კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1642-1600 (კს-10) 27 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა ზ. თ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.09.06 წ. განჩინებით მოსარჩელე ზ. თ-ძის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის აღმოსავლეთ ქსელების სამმართველოს მიმართ, არ იქნა მიღებული წარმოებაში და დაუბრუნდა მოსარჩელეს. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. თ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.06 წ. განჩინებით ზ. თ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.09.06 წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
24.05.10 წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. თ-ძემ, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.06 წ. განჩინებაში შესწორების შეტანა მოითხოვა. განცხადებაში აღინიშნა, რომ განჩინებაში მითითებულია მისი მშობლის გვარი “ა-ძე”, “ა-ძე”-ს ნაცვლად და რომ მუშაობდა ქალაქ ვიბორგის ენერგოსაწარმოში 1982 წ. ელ-ქვესადგური 330 კვ “...”-ს ოსტატად, ქარხანაში ელექტროსაწარმოებში ოსტატად, ვიბორგის რაიონის სოფელ ... ქარხნის ენერგეტიკოსად და არა აგროსაწარმოში, როგორც განჩინებაშია მითითებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.10 წ. განჩინებით ზ. თ-ძის განხცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.06 წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებული გვარი ,,ა-ძე”-ს ნაცვლად მიეთითა ,,ა-ძე”, დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა. განმარტებული იქნა განჩინების გასაჩივრების ვადა და წესი. აღნიშნული განჩინება ზ. თ-ძემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.10 წ. განჩინებით ზ. თ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.10 წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ზ. თ-ძეს უარი ეთქვა მის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით განჩინებაში ცვლილების შეტანაზე და ამ ნაწილში განცხადება განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.10 წ. განჩინებით ზ. თ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.06 წ. განჩინების აღწერილობით ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინებაში მითითებული ,,...”-ს ნაცვლად მიეთითა ,,ელექტროსაწარმოები”.
08.11.10 წ. ზ. თ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თანდართული დოკუმენტების მიხედვით განცხადებაში მითითებული დარღვევის განხილვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.10 წ. განჩინებით ზ. თ-ძის 08.11.10 წ. განცხადება მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად, რაზედაც დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად. კერძოდ, ზ. თ-ძეს აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა სრულყოფილი კერძო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეცაა საქმეში. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. თ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით ხარვეზის არსებობისას საჩივრის შემტან პირს ავალებს შეავსოს იგი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საჩივარი არ დაიშვება.
ზ. თ-ძემ 17.12.10 წ. ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე თანდართული დოკუმენტებით ერთ ასლად. აღნიშნული განცხადებით არ არის დაკონკრეტებული თუ რომელ განჩინებას ასაჩივრებს, ასევე არ არის მითითებული განჩინების გაუქმების კანონისმიერ საფუძვლები. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა არ შეავსო სასამართლოს განჩინებაში მითითებული ხარვეზი. აღნიშნული გარემოება ზ. თ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. თ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.