოდ საქმეზე მიღებული საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად გადაწყდა. გადაწყვეტილების განმარტება უნდა ატარებდეს კონკრეტულ მიზანს – ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ამასთან, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება შეიძლება განიმარტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შინაარსი ბუნდოვანია.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განჩინებით საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. ამდენად, საქმის განხილვა არ დასრულებულა, შესაბამისად, არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რის გამოც საფუძველს მოკლებულია არარსებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით რაიმე საკითხის გადაწყვეტაზე მსჯელობა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. გ-ევის განმარტება იმის თაობაზე, რომ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება მ. გ-ევის ნაწილში არ გასაჩივრებულა, რის გამოც უკანონო მფლობელობიდან 0,13 ჰა ნაკვეთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის აპრილში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულოი იყო მთლიანად (იხ. ს.ფ. 17-20; ტ.III).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ევმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სადავო მიწის ნაკვეთი შეიძინა 2002 წლის 24 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მიწის ნაკვეთზე დავა დასრულდა უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 8 ივნისის განჩინებით, რომლითაც ძალაში დარჩა მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, მ. გ-ევი წარმოადგენდა რა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოთხოვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.

ნ. ხ-ევას სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებშიც, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის განჩინებით.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააღსრულებო ფურცელი უნდა გაიცეს ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტზე, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული (იხ. ს.ფ. 31-33; ტ.III).

კერძო საჩივრის ავტორმა 2010 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის, ნ. წ-ძის აცილება, სსსკ-ის 29-ე მუხლისა და 31-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე /იხ.ს.ფ. /

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. გ-ევის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. /

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. გ-ევის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება და მ. გ-ევის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსსკ-ის 393.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის დარღვევით. განჩინების სამოტივაციო ნაწილი წინააღმდეგობრივია, ხოლო, სსსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილის შინაარსის განმარტება არასწორია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზე, შესაბამისად, შეიძლება განიმარტოს მხოლოდ საქმეზე მიღებული საბოლოო სახის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად გადაწყდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა განცხადების უსაფუძვლობაზე, აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რის გამოც შეუძლებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია არარსებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით რაიმე საკითხის გადაწყვეტაზე მსჯელობა, ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის განმარტება და დადგენილად მიიჩნია, რომ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრდა მთლიანად /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, თუ სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილება შეიძლება განიმარტოს, ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ განცხადების დასაშვებობაზე. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასევე იმსჯელა და არ გაიზიარა განცხადების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სსსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილთან დაკავშირებით და განმარტავს:

სსსკ-ის 243-ე მუხლის I ნაწილის თანახმად - სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით.

სსსკ-ის 284-ე მუხლის I ნაწილის თანახმად – სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.

სსსკ-ის მე-10 მუხლი ადგენს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებათა (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქმის მასალების მიხედვით ცხადია, რომ განმცხადებელი მ. გ-ევი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 20 მაისის განჩინების განმარტებას.

აღნიშნული განჩინებით, ნ. ხ-ევას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ.4-8. ტ.3/

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის სწორი გაგება საჭიროებს თავად სასამართლო აქტის სტრუქტურისა და მისი შინაარსის გადმოცემის სამართლებრივი კულტურის სტანდარტის სწორ გაანალიზებას. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს. იგი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული, აგრეთვე, უნდა პასუხობდეს უფრო კონკრეტულ მოთხოვნებსაც, სასამართლო აქტი უნდა იყოს სრული, ამომწურავი. მისი შინაარსი ისე მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გამოირიცხოს სასამართლო დასკვნებისა და დადგენილების ორაზროვნება, ბუნდოვანება. დაუშვებელია დადგენილებითი ნაწილის ალტერნატიულობა (მაგ: “გადაეცეს ნივთი ან გადახდილ იქნეს მისი ღირებულება”), სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის დადგენა ემსახურება სასამართლო აქტის, როგორც აღსასრულებელი ოფიციალური დოკუმენტის, სიცხადეს, რათა აღმოიფხვრას მისი შინაარსის ბუნდოვანება.

სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა დგება მაშინ, როცა გადაწყვეტილების შინააარსის გაურკვევლობა, ბუნდოვანება შეიძლება მისი აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს.

სსსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს:

1. მხარის ან აღმასრულებლის განცხადება;

2. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული;

3. გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული;

4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულებისა და აღსრულების ვადის გასვლის ფაქტის არსებობა გამორიცხავს განცხადების დაშვებას განსახილველად.

განცხადების დასაშვებობის სხვა წინაპირობა კანონით დადგენილი არ არის. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით განსაზღვრული ნეგატიური დათქმის პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სრულად მოქმედებს სსსკ-ის I მუხლის იმპერატიული დანაწესი, კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით საქმის განხილვის ვალდებულების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებამოსილება – სამართლის ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე გულისხმობს სასამართლოს მოვალეობას კანონის ტექსტის ლოგიკური, პროგრესული და დინამიკური განმარტების თაობაზე.

ვინაიდან კანონმდებელს არ მოუხდენია დიფერენცირება იმისა, რომ სასამართლოს მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება აქვს, შესაბამისად, მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს, ხოლო სასამართლოს – კომპეტენცია, იმსჯელოს _ არსებობს თუ არა განჩინების, რომლითაც დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, განმარტების წინაპირობა. რაც, ბუნებრივია, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებით მიუკერძოებლობის, კანონიერებისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით.

კანონმდებელი სრულიად ლოგიკურად უკავშირებს გადაწყვეტილების განმარტებას მისი აღსრულების სტადიას და მის მიზნად სწორედ აღსრულების ხელშეწყობას მიიჩნევს, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტების ფარგლები გულისხმობს, რომ განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს აღსრულებული გადაწყვეტილების სახეცვლილება, რაც ეწინააღმდეგება ერთ საქმეზე მრავალჯერადი მართლმსაჯულების განხორციელების დაუშვებლობის პრინციპს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. გ-ევის განცხადება ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც ობიექტურად უნდა გამოარკვიოს და შეაფასოს, არის თუ არა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განჩინების განმარტების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1. , 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ევის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება და მ. გ-ევის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.