Facebook Twitter

ბს-1644-1572(კს-09) 31 მარტი, 2010 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. მ-ძის კერძო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ძემ 06.11.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის თანხის დროულად გაუცემლობით გამოწვეული ზიანის 442 ლარის მის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 09.02.09წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.11.09წ. განჩინებით ნ. მ-ძეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებდან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს – არ წარმოადგენდა საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ან განჩინებაში მითითებულ ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული განჩინება ნ. მ-ძეს გაეგზავნა 04.11.09წ. და 05.11.09წ. ჩაბარდა მეზობელს ფ. ბ-ონს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 09.02.09წ. გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-ძე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა 03.11.09წ. განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი – სასამარლოში არ წარადგინა საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ წარდგენილი სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე და სააპელაციო საჩივრის წარდგენისას ფიქრობდა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა შემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას. არასწორია გასაჩივრებული განჩინების მითითება ხარვეზად მიჩნეული გარემოების აპელანტის მიერ შეუსრულებლობის შესახებ, რადგან ასეთი შეტყობინება მას არ მიუღია და როგორც შემდგომ გაირკვა ხარვეზის განჩინება ჩაბარებია მის თანასოფლელ ფ. ბ-ონს, რომელსაც მისთვის არ გადაუცია აღნიშნული შეტყობინება. ამდენად, ნ. მ-ძემ არაფერი იცოდა მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე და 74-ე მუხლების მოთხოვნები სასამართლო უწყების ჩაბარების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.11.09წ. განჩინებით ნ. მ-ძეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებდან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა რომ, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს – არ წარმოადგენდა საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ან განჩინებაში მითითებულ ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული განჩინება ნ. მ-ძეს გაეგზავნა 04.11.09წ. და 05.11.09წ. ჩაბარდა მეზობელს_ფ. ბ-ონს (ს.ფ. 63). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. კოდექსის 74-ე მუხლი განსაზღვრავს შეტყობინების ჩაბარების შესაძლებლობას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში შპს “...” გზავნილების ჩაბარების შესახებ ¹63 შეტყობინების ბარათზე ადრესატის ხელმოწერის გასწყვრივ მითითებულია მეზობლის _ ფ. ბ-ონის ხელმოწერა, რომელიც არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო შეტყობინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი და შესაბამისად მას არ ჰქონდა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადრესათისათვის შეტყობინების დაუყოვნებლივ ჩაბარების ვალდებულება, რის გამოც მისთვის ჩაბარება არ წარმოადგენს განჩინებით განსაზღვრული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს, შესაბამისად საფუძვლიანია კერძო საჩივრის ავტორის მითეთება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაუბარებლობის შესახებ.

უსაფუძვლოა აგრეთვე ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით ხარვეზზე დატოვება, ვინაიდან “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილებით დამტკიცებუილი “სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეიტინგის, შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” მე-7 მუხლის თანახმად საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი). სააპელაციო პალატამ მართალია დაადგინა ნ. მ-ძის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი, მაგრამ არ უმსჯელია საარსებო შემწეობის მიღებისათვის მისი ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულათა რაოდენობაზე. საქმეში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით დგინდებოდა, რომ ნ. მ-ძის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არის 40370, რაც ადასტურებდა მის მიერ საარსებო შემწეობის მიღების ფაქტს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ნ. მ-ძის მიერ კერძო საჩივარზე დართულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მიერ 30.11.09წ. გაცემულ ¹05-692 ცნობაზე, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ნ. მ-ძის ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 110504300029 კოდით, ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 44430 და ღებულობს საარსებო შემწეობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით, ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად, გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინება;

3. საქმე ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.