ბს-1658-1616(კს-10) 2 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი/მ “ს. მ-იანი”
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 11 მარტს ი/მ “ს. მ-იანმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 25 ნოემბრის ¹6050 ბრძანების, 2009 წლის 25 ნოემბრის ¹05-137 და 2009 წლის 25 ნოემბრის 3035-54 ,,საგადასახადო მოთხოვნების“, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 27 იანვრის ¹16-10/2136 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი/მ “ს. მ-იანს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ს. მ-იანმა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ი/მ “ს. მ-იანს” სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის გარჩინებით ი/მ “ს. მ-იანს” ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ი/მ “ს. მ-იანს” ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა კვლავ გაუგრძელდა 7 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ი/მ “ს. მ-იანს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რის გამოც არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინება 2010 წლის 15 სექტემბერს ჩაბარდა. ამდენად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2010 წლის 22 სექტემბერი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორს შეეძლო ხარვეზი შეევსო 2010 წლის 22 სექტემბერის ოცდაოთხ საათამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი/მ “ს. მ-იანმა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებების მითითებისამებრ მან გადაიხადა ჯერ 150 ლარი, შემდეგ კი 350 ლარი. დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება კერძო საჩივრის ავტორმა 2010 წლის 30 სექტემბრის განცხადებით ითხოვა, რომელსაც თან ერთვოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ს. მ-იანი არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და სამუშაო ადგილზე მისი ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე ნაკლებს შეადგენდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შუამდგომლობის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ი/მ “ს. მ-იანს” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი/მ “ს. მ-იანის” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით დაადგინა, რომ ი/მ “ს. მ-იანს” სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და ი/მ “ს. მ-იანს” ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 7 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამასთანავე, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისისა და 6 სექტემბრის განჩინებებით ი/მ “ს. მ-იანს” ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინების ასლი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ი/მ “ს. მ-იანს” 2010 წლის 10 სექტემბერს გაეგზავნა (ტ. II, ს.ფ. 17) და ჩაბარდა 2010 წლის 15 სექტემბერს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ. ახალქალაქი, ... ქ. ¹58 (ტ. II, ს.ფ. 18).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ი/მ “ს. მ-იანს” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინების ასლი 2010 წლის 15 სექტემბერს ჩაბარდა (ტ. II, ს.ფ. 18), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2010 წლის 16 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადა 2010 წლის 22 სექტემბერს (ოთხშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ი/მ “ს. მ-იანმა” სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მართალია, კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, მაგრამ იმისათვის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, მხარემ უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო იმსჯელებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ი/მ “ს. მ-იანმა” არ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველზე და არ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მისი შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ი/მ “ს. მ-იანისათვის” სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლის მიხედვითაც მხარეები დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში თავად წყვეტენ მტკიცებულებების წარდგენის საკითხს და თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს მათი მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს თავად უნდა განესაზღვრა ის მტკიცებულებები, რომლებიც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით სასამართლოს მიერ იმპერატიულად განისაზღვრა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ტ. II, ს.ფ. 15-16). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ 2010 წლის 20 სექტემბერს განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენის ფაქტი, აპელანტის მიერ ხარვეზის ვადაში შევსების საფუძვლად არ შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან, აღნიშნული განცხადებით, ი/მ ,,ს. მ-იანმა” ხარვეზის ნაწილობრივ შევსებულად ჩათვლა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება მოითხოვა (ტ. II, ს.ფ. 19), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი მას არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ “ს. მ-იანს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ “ს. მ-იანის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.