Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1634-1562(კს-უს-09) 18 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინებით გ. გ-ძის განცხადება – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.09წ. განჩინების და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.09წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი. 30.11.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ძემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.12.09წ. განჩინებით გ. გ-ძეს ხარვეზის შესავსებად _ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოსადგენად მიეცა ვადა _ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გ. გ-ძეს 15.01.10წ. ჩაჰბარდა. გ. გ-ძემ ხარვეზის შევსების მიზნით 25.01.10წ. განცხადება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადახდის გადავადება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.10წ. განჩინებით გ. გ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.12.09წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. გ. გ-ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება გ. გ-ძეს 11.02.10წ. ჩაჰბარდა. გ. გ-ძემ 16.02.10წ. განცხადება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც ხარვეზის – სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელება მოითხოვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. გ. Gგ-ძემ არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მირ დადგენილ ვადაში და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე მტკიცებულება წამოადგინა, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი, რაც გ. გ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.