Facebook Twitter

ბს-1623-1551 (კს-09) 22 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – თ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ ზ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოპასუხეები _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მ. ქ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 27 მაისს ზ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და მ. ქ-ძის მიმართ, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2003 წლის 22 აგვისტოს ¹72 გადაწყვეტილებისა და 2002 წლის 26 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დავალებოდა, გაეცა მის სახელზე საკუთრების მოწმობა ხელვაჩაურის რაიონში სს “..” ხელვაჩაურის ფილიალის უკანა მხარეს მდებარე დაახლოებით 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ საქმეს წარმოებაში მიღების შემდეგ მიენიჭა ¹3/146 რიგითი ნომერი.

2009 წლის 9 მარტს ზ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ თ. კ-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 14 ივლისის ¹73 გადაწყვეტილებისა და თ. კ-ძის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებით რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ საქმეს წარმოებაში მიღების შემდეგ მიენიჭა ¹3/17 რიგითი ნომერი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით ¹3/17 და ¹3/146 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 14 ივლისის 73 გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2003 წლის 22 აგვისტოს ¹72 გადაწყვეტილება და თ. კ-ძეზე 2000 წლის 14 ივლისის ¹73 გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი. ასევე ბათილად იქნა ცნობილი თ. კ-ძესა და მ. ქ-ძეს შორის 2002 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ზ. მ-ძის სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მერაბ ქავთარაძემ და თ. კ-ძემ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო მ. ქ-ძისა და თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ძესა და თ. კ-ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ვადა მის გამოსასწორებლად.

2009 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა თ. კ-ძის წარმომადგენელმა _ მ. ქ-ძემ და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა კიდევ 3 დღით.

2009 წლის 12 ნოემბერს მ. ქ-ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარუდგინა შუამდგომლობა, რომლითაც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვა კიდევ ორი კვირით, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორები სასამართლოს მიერ დადგენილ მცირე ვადებში ვერ ახერხებდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდას მათივე ეკონომიური მდგომარეობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ქ-ძის მიერ 2009 წლის 12 ნოემბერს წარდგენილი განცხადების მოთხოვნა ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელების თაობაზე, ემყარებოდა იმავე მიზეზს, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლომ მას ერთხელ უკვე გაუგრძელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა. ამასთან, მართალია, აპელანტი განცხადებაში მიუთითებდა სათანადო ეკონომიური მდგომარეობის უქონლობაზე, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც სააპელაციო სასამართლოსთვის წარუდგენია და არც საქმეში მოიპოვებოდა.

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით არ არსებობდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. კ-ძის წარმომადგენელმა _ მ. ქ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ აპელანტს არ ჰქონდა იმის შესაბამისი ეკონომიური მდგომარეობა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ მცირე ვადებში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მოითხოვდა გონივრული ვადის დაწესებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის მოკლე ვადებში გადახდის შეუძლებლობა. ყოველივე აღნიშნულის გამო კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და ითხოვს მის გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით თ. კ-ძის წარმომადგენლის _ მ. ქ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. კ-ძის წარმომადგენლის _ მ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 38-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მხარეს ევალება სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ასევე დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. აღნიშნული კოდექსი ასევე ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას თავად განსაზღვროს საპროცესო ვადა, თუ იგი კანონით არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს განუსაზღვრა 5 დღის ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად. სააპელაციო პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს განცხადების საფუძველზე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა კიდევ 3 დღით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება დასაშვებია მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით და ამა თუ იმ გარემოებების არსებობისას, რათა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ ან საერთოდ გადაუხდელობამ არ დააბრკოლოს მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და მას არ წაერთვას უფლების პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა. სააპელაციო საჩივრის ავტორი, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე წარდგენილ განცხადებებში მიუთითებდა ეკონომიურ მდგომარეობაზე. კერძო საჩივრის ავტორი ბაჟის გადაუხდელობის მიზეზად ასევე მიუთითებს სათანადო თანხის მოუძიებლობას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასება მიეცა იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა ვერ დასტურდებოდა რაიმე მტკიცებულებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ითხოვდა რა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელებას, მასვე გააჩნდა ვალდებულება უზრუნველეყო მის მიერ მითითებული გარემოების, სახელმწიფო ბაჟის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადახდის შეუძლებლობა დაესაბუთებინა სათანადოდ და დაედასტურებინა უტყუარი მტკიცებულებებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. მან 2009 წლის 2 ნოემბრის განცხადებით მხოლოდ ეკონომიური მდგომარეობის გამო მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მხარეს დღეისათვის მოძიებული აქვს სახსრები და მზად არის გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. კერძო საჩივრის განხილვით საკასაციო პალატა ადგენს თუ რამდენად სწორად იქნა დადგენილი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ და კონკრეტული შედეგი შეესაბამება თუ არა საპროცესო კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. კ-ძემ ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს წინაშე აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის ეკონომიკური მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დამატებითი საპროცესო ვადის განსაზღვრით მიეცა მხარისათვის შესაძლებლობა აღმოეფხვრა ხარვეზი. ასევე კერძო საჩივრის წარდგენით მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რა გარემოებას არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, რომელთა გათვალისწინებითაც მხარე მიიღებდა სასურველ შედეგს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის თ. კ-ძის ეკონომიური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც ასევე არ ერთვოდა მხარის შუამდგომლობას, რომელიც კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელების დროისათვის სააპელაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს ართმევს კერძო საჩივრის მოტივის გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ძის წარმომადგენლის _ მ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.