ბს-163-157(კს-10) 31 მარტი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს ,,...”
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 3 აპრილს სს ,,...” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და მესამე პირების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 27 დეკემბრის ¹4054 ბრძანების, ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ,,...” 2008 წლის 13 ოქტომბრის ¹41 საგადასახადო მოთხოვნის, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის 2008 წლის 9 ოქტომბრის ¹დ/324 ბრძანებისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 24 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სს ,,...” უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, იმ მოტივით, რომ არ იყო წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის (2839.59 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სააპელაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.
2009 წლის 11 დეკემბერს სს ,,...” განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სს ,,...” განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადა 10 დღით.
2009 წლის 30 დეკემბერს სს ,,...” დირექტორმა – თ. ა-ძემ განმეორებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და, კომპანიის უაღრესად მძიმე ფინანსურ-ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის კიდევ 15 დღით გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით სს ,,...” დირექტორის – თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,...” დირექტორმა – თ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იმ მოტივით, რომ სააქციო საზოგადოება აღარ ფუნქციონირებს, საგადასახადო ორგანოს მიერ დაყადაღებული აქვს მთელი ქონება, რაც კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...” დირექტორის – თ. ა-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული სს ,,...” სააპელაციო საჩივარი და მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით აპელანტს, მისივე შუამდგოლობის საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 დღით.
2009 წლის 30 დეკემბერს სს ,,...” განმეორებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და ითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის კიდევ 15 დღით გაგრძელება იმ მოტივით, რომ სააქციო საზოგადოება აღარ ფუნქციონირებს, საგადასახადო ორგანოს მიერ დაყადაღებული აქვს მთელი ქონება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით სს ,,...” შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციავით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და განმარტავს, მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული, მითითებული უნდა იყოს ის მიზეზები, რის გამოც საპროცესო მოქმედების შესრულება ვერ ხერხდება დანიშნულ ვადაში, ამასთან მიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი მიზეზები დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით, რათა სასამართლოს ჰქონდეს მათი შეფასების პროცესუალური შესაძლებლობა.
საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი ვადა და დამატებით განესაზღვრა 10-დღიანი ვადა.
რაც შეეხება განმეორებით ვადის გაგრძელებას, საკასაციო სასამართლო თვლის, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროცესუალური ვალდებულება სასამართლოს არ ეკისრება, მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის სააქციო საზოგადოების ქონებისა და ანგარიშების დაყადაღების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც არ იძლევა მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების უტყუარობის გადამოწმების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2010 წლის 31 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის ¹248 და 10 მარტის ¹283 განკარგულებები სს ,,...” საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომლიდანაც დასტურდება სს ,,...” მხრიდან საგადასახადო ორგანოს წინაშე დავალიანების არსებობის ფაქტის აღიარება და იმავდროულად სააქციო საზოგადოება კისრულობს მითითებული თანხის საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებებიდან 30 კალენდარულ დღეში გადახდის ვალდებულებას, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, მხარეს მისი ფინანსური მდგომარეობა აძლევდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი უნდა გამოესწორებინა და წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 2009 წლის 31 დეკემბრის 24 საათამდე, რაც მას არ განუხორციელებია და კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი. მითითებული მუხლის დებულებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, რაც არ იძლევა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.